Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 მარტს


რა კონსტიტუციურ დარღვევებს ედავება „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს?

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის დარღვევის მცდელობებს რამდენიმე მიმართულებით ედავება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ან ვერ კითხულობს კონსტიტუციას, ან მისი სხვაგვარად გადაწერა სურს.

ოთხგვერდიან განცხადებაში, რომელიც პოლიტსაბჭომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს გამოაქვეყნა, ვრცლად არის მიმოხილული, თუ რა საკონსტიტუციო დარღვევები ამოიკითხა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის სიტყვაში. „ოცნება“ ამბობს, რომ:

  • პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მთავრობის თანხმობის გარეშე საერთაშორისო მოლაპარაკებები აწარმოოს.
  • უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და მასში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება [პარლამენტში პრეზიდენტმა გააკრიტიკა მთავრობა უკრაინის ომის დროს უშიშროების საბჭოს არშეკრების გამო].
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღი პარლამენტთან კონსულტაციის გარეშე გამოეცხადებინა.
  • არ შეიძლებოდა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პარლამენტის მთავარ სივრცეში ისე შეყვანა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ეს წინასწარ არ ეცნობა.

გუშინ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) გამოაქვეყნა განცხადება, რომ ბრალდებები კონსტიტუციის დარღვევის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

IDFI-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

წაიკითხე მეტი.

სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა მეამბოხე რუსი რედაქტორი

ოსტანკინოს რაიონულმა სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა.

მარინა ოვსიანნიკოვას ჯარიმა დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ კი, საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიების შეუთანხმებლად ორგანიზების მუხლით.

სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ჟურნალისტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ 14 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე:

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მხარდაჭერისათვის ყველას, კოლეგებს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში რთული დღეები, რადგან ორი დღე-ღამე არ მძინებია. 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა დაკითხვა და არ მომცეს არც ოჯახის წევრებთან და არც ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა. არ მქონდა იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა და ამიტომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ყველა დანარჩენი კომენტარი იქნება ხვალ. დღეს უბრალოდ დასვენება მჭირდება“.

წაიკითხე მეტი.

ვითარება უკრაინაში: სარაკეტო დარტყმებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა დნეპრის აეროპორტში

რუსეთის სარაკეტო დარტყმებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა უკრაინის ქალაქ დნეპრის აეროპორტში. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო იტყობინება.

„დანგრეულია ასაფრენი ბილიკი, დაზიანდა ტერმინალი, ნგრევა მასშტაბურია, აღდგენას ბევრი დრო დასჭირდება“, - დაწერა მან ფეისბუკში. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად, ქალაქ ჩერნიგოვში 10 ადამიანი დაიღუპა. პროკურატურის თანახმად, 14 მარტს რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს ჩერნიგოვის ტექნიკური უნივერსიტეტი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული შენობა და ბაზარი.

გუშინ იერიშები განხორციელდა კიევში, ბორშჩაგოვკის რაიონშიც. რუსმა სამხედროებმა რაკეტები, სავარაუდოდ, ისროლეს ბელარუსის ქალაქ მოზირიდან.

წაიკითხე მეტი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს მიმართავს

ოთხშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესს [ვირტუალურად] მიმართავს.

უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნები არ შეცვლილა მას მერე, რაც 11 დღის წინ მან აშშ-ის სენატს მიმართა. ის ისევ ითხოვს ავიაგამანადგურებლების გაგზავნას.

გუშინ კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა ნატოსთან ურთიერთთანამშრომლობის ახალი ფორმატი. ამის შესახებ ზელენსკიმ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ქვეყნების (Joint Expeditionary Force) ლიდერებისადმი ონლაინ ფორმატში წარმართული მიმართვისას ისაუბრა.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ, ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის მიუხედავად, უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდება.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

რუსეთი ევროპის საბჭოს ტოვებს

რუსეთმა ევროსაბჭოს შეატყობინა, რომ ტოვებს ორგანიზაციას, განაცხადა 15 მარტს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ. საბჭოდან რუსეთის გასვლის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ვეღარ მიმართავენ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, მოსკოვი კი აღარ იქნება ვალდებული, უარი თქვას სიკვდილით დასჯაზე.

რუსეთი ევროპის საბჭოში 1996 წელს შევიდა. თებერვლის ბოლოს ორგანიზაციამ მოსკოვს წევრობა შეუჩერა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში.

მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრით მხარი დაუჭირა ორგანიზაციიდან რუსეთის გარიცხვის რეკომენდაციას. განმარტებით შენიშვნაში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და დროებითი ზომების შესრულება არაეფექტიანია.

წაიკითხე მეტი.

“სლავების დასახოცი ლაბორატორიები” უკრაინაში - როგორ ამართლებს კრემლი ომს?

რამის გაკეთებას თუ აპირებ, ჯერ სხვას დააბრალე - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, ასეთია კრემლის ტაქტიკა. ამიტომაც რუსეთის ბრალდებები, თითქოს ამერიკელები უკრაინაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ, დასავლეთს ძალიან აშინებს.

მაგრამ კრემლი ახალს არაფერს ამბობს. „სიკვდილის ლაბორატორიები” მისი საზღვრების სიახლოვეს რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ხომ გახსოვთ, როგორ ამტკიცებდა რუსული მედია, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღი იქმნებაო? უკრაინაში ომის ფონზე, იმავეს უკრაინულ ლაბორატორიებზეც წერენ.

11 მარტს რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭო მოიწვია, სადაც ქვეყნის წარმომადგენელმა დმიტრი პოლანსკიმ ისაუბრა უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის „საიდუმლო” ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.

იქამდე რამდენიმე დღით ადრე, 6 მარტს, რუსმა გენერალ-მაიორმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი სასწრაფოდ ასუფთავებდა უკრაინაში სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის კვალს”. პროგრამას კი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა.

რის გამართლებას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი? წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.

ანასტასია და ტიმოფეი სულ სხვანაირ ქორწილზე ფიქრობდნენ. ანასტასიას ლურჯი უკრაინის პასპორტი აქვს, ტიმოფეის - ბორდოსფერი, რუსეთის. კიევიდან თბილისში ომის დაწყების შემდეგ გამოიქცნენ. საქორწილო კაბის ნაცვლად ნასტიამ „ვიშივანკა“ ჩაიცვა, ტიმოფეიმ კი ყვავილის ნაცვლად პერანგზე უკრაინის ლენტი მიიმაგრა. ხელი მათ თბილისში მოაწერეს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG