16 მარტს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომამდე, სადაც რუსეთი ევროსაბჭოდან ერთხმად გარიცხეს, საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა - 15 მარტს რუსეთისთვის მათი წილი, სრულიად დამსახურებული ქვის სროლა, ყველას სურდა. ათეულობით გამომსვლელიდან, ყველაზე დასამახსოვრებელი, პოლონელი დელეგატის, ივონა არენტის სიტყვა გამოდგა. გამოსვლის ბოლოს არენტმა პუტინი იმ მიმართულებით გაუშვა, სადაც ომის დაწყების შემდეგ, რუსულ სამხედრო ხომალდებს უშვებენ... არენტი, რომელიც პოლონეთის სეიმის ხუთი მოწვევის წევრია, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპამ „თავი აღარ უნდა მოიტყუოს”, როდესაც საქმე პუტინსა და კრემლს ეხება.
რადიო თავისუფლება: რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც ევროსაბჭოს შენობის წინ რუსეთის დროშა დაუშვეს და შემდეგ მოხსნეს?
ივონა არენტი: შვება ვიგრძენი. ვფიქრობ, ეს სამართლიანი იყო - რუსეთის დროშა არ უნდა ფრიალებდეს ევროსაბჭოს წინ, როდესაც უკრაინაში უდანაშაულო ხალხი იხოცება. ადრე უნდა გვექნა ეს. იმედია, სამყარო მალე საბოლოოდ შეიგნებს, თუ ვისთან აქვს საქმე პუტინის სახით.
პუტინს არ ადარდებს 12 000 რუსის ცხედარიც, ის ყრუა და რუსი დედების ტირილი არ ესმის...
რადიო თავისუფლება: დროშასთან ერთად რუსეთიც უფრო ადრე ხომ არ უნდა გაგეძევებინათ? რამდენიმე წლის წინ ახლოს იყავით ამასთან, მაგრამ „გული მოგილბათ“ და მიეცით დაბრუნების საშუალება - იმავეს ხომ არ უნდა ველოდოთ?
ივონა რენტი: დიახ, ესეც ადრე უნდა გვექნა. ეს ხომ პუტინის პირველი დანაშაული არაა? მანამდე ჩეჩნეთს დაესხა თავს, საქართველოს, ყირიმი მიიტაცა... დღემდე, ევროპა გულმოდგინედ იტყუებდა თავს, რომ ყველაფერი რიგზე იყო, იმიტომ რომ... იმიტომ რომ ასე უფრო ადვილი იყო. ევროსაბჭომ ერთხელ უკვე შეირცხვინა თავი რუსეთის უკან მიღებით - სანამ კრემლში პუტინი ზის, რუსეთს ევროსაბჭოში არაფერი ესაქმება.
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტი ზელენსკი ნატოს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს. სამართლიანად მიგაჩნიათ თუ არა მისი კრიტიკა?
ივონა არენტი: ზელენსკიმ იცის, რომ უკრაინა ნატოში არაა და ნატო ამ კონფლიქტის მხარე არ არის. მაგრამ ჩვენც უნდა გავუგოთ - მის ქვეყანას თავს დაესხნენ, ხალხი იღუპება, პუტინი ბავშვებსა და ქალებს ხოცავს, რუსეთი ყველაფერს ანადგურებს, საცხოვრებელ სახლებსაც კი. დღეს პოლონეთში ორ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გვყავს. ზელენსკის ვერ გავამტყუნებ იმის გამო, რომ ცდილობს, ყველა მხრიდან მიიღოს დახმარება, როდესაც მისი ქვეყანა ამ დღეშია.
რადიო თავისუფლება: ვიცე-პრემიერ კაჩინსკის იდეაზე რას ფიქრობთ, რომ უკრაინაში ნატოს სამშვიდობო მისია განთავსდეს? რამდენად რეალურია?
ივონა არენტი: აუცილებელია ამაზე საუბარი - ან ნატოს, ან გაეროს სამშვიდობო მისია გვჭირდება. ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უაზრო ომი დამთავრდეს, რაც შეიძლება მალე.
რადიო თავისუფლება: იქმნება შთაბეჭდილება, რომ სანქციები შენელდა - მიზეზები? კიდევ რა სანქციებს უნდა ველოდოთ და როდის?
დღემდე, ევროპა გულმოდგინედ იტყუებდა თავს, რომ ყველაფერი რიგზე იყო, იმიტომ რომ...
ივონა არენტი: პირველ რიგში, რუსეთისგან გაზისა და ნავთობის ყიდვა და პუტინის ფულით მომარაგება უნდა შევწყვიტოთ, რადგან ის ამ ფულს სამხედრო დანაშაულების ჩასადენად იყენებს. ეს რაც შეიძლება, მალე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ქვეყანა ჯერ კიდევ ფეხს ითრევს და რუსეთთან „ბიზნესის კეთებას“ ვერ ელევა...
რადიო თავისუფლება: პუტინს საჯაროდ სთხოვეთ, იმ გზას დასდგომოდა, საითაც, როგორც წესი, რუსულ სამხედრო გემებს უშვებენ ხოლმე - როგორ ფიქრობთ, თქვენი დასავლეთევროპელი კოლეგები როდის მოგბაძავენ?
ივონა არენტი: ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვისვე იქნება სასიკეთო, თუ საბოლოოდ შეიგნებენ და გაიაზრებენ, რომ პუტინი მათი მეგობარი არასდროს გახდება, რომ ის ტირანი და კრიმინალია, რომელიც სინდისის ქენჯნის გარეშე ხოცავს ათასობით უდანაშაულო ადამიანს უკრაინასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. მას საკუთარი ჯარისკაცები, 14 000 რუსის ცხედარიც არ ადარდებს, ყრუა და რუსი დედების ტირილი არ ესმის... ევროპა თავს ვეღარ მოიტყუებს, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება.