Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლესნიკოვი: ბრუტუსი კრემლში შეუძლებელია, პუტინის წინააღმდეგ შეთქმულება არ გამოუვათ


ანდრეი კოლესნიკოვი, „ნოვაია გაზეტას“ ყოფილი მმართველი რედაქტორი
ანდრეი კოლესნიკოვი, „ნოვაია გაზეტას“ ყოფილი მმართველი რედაქტორი

„მოწმე გავხდით რუსული ელიტის სრული ზნეობრივი დეგრადაციისა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანდრეი კოლესნიკოვი, „ნოვაია გაზეტას“ ყოფილი მმართველი რედაქტორი. დღეს ის მოსკოვის კარნეგის ცენტრის „რუსეთის შიდა პოლიტიკის“ პროგრამის ხელმძღვანელია. კოლესნიკოვთან ინტერვიუში ერთხელაც არ გაისმის სიტყვა - ომი. ის ვაჟა თავბერიძეს პრაღაში, რუსეთის დედაქალაქიდან ესაუბრა.

რუს ხალხს არ სურს, საკუთარი თავი დამნაშავედ, ბოროტების ნაწილად აღიაროს. რუსებს არ სურთ, სინდისი ქენჯნიდეთ.

რადიო თავისუფლება: მეხსიერებაში ჩამრჩა თქვენი ერთი მეტაფორა, სადაც რუსეთი წყალქვეშა ნავს შეადარეთ, რუსები კი ამ ნავზე ჩარჩენილ ხალხს, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს. ის მაინც თუ ვიცით, რა გეზი აქვს, საით მიდის ეს წყალქვეშა ნავი?

ანდრეი კოლესნიკოვი: უნდა გამოვტყდე - არ ვიცით, საით მიუძღვება მესაჭე პუტინი ამ წყალქვეშა ნავს. არ ვიცით, რა ხდება მისი გონებისა და სულის სიღრმეებში. ვიცით, რომ ახლა უჩვეულოდ ემოციურია - ბნელი ემოციების ტყვეობაშია. რაციონალური პუტინი შეცვალა განრისხებულმა პუტინმა, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს - როგორ გაბედა უკრაინამ, დასავლეთმა, და ზოგადად, მთელმა სამყარომ, წინ აღდგომოდა?! რაციონალური პუტინის პროგნოზირება ხომ ძნელი საქმეა, აი, ემოციებზე აყოლილისა კი - სავსებით შეუძლებელი. ის ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ რა გეგმაა ეს? კრემლის მთელი ელიტა ცდილობს გამოიცნოს, რა არის პუტინის ამ ავანტიურის საბოლოო მიზანი, ამ „სპეციალური ოპერაციისა“ - მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი არიან ისინი, ვინც კითხვის დასმას ბედავს. აქა-იქ ვისმენთ სანქციებს ქვეშ მოყოლილი ოლიგარქების განცხადებებს, რომ ისინი მშვიდობას ემხრობიან. ეს სხვა არაფერია, თუ არა მორჩილების რიტუალის ოდნავ განსხვავებული ცერემონიით შესრულება - თუ, მაგალითად, შევადარებთ 700 რექტორის ღია წერილს პუტინისადმი, სადაც ისინი პრეზიდენტსა და მის სპეცოპერაციას მხარდაჭერას უცხადებენ. მოწმენი ვხდებით რუსული ელიტის სრული ზნეობრივი დეგრადაციისა - იქნება ეს პოლიტიკური, ბიზნეს- თუ კულტურული ელიტა. ნიშნულ 0-ს ვუახლოვდებით. ელიტა უბრალოდ ცდილობს, რაც შეიძლება ღიად გამოხატოს საკუთარი მორჩილება პუტინისადმი და სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მის ნებისმიერ ნაბიჯს.

რადიო თავისუფლება: ეს უბრალო მორჩილება ალბათ აღარაა და ე.წ. მონურ მენტალიტეტთან გვაქვს საქმე?

ანდრეი კოლესნიკოვი: დიახ, დიახ. ეს არის დაზაფრული ხალხი, რომელიც პარალიზებულია ერთი მხრივ შიშით, მეორე მხრივ კი, იმის გააზრებით, რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. პუტინის იმ ცნობილ ახლო წრეშიც კი, შესაძლოა, არიან ადამიანები, ვინც გულის სიღრმეში არ არის კმაყოფილი იმით, რაც ხდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პუტინს მაინც ყველაფერში უჭერს მხარს. და იმას, რას ფიქრობდნენ ისინი გულში, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, როდესაც პუტინთან ერთად დასკუპდებიან განსასჯელის სკამებზე ჰააგაში ან რაიმე მსგავს ტრიბუნალზე. ისინი ყველანი ამ წყალქვეშა ნავში არიან, ამ ტიტანიკის აჩრდილში, რომელიც ჩასაძირადაა განწირული.

არა მგონია, [საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ] ოდნავი გავლენა მაინც მოახდინოს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებით.

რადიო თავისუფლება: დასავლეთის ეკონომიკური სანქციები, რომელსაც თქვენ ბლოკადად მიიჩნევთ - უბიძგებს თუ არა ეს რუსებს, პუტინის რეჟიმი გადააფასონ?

ანდრეი კოლესნიკოვი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი პუტინზე შეიცვლის აზრს, იმის ნაცვლად, რომ დასავლეთი და ამერიკელები დაადანაშაულონ ამ ყველაფერში. შემიძლია გითხრათ, რომ უმძიმეს ეკონომიკურ პირობებშიც კი, რუსი ხალხი დასავლეთისკენ გაიშვერს თითს, როგორც მთავარი დამნაშავისკენ. იმიტომ, რომ არ სურს საკუთარი თავი დამნაშავედ, ბოროტების ნაწილად აღიაროს. რუსებს არ სურთ, სინდისი ქენჯნიდეთ. ისინი იტყვიან - ეს ყველაფერი დასავლეთის ბრალია, მათ ჩაგვაგდეს ასეთ დღეში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს პრეზიდენტს დიადი რუსეთის აღდგენა სურდა. ამიტომ, ჩვენი მხედართმთავრის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ამ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეში. ეს ერთგვარი სტოკჰოლმის სინდრომია, რომლითაც მთელი ერი ავადობს და რომელიც გამორიცხავს რეჟიმის მიმართ მიდგომის შეცვლას.

რადიო თავისუფლება: დასავლეთის სანქციები თავს დაატყდათ რუს ოლიგარქებსა და კრემლის ელიტასაც - უნდა ველოდოთ თუ არა, რომ გადარჩენის ინსტინქტი მაინც უბიძგებთ მათ, პუტინის წინააღმდეგ წასვლა გარისკონ? უნდა ველოდოთ თუ არა ბრუტუსს კრემლში, რაიმე შეთქმულებას?

ანდრეი კოლესნიკოვი: ეს შეუძლებლად მეჩვენება. არც კრემლის ელიტასა და არც ოლიგარქებს არ შეუძლიათ რაიმე სერიოზული შეთქმულების მოწყობა პუტინის წინააღმდეგ, და იცით, რატომ? იმიტომ რომ ერთმანეთს ოდნავაც კი არ ენდობიან, ასეთი ხალხი ერთად ვერ დადგება, როდესაც შიშობენ, რომ ნებისმიერმა მათგანმა, ნებისმიერ მომენტში, შესაძლოა, თავის გადარჩენის მიზნით დანარჩენები გათქვას. ამიტომ ურჩევნიათ, არაფერი იღონონ. რაც შეეხება უშუალოდ პუტინის ახლო წრეს, ისეთ ხალხს, როგორიცაა მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი (და ФСБ-ს ყოფილი დირექტორი) პატრუშევი, მათ რეალურად სწამთ იმის, რასაც პუტინი აკეთებს. ესენი არიან ძველმოდური იმპერიალისტები, სამყაროს ერთობ კონსერვატიული ხედვით, ასე რომ, პუტინში ხედავენ არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერს, არამედ იდეოლოგიურ წინამძღოლსაც.

საქართველო, რუსი პოლიტიკოსების თვალში, ისევ რჩება „ბოროტების ალიანსის“ ერთ-ერთ მთავარ წევრად.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, საქართველოზეც გკითხავთ - რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში საქართველო აღარ იყო, არადა, წლების განმავლობაში მოწინავე პოზიციები გვეკავა. რას მოასწავებს ეს?

ანდრეი კოლესნიკოვი: შეიძლება ეს უბრალოდ ბიუროკრატიული შეცდომაა, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო, რუსი პოლიტიკოსების თვალში, ისევ რჩება „ბოროტების ალიანსის“ ერთ-ერთ მთავარ წევრად და კომპონენტად. შეიძლება მთლად იმ დონეზე არა, როგორც უკრაინა, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, მაგრამ ის მაინც „ბოროტების ალიანსის“ მუდმივი წევრია. საქმე ისაა, რომ ახლა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოსთვის არ ცხელა. სხვა ქვეყნებთან შექმნილი პრობლემებით არიან დაკავებულნი და საქართველოსთვის ვერ იცლიან. მაგრამ როდესაც [და თუ] შეძლებენ ამ პრობლემების „მოგვარებას“, შემდეგ შეუძლიათ დაიწყონ ფიქრი, როგორ მოაგვარონ „საქართველოს პრობლემაც“.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ტყავიდან ძვრება, ოღონდ რუსეთი „არ გააღიზიანოს“?

ანდრეი კოლესნიკოვი: დიახ, არა მგონია, ამას რუსეთისთვის მნიშვნელობა ჰქონდეს. ისინი ტექნიკურ დეტალებს არ უღრმავდებიან. შესაძლოა, რაღაც ცვლილებებს ამჩნევენ, მაგრამ ახლა ამის განხილვისთვის არ სცალიათ, შემდეგ იფიქრებენ. არა მგონია, [საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ] ოდნავი გავლენა მაინც მოახდინოს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებით.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG