Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლაბორაციონიზმის თვალი


„ვიშის თვალი“ (1993, საფრანგეთი, რეჟისორი კლოდ შაბროლი)

კინოს ისტორიაში კლოდ შაბროლზე უფრო მწარე იუმორი, თუ არ ვცდები, მხოლოდ ლუის ბუნუელს ჰქონდა. ფრანგულ კინოში არავინ იყო ასეთი დაუნდობელი მომხმარებლური საზოგადოების მიმართ, ხანდახან უბრალოდ „პრინციპულად ბოროტი“. თანაც შაბროლს „ახალი ტალღის“ სხვა რეჟისორებისგან განსხვავებით არ ეთაკილებოდა ე.წ. მდაბიო ჟანრებში მუშაობა, თითქოს ქვევიდან ზევით ურტყამდა ბურჟუაზიას. ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, ვულგარულობაში სდებდნენ ბრალს. განსაკუთრებით 70-80-იან წლებში, როცა მან ფაქტობრივად უარი თქვა „საავტორო კინოზე“ და კომერციული სურათების გადაღება პირდაპირ ქარხნული წესით დაიწყო. მაგრამ 1993 წელს ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ აპირებს შეაგროვოს ვიშის კოლაბორაციონისტური რეჟიმის დოკუმენტური კინოქრონიკა და აკინძოს ერთ ფილმად, რომელიც თითქმის საერთოდ არ საჭიროებს კომენტარებს. შაბროლი დარწმუნებულია, რომ მართალია არასდროს შეუწყვეტია თანამედროვე ფრანგული საზოგადოების კრიტიკა, ქვეყანა მაინც განსხვავებულია, ვიდრე 1940-44 წლებში, როცა ეს

საზოგადოება ამ კადრებს უყურებდა და იჯერებდა ყველაფერს, რასაც ვიშის რეჟიმის იდეოლოგები ამტკიცებდნენ. თუმცა შაბროლი მაინც არ ინდობს თავის თანამემამულეებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახეები არ იცვლება - ხალხი, რომელიც ფილმის დასაწყისში ტაშს უკრავს კოლაბორაციონისტთა ლიდერს, პეტენს, ფილმის ბოლოს ასეთივე ოვაციებით ხვდება დე გოლს, საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ.

შაბროლი გვაძლევს საშუალებას, არა მარტო გავიაზროთ ამ კადრების შინაარსი, ანდა, უბრალოდ მივიღოთ ინფორმაცია... არა, „ვიშის თვალი“ მეტია, ვიდრე ინფორმაცია. კომენტარები თითქმის არაა, მაგრამ არის მთავარი - მაყურებლის მიმართ ნდობა - მაყურებლისა, რომელიც შინაარსის გარდა აკვირდება ამ ქრონიკის ფორმას, მასალების მოწოდების სტილს, წამყვანის ინტონაციას. ჩვენ ვხედავთ, რას წარმოადგენს პროპაგანდა და როგორ ცდილობს ხელისუფლება ხალხის მოტყუებას. თანაც ხელისუფლება, რომელიც მიეყიდა თავისივე ხალხის მტერს. ილაპარაკო პატრიოტული ლოზუნგებით და, ამავე დროს, მტრის სასარგებლო საქმე აკეთო - მმართველობის ის ფორმაა, რომელიც პეტენის რეჟიმმა დანერგა. საუბედუროდ, საფრანგეთში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც სიტყვებს დაუჯერა, საქმეს კი - არა. ანდა, უბრალოდ, არ აწყობდა, რომ საქმისთვის თვალებში შეეხედა, რადგანაც ასე უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.

ხალხი იგზნება მმართველის თვითმსხვერპშეწირვაზე. უფრო სწორად, ხელისუფლების პირველ პირთა სიტყვებზე, - მე მზად ვარ გავწირო თავი საფრანგეთისთვის, ჩვენს შვილებს, ჩვენს დედებს კი არაფერი ემუქრებათ, შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ. ხალხს მოსწონს, როცა ხელისუფლება კეთილი მამაა, რომელიც მას მძიმე დღეებში დააწყნარებს.

„ვიშის თვალში“ არის კიდევ ერთი პლასტი, რომელიც შაბროლმა მასში ევროპელი მემარცხენეების გასაგონად ჩართო; პეტენის მთავრობამ ზუსტად გათვალა და სოციალური სიდუხჭირე თავისივე ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენა. აგერ ფრანგი მუშები ჰიტლერის გერმანიაში სამუშაოდ მიემგზავრებიან. დიქტორი კი გვარწმუნებს, რომ ეს ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად დააფასებენ არა მარტო გერმანელთა ყოფის მაღალ სტანდარტებს, არამედ გერმანელი მშრომელების მეგობრობასა და სტუმართმოყვარეობას. რატომ მიდიან გერმანიის ქარხნებში სამუშაოდ? ეს კითხვა არ დასმულა. სამაგიეროდ მკაფიოდ გამოიკვეთა ამ კადრების ქვეტექსტი - ადვილია უბრალო, მშრომელი ფრანგი მოღალატედ შერაცხო, თუკი თავად საჭმელ-სასმელი არ გაკლია. მიდიან იმიტომ, რომ შიათ და ოჯახი ჰყავთ შესანახი. ხოლო როცა ხელისუფლებაც უწყობს ამაში ხელს, „უბრალო ფრანგს“ ყველანაირი პასუხისმგებლობა ეხსნება ისტორიის წინაშე.

„თითქმის ყველა, ვინც ვიშის რეჟიმის სათავეში მოვიდა, წარუმატებელი ადამიანი იყო ცხოვრებაში, - წერდა კლოდ შაბროლი, - ომის დაწყების დროს მათ გადაწყვიტეს, რომ უსამართლოდ არ დააფასეს. წარუმატებელი ადამიანების ბრიგადამ მთელი ქვეყნის მმართველობა თავის თავზე აიღო. როგორც კი ამას ხვდები, ყველაფერი ცხადი ხდება“. შაბროლი ჰყვება, მაგალითად, ფილიპ ანრიოს შესახებ. უნივერსიტეტში იგი თავის დროზე გამოცდაზე ჩაჭრეს - ვერ აისრულა ოცნება, ვერ გახდა ლიტერატურის მასწავლებელი. სამაგიეროდ გახდა განათლების მინისტრი ვიშის ეპოქაში. ვის დააბრალებდა ანრიო წარუმატებლობას ახალგაზრდობაში? ვიშის რეჟიმმა გამზადებული მტრის ხატი დაახვედრა - ცხადია, ებრაელებს. შაბროლის ფილმში ჩართული ანტისემიტური ქრონიკა მართლაც რომ შოკივით მოქმედებს; „წარმოიდგინეთ ებრაელი ვირთხის სახით“, - ამბობს წამყვანი. მოგვიანებით კლოდ შაბროლი იტყვის, რომ ასეთი არაადამიანური უხამსობა ნაცისტებსაც კი არ უკადრებიათ თავიანთ ქრონიკაში. საინტერესო ისიცაა, რომ ამ დოკუმენტურ ფილმებს ჩაბნელებულ დარბაზებში არ უჩვენებდნენ. სინათლეს ტოვებდნენ, რათა სეანსის დროს პროტესტი არავის გამოეხატა. და თუკი მაინც ვერ მოითმენდა, ასეთ მაყურებელს აუცილებლად დააბეზღებდნენ.

ვერ გეტყვით, იმოქმედებდა ასე კლოდ შაბროლის ფილმი „ვიშის თვალი“, არა დღეს, არამედ წლების წინ რომ მენახა. კოლაბორაციონისტთა რეჟიმის ქრონიკა უამრავ ასოციაციას ქმნის დღევანდელ საქართველოსთან. განსაკუთრებით შემზარავია ალფონს დე შატობრიანის, კოლაბორაციონიზმის ერთ-ერთი იდეოლოგის გამოსვლა აუდიტორიის წინაშე. „ჩვენ, ფრანგებს გვახასიათებს, ყველა ჩვენი პრობლემა გერმანიას დავაბრალოთ“... ახლა გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რამდენჯერ გვიფიქრია იგივე რუსეთთან დაკავშირებით. წლებია უკვე, ხელისუფლება და მისი მედია ცდილობს, რუსეთი, როგორც ამ ქვეყნის დამპყრობელი, მთლიანად ამოაგდოს საერთო „დისკურსიდან“. იმდენად ცდილობს, რომ აგერ ორ კვირაზე მეტი გავიდა და ბატონ ღარიბაშვილს ერთხელაც არ უხსენებია სიტყვა „რუსეთი“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG