რას ნიშნავს სტრატეგიული შეკავების ძალები, რომელთა მზადყოფნაში მოყვანის ბრძანებაც გასცა პუტინმა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ ბრძანება გასცა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმში მოყვანის თაობაზე. ამის შესახებ მან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე განაცხადა. პუტინმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ლიდერთა „აგრესიული გამონათქვამების“ გამო მიიღო.
რას წარმოადგენს რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალები?
ეს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღებაა, ზღვის, ჰაერისა და ხმელეთის. მას "ბირთვულ ტრიადას" უწოდებენ. მასში შემავალი კომპონენტებია: საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტები, მძიმე სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავები, მძიმე ბომბდამშენები, კონკრეტულად ტუ-95, ტუ-160 და ტუ-22.
განსაკუთრებულ რეჟიმში კი იგულისხმება მზადყოფნა, რომ იარაღი ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული.
„იგულისხმება, რომ თვითმფრინავების ეკიპაჟები მზადყოფნაშია გასაფრენად, შესაძლებელია, რამდენიმე, მაგალითად, შორეული რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავი უკვე ჰაერშიცაა. შესაბამისად, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები მზადაა გასროლისთვის, წყალქვეშა ნავები კი, რომელზეც არის ბალისტიკური რაკეტები, როგორც წესი, ამ დროს ღია ზღვაშია გაყვანილი”, - ამბობს სამხედრო ექსპერტი ალექსი პოდბერეზნიკი.
სიახლეები ბრძოლის ველიდან: უკრაინამ ხარკოვზე კონტროლი დაიბრუნა
27 თებერვალს, ნაშუადღევს უკრაინამ დაიბრუნა სრული კონტროლი ქალაქ ხარკოვზე, რომელიც რუსების თავდასხმის ობიექტი იყო. ხარკოვი იყო სამიზნე საჰაერო თავდასხმის, 27 თებერვლის დილას ქალაქში შევიდა რუსული სახმელეთო სამხედრო ძალაც. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებდა, არ დაეტოვებინათ თავშესაფრები საომარი მოქმედებების დასრულებამდე. ადგილობრივი გუბერნატორის ცნობით, ქალაქიდან რუსი ჯარისკაცები განდევნილია და "ხარკოვი მთლიანად ექვემდებარება კონტროლს."
საჰაერო განგაში გუშინ ივანო-ფრანკოვსკში, კიევსა და ოდესაში ისმოდა. ქალაქ ჩერნიგოვში რაკეტა მოხვდა ახალგაზრდული ცენტრის შენობას.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „აგრესიის გასამართლებლად გენოციდის მცდელობის გამო“ უკრაინა რუსეთს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი უკვე მომავალ კვირას დაიწყება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინისა და რუსეთის შეხვედრა ორშაბათს გაიმართება - CNN
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ორშაბათს გაიმართება, უკრაინის დროით დილის საათებში, - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი იენინზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
შეთანხმება მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვაზე 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შედგა. უკრაინა დათანხმდა შეხვედრას ბელარუსის ტერიტორიაზე, თუმცა არა ქალაქ გომელში, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა, არამედ საზღვართან, მდინარე პრიპიატის სიახლოვეს.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს წინაპირობების გარეშე ხვდებიან და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს.
საქართველოში VTB ბანკის საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გაიყიდა
საქართველოში „ვითიბი“ ბანკის საცალო აქტივები გაიყიდა და ის „ბაზისბანკმა“ იყიდა. რუსული ბანკი „ვითიბი“, ერთ-ერთია იმ სანქციების სიაში, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა გასულ კვირაში რუსეთის მიმართ მიიღეს.
"ვითიბი ბანკ-ჯორჯიას" ყველა ფიზიკური პირი, მეანაბრე და მსესხებელი გახდება "ბაზისბანკის" მომხმარებელი და საბანკო მომსახურებას მიიღებს როგორც "ბაზისბანკის", აგრეთვე "ვითიბი ბანკის" ფილიალებში", - უთხრეს "ვითიბი ბანკში" რადიო თავისუფლებას.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვითიბი ბანკი" ქართული ბაზრიდან ნაწილობრივ გავიდოდა, რადიო თავისუფლებისთვის გუშინ, 26 თებერვალს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც თანამშრომლებს შეხვდა ბანკის მენეჯმენტი და მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა.
საქართველოში შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც რუსულ პროდუქტს ცნობს
ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ყველა პროდუქტს წარმომავლობის მიხედვით ცნობს. აპლიკაცია ანდროიდისა და iOS-ის სისტემისთვის ხელმისაწვდომია - Scan Products.
"დაასკანერე პროდუქტი და მიიღე ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყნის შესახებ", - წერია აპლიკაციის აღწერაში, რომელიც 2022 წლის 15 თებერვალს შეიქმნა.
მისი დაყენება რამდენიმე წამშია შესაძლებელი, გამოყენებისთვის კი მობილურის ინტერნეტთან წვდომა აუცილებელი არ არის. აპლიკაციის გამოყენება მარტივია - მისი გააქტიურების დროს ჩნდება ღილაკი "scan", მობილურის კამერის შტრიხკოდთან მიტანის შემდეგ კი ჩნდება მწარმოებელი ქვეყანა.
აპლიკაციაში რუსეთის გამოჩენისთანავე ჩნდება ტანკიც.
მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებით, ფეხით - საით მიდიან უკრაინელი დევნილები
უკრაინაში რუსეთის ჯარების ინტერვენციიდან ოთხ დღეში, გაეროს თანახმად, ქვეყანა 368 ათასამდე მოქალაქემ დატოვა. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 100 000 ადამიანი პოლონეთში უკვე ჩავიდა. უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადების შესახებ იტყობინებიან სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი და მოლდოვაც. სახმელეთო საზღვრებთან რიგებში დგანან ძირითადად ქალები და ბავშვები.
"იქ წავალთ, სადაც კარი ღია დაგვხვდება. სხვა არჩევანი არ გვაქვს", - უთხრა 24 თებერვალს Current time-ს კოსტანტინოვკის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ოჯახს უსაფრთხო ადგილას გზავნიდა. თვითონ კი აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩა.
იძულებით გადაადგილებული პირები მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებითა და ფეხით ცდილობენ უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეიჭრა.
"აბსოლუტურად სულისშემძვრელი მდგომარეობაა. მოლდოვაში უკანასკნელი 36 საათის განმავლობაში ათასობით და ათასობით დევნილი შემოვიდა. მათ შორის, ბევრი ქალი და ბავშვი", - ამბობს UNHCR-ის წარმომადგენელი ცენტრალურ ევროპაში როლანდ შილინგი, რომელიც მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან იმყოფება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე წაიკითხე ლანა კოკაიას სტატიაში.
მეორე დღეა უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, კიევის მიდამოებში, აფეთქებების ხმა ისმის. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობის ნაწილი მეტროებსა და მიწისქვეშა ავტოსადგომებზე ათენებს ღამეს. ნაწილი ქალაქების დატოვებას ცდილობს. დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი. საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის უკანასკნელი დღეები, განსაკუთრებით კი უკანასკნელი ღამე, მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. ისინი, ერთი მხრივ, უკრაინის ბედზე ღელავენ, მეორე მხრივ კი, უკრაინაში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე.