უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ დღეს ფეისბუკში თავის გვერდზე დაადასტურა, რომ მარიუპოლში მიმდინარეობს სამოქალაქო პირების გამოყვანა აფეთქების შედეგად დანგრეული თეატრის შენობიდან. შენობის სარდაფს უსახლკაროდ დარჩენილი ქალები და ბავშვები აფარებდნენ თავს. მისი თქმით, შენობამ გაუძლო რუსეთის არმიის მიერ ჩამოგდებულ ზემძლავრ ბომბს.
„ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ჩახერგილი სარდაფის გასასუფთავებლად. იქიდან ცოცხლები გამოდიან უფროსები და ბავშვები. ჯერჯერობით არ მოიპოვება ინფორმაცია თეატრის ნანგრევებში მოყოლილ დაღუპულთა ან დაჭრილთა შესახებ“, - დაწერა მან.
მანამდე ეს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის რადის რამდენიმე დეპუტატმა. ქალაქის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
მარიუპოლის დრამატულ თეატრს ბომბი 16 თებერვალს მოხვდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის შენობის აფეთქებაში დაადანაშაულა უკრაინული ბატალიონი „აზოვი“.
უკრაინული მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ პოლკ „აზოვს“ საბრძოლო ავიაცია არ გააჩნია.
ქალაქი მარიუპოლი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა.