Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს


ხარკოვის ცენტრი სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2022 წლის 1 მარტი
ხარკოვის ცენტრი სარაკეტო იერიშის შემდეგ. 2022 წლის 1 მარტი

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცენტრი, თავისუფლების მოედანი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაჭრილები.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრსა და საცხოვრებელ რაიონებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა „გრადის“ და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით. სხვა წყაროებით ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები იერიშისას გამოყენებული იარაღის სახეობის შესახებ.

რუსები ქალაქ ხარკოვს უკვე რამდენიმე დღეა ბომბავენ.

დღეს, 1 მარტს დილიდან გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ძალებს ბლოკირებული აქვთ ანექსირებული ყირიმის მახლობლად მდებარე ქალაქი ხერსონი.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.

XS
SM
MD
LG