Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვიდან იუწყებიან სულ მცირე ცხრა ადამიანის დაღუპვაზე დაბომბვის შედეგად


მსხვერპლის შესახებ ვრცელდება ცნობები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან, რომელსაც რუსეთის ძალები ჭურვებით ბომბავენ. ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ დაღუპულია ცხრა და დაჭრილია 37 ადამიანი.

იჰორ ტერეხოვის თქმით, ოთხი ადამიანი მაშინ დაიღუპა, როცა თავშესაფრიდან წყლის საპოვნელად გამოვიდა. მისივე თქმით, ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახი - ორი ზრდასრული და სამი ბავშვი - ცოცხლად დაიწვა, როცა ჭურვი მათ მანქანას მოხვდა.

რუსეთის ძალები ამ 1,5 მილიონიანი ქალაქის შემოგარენს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბომბავდნენ, ორშაბათს, როგორც "ნიუ-იორკ ტაიმსი" იუწყება, რუსეთის თავდასხმებმა უფრო მჭიდროდ დასახლებულ არეალებში გადაინაცვლა.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", ექსპერტების ვარაუდზე დაყრდნობით, წერს, რომ ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმა შესაძლოა, მათ შორის, კასეტური იარაღითაც განხორციელდა - სასიკვდილო ბომბებით, რომლებიც ჰაერში ფართო არეალის თავზე სკდება და როგორც სამხედრო სამიზნეებზე, ისე სამოქალაქო პირებზე მიაქვს დარტყმა. "დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იყო თავდასხმა კასეტური იარაღით", - უთხრა "ნიუ-იორკ ტაიმსს" სტეფენ გუსმა, საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის შეიარაღების ექსპერტმა.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, რუსეთის არტილერიამ ხარკოვში დააზიანა 87 საცხოვრებელი სახლი. სარაკეტო დარტყმებით რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დაზიანებაზე ორშაბათ საღამოს კიევიდანაც ვრცელდებოდა ცნობები.

XS
SM
MD
LG