Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ინტერვენციის დაწყებისთანავე, რუბლი ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა


უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან ერთად ეცემა რუსული რუბლის, ბანკებისა და სახელმწიფო კომპანიების აქციების ფასები.

როგორც კი პუტინმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, რუსული რუბლი დოლარსა და ევროსთან მიმართებით თითქმის 10%-ით გაიაფდა. თბილისის დროით დილის 8 საათზე ევრო 100 რუბლზე მეტი ღირდა, დოლარი კი - თითქმის 90.

აქციები იაფდება, საწვავი ძვირდება

BBC წერს, რომ ინტერვენციის ფონზე, მოსკოვის ბირჟამ ვაჭრობა ყველა ბაზარზე შეაჩერა თითქმის ორი საათით. მისი გახსნისთანავე, რუსეთის უმსხვილესი კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა: მაგალითად, სბერბანკის ფასიანი ქაღალდები - 10.8%-ით, გაზრპომისა კი 11.5%-ით გაუფასურდა.

ამასთანავე, ნავთობის ფასები განაგრძობს გაძვირებას. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს ნეგატიურ მოლოდინებთანაა დაკავშირებული, რადგან ომის პირობებში შესაძლოა მიწოდება გართულდეს. გაძვირდა გაზიც, თითქმის 35%-ით. ათასი კუბური მეტრის ფასი ახლა 1400 დოლარს უტოლდება.

რუსეთისთვის ეს უკვე მეორე ეკონომიკური შოკია უკანასკნელ სამ დღეში. პირველი ორი დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვიტა, ეღიარებინა დონეცკისა და ლუგანსის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას დასავლეთიდან და მსოფლიოს სხვა წერტილებიდან ეკონომიკური სანქციებით უპასუხეს.

ამასთანავე, აშშ და ევროკავშირი დებდნენ პირობას, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებენ ზომებს, თუკი რუსეთი "კიდევ უფრო ღრმად შეიჭრება უკრაინის ტერიტორიაზე".

"მასიური" და "მკაცრი"

ინტერვენციის დაწყებისთანავე, ევროპული საბჭს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები იქნება "მასიური", მათი შედეგები კი "მკაცრი".

ევროკომიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი კი განმარტავს, რომ სანქციების მიზანი იქნება, ხელი შეუშალოს კრემლს ომის დაფინანსებაში. ამიტომაც, ევროპელი პოლიტიკოსები გეგმავენ, რუსეთს შეუზღუდონ წვდომა "საკვანძო მნიშვნელობის მქონე" ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე.

„ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობას. დამატებით, ჩვენ გავყინავთ რუსეთის აქტივებს ევროკავშირში და შევუზღუდავთ რუსეთის ბანკებს წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე“, - განაცხადა ევროკომიის პრეზიდენტმა.

დღეს გამთენიისას, რუსული სახელმწიფო ტელევიზია Россия 24-ის ეთერში ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ იწყებს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ უკრაინაში. მან მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს, "დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ სახლებში".

ცოტა ხანში დაიბომბა სამხედრო ობიექტები კიევსა და ხარკოვში. როგორც რადიო თავისუფლებას ხარკოვის მცხოვრებლებმა უთხრეს, ქალაქში პანიკა არ შეინიშნება, მაგრამ მოქალაქეების ნაწილი ცდილობს მის დატოვებას.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა გამოაცხადა, რომ რუსულმა კოლონებმა უკვე გადაკვეთეს რუსეთ-უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG