პეკინის ოლიმპიადაზე ფიგურული მოციგურავე კამილა ვალიევას გარშემო დოპინგის სკანდალის გამო, რუსეთი და მსოფლიო სულ უფრო აქტიურად ითხოვენ პროფესიულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ცენზის გაზრდას.
კომენტატორები იხსენებენ „წუთიერ გენიოსებს“ - ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ბრწყინვალედ იგებენ ოლიმპიურ თამაშებზე და შემდეგ ქრებიან, - და განსჯიან „მედლებისთვის ბავშვების ექსპლუატაციას“.
რუსი ჩემპიონები ესაუბრნენ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ, რა პერსპექტივები აქვთ, დეპუტატობისა და რუსეთის ტელევიზიის „პირველ არხზე“ ყინულზე გამართულ წარმოდგენებში მონაწილეობის გარდა.
„მთელი ცხოვრება წინ არის“
მოციგურავე ბეტინა პოპოვამ, 22 წლის ასაკში, თავის პარტნიორთან, სერგეი მოზგოვთან ერთად, 2019 წლის უნივერსიადაზე წყვილების შეჯიბრებაში გაიმარჯვა. ერთად ისინი ორჯერ გახდნენ რუსეთის თასის ვერცხლისმედალოსნები და მონაწილეობდნენ გრან-პრის ტურნირებში. მათ, ასევე ერთად, განაცხადეს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ.
ბეტინა პოპოვა ფიგურულ სრიალში „სტანდარტული სცენარით“ მოხვდა: „ლუჟნიკის“ ყინულის მოედანი სახლის გვერდით, ჯანმრთელობის პრობლემები, გამაჯანსაღებელი ჯგუფი და შემდეგ უკვე პროფესიული სპორტი. სპორტიდან წასვლის შემდეგ, ბეტინამ რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის ბაკალავრის კურსი დაამთავრა ქორეოგრაფიაში, მაგრამ მაგისტრატურაში აღარ გაუგრძელებია სწავლა - სხვა სფეროებშიც სურს ძალების მოსინჯვა. ადრე პოპოვას პედაგოგობა სურდა, მაგრამ ბავშვებთან თავს კარგად ვერ გრძნობდა. ახლა კი, როგორც სპორტსმენი ამბობს, ის კომფორტულად არის როგორც ხუთი წლის ბავშვებთან, ისე 20 წლის ახალგაზრდებთანაც
- ახლა მწვრთნელი ვარ. პროგრამა დავდგი პავლუჩენკო - ხოდიკინის წყვილისთვის (ევროპისა და რუსეთის ჩემპიონატების პრიზიორები). ამ ხნის განმავლობაში ბევრი პროგრამის შედგენა მოვასწარი, 20-30-ის - ნამდვილად, ამბობს პოპოვა. მწვრთნელად მუშაობა არც ისე მომწონს: უფრო სერიოზული დატვირთვა და პასუხისმგებლობაა.
პროგრამის დადგმა ბევრად უფრო სასიამოვნო და სახალისოა. მიხვალ, დადგამ და წახვალ, რამდენჯერმე დაამუშავებ. მწვრთნელმა კი ხელის ყოველ მოძრაობაზე უნდა იფიქროს ყოველდღე. ძალიან რთულია ეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მწვრთნელებს, ბევრი ვერ გაიგებს, როგორ ართმევენ ისინი თავს ამას. მიშინი, მოსკვინა, ყოველწლიურად, მრავალი წლის განმავლობაში, ზრდიან ჩემპიონებს და ოლიმპიურ
თამაშებზე გაჰყავთ. ეს დაუჯერებელი რამ არის. მე მაშინაც მესმოდა და ახლაც მესმის, რომ პედაგოგობა ძალიან რთული საქმეა.
„ორი დღე შეჯიბრების შემდეგ - აი, ეს დრო მქონდა ჩემი ახალგაზრდობისთვის. როგორც სპორტსმენ გოგონებს სჩვევიათ ახალგაზრდა ასაკში - მთელი ჩემი ფიქრები სპორტით იყო მოცული. ფიგურული ციგურაობის გადარეული ფანატიკოსი ვიყავი. დღემდე ჩემს გარემოცვას ჩემს სპორტთან დაკავშირებული ხალხი წარმოადგენს. მე არ მქონდა დრო არც მეგობრებისთვის, არც გართობისთვის, არც პირველი სიყვარულისთვის. ყველა ჩემი ფიქრი ასეთი იყო: ვარჯიში - სწავლა - ჭამა არა - ვარჯიში - სწავლა - ჭამა არა. მწვრთნელები გამუდმებით მინერგავდნენ თავში ფიქრების ასეთ მიმდინარეობასა და შიშს. სასრიალო მოედანზე რომ მივდიოდი და მერე უკან რომ ვბრუნდებოდი, გზაში ვსწავლობდი გაკვეთილებს. სახლში, საწოლში რომ ვიწექი, თავში საციგურაო პროგრამებს გავდიოდი. შემეძლო ოთხი თავისუფალი საათი დღეში ოთხსაათიან კროსში გამეტარებინა, რომ ზედმეტი ასი გრამი დამეგდო. მთელი ცხოვრება იყოფოდა შეჯიბრებისთვის მომზადებად და თვითონ შეჯიბრებებად. ერთი გამოსვლა დამთავრდა - ორი დღე დასვენება და ვიწყებთ შემდეგისთვის მზადებას. ამ ორ დღეში შემეძლო დამეწყო ცხოვრება, სუნთქვა და ურთიერთობა, მიუხედავად სადავო აკრძალვებისა - არ მეურთიერთა ჩემს მეტოქეებთან. შემდეგ უკვე თავში ასეთი ფიქრების გაჩენა დამეწყო, რომ ასეთი მონური მიდგომით, რომელსაც თავს მახვევენ, არ შეიძლება წარმატებული გახდე. ცარიელი ადამიანი არავისთვის არის საინტერესო, რა თავდადებულიც უნდა იყოს თავისი საქმისთვის. სპორტსმენები სწრაფად იზრდებიან, მათ ბავშვობა არა აქვთ, მათ სიყმაწვილე არა აქვთ. და ძალიან ხშირად გაუწონასწორებელ ადამიანებად რჩებიან.
სპორტი - ეს მხოლოდ მედლების ბრწყინვა და კვარცხლბეკები არ არის, ეს ათასობით დანგრეული ბავშვია.“ - წერს პოპოვა ინსტაგრამზე.
ბეტინა პოპოვა ცნობილია თავისი ინტერვიუებით და გულწრფელი პოსტებით ფიგურული სრიალის „მეორე მხარის“ შესახებ: წონის პრობლემები, ნორმალური ბავშვობის არარსებობა, ურთიერთობები წყვილში. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ის გრძნობს, რომ ჩავარდნა აქვს სოციალიზაციის მხრივ, რომელსაც იძლევა ჩვეულებრივი სკოლა და არა - სპორტული.
ბევრი სპორტსმენი, თუ უმრავლესობა არა, სწირავს სწავლას, სკოლას, ინსტიტუტებს, სპორტის გამო. შემდეგ კი გამოდიხარ სამყაროში, სადაც არ ხარ მზად იმისთვის, რაც შენ გარშემოა. გარდა იმისა, რომ მწვრთნელი გახდე, სხვა გზა ფაქტობრივად, არ გაქვს. ასე ხდება: ზოგი ამას შეგნებულად აკეთებს, ზოგი -არა.
არიან სპორტსმენები, რომლებიც სწავლობენ შეჯიბრებებში მონაწილეობის დროსაც კი, არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ სწავლობენ, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავენ და ნიშნებს ისე უწერენ. მაგრამ სკოლა - სოციალიზაციის მნიშვნელოვანია მომენტია ნებისმიერი ადამიანისთვის, ეს მხოლოდ ცოდნის მიღებას არ ეხება, ეს ეხება იმის ცოდნას, თუ როგორ მოიქცე ადამიანებთან. სპორტში ურთიერთობის სხვა გრადაცია არსებობს, ვიდრე სკოლაში, სადაც სუბორდინაციის, თანატოლებთან ურთიერთობის სხვა გაგებაა.
სოციალიზაციას რაც შეეხება, მე გარკვეულ ჩავარდნას ვგრძნობ. წლების შემდეგ, უკვე მესმის, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, ჩვეულებრივ თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილება რომ მქონდეს. სპორტში შენ სწრაფად იზრდები გარკვეულ ვითარებებში, მაგრამ იმ მხრივ, თუ როგორ უნდა იურთიერთო ადამიანებთან - ჩამორჩები. რა თქმა უნდა, რაღაცას სწირავ. ასეთია სპორტის და მედლების ფასი, - ამბობს პოპოვა.
ის მოხარულია, რომ კამილა ვალიევასთან დაკავშირებული ვითარების გამო, მოციგურავეებისთვის ასაკობრივ ზღვარს გაზრდიან. მიიჩნევს, რომ სისტემაა გამოსაცვლელი და ამბობს, რომ ახლანდელი მოციგურავეების დატვირთვის და მათ მიმართ მოთხოვნების ფონზე, თავის შვილს სპორტის ამ სახეობაზე არ მიიყვანდა.
- მინდოდა „ერთეულებში“ დაბრუნება, - ამბობს პოპოვა, - მაგრამ უკვე საშინელი კონკურენცია იყო, რთული შემადგენლობის ნახტომები გამოჩნდა, არ იყო საჭირო ოთხბრუნიანი ნახტომები, სამბრუნიანიც საკმარისი იყო, მაგრამ კარგი უნდა ყოფილიყო.
ამასთან დაკავშირებით მე პრობლემები მქონდა, ან საცეკვაო წყვილში უნდა გადავსულიყავი, ან საერთოდ წავსულიყავი. სპორტისთვის ეს განვითარება და წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ როგორც მშობელი, მე ჩემს შვილს ასეთ სპორტზე არ მივიყვანდი. ეს ბავშვის ორგანიზმთან შეუთავსებელი დატვირთვაა. ჯერ არც ერთი სპორტსმენი არ გვინახავს, რომელმაც სრულწლოვნებას მიაღწია და სპორტში სერიოზული ტრავმების გარეშე დარჩა, და თან იმავე დონეზე გამოსვლის შესაძლებლობით.
უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი დატვირთვები და საით მივყავართ ამას, რა არის ოთხბრუნიანი ხტომების ფასი. შემდეგ რა იქნება იმ სპორტსმენების თავს, რომლებიც ამ ხტომებს ასრულებენ?
ამაზე ღირს დაფიქრება. კარიერა სრულდება, უხეშად რომ ვთქვათ, 18 წლის ასაკში, წინ კი მთელი ცხოვრებაა. ღირს ეს ამად?
- როგორია ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ისეთ ვითარებაში ყოფნა, როგორშიც კამილა ვალიევაა?
- სანამ საქმის მოსმენა არ ყოფილა, რამის თქმა შეუძლებელია: არც ვინმეს დადანაშაულება მინდა ცილისწამებაში და არც თვითონ სპორტსმენის. ჯერჯერობით ბრალის მტკიცებულებები არ არსებობს. საჭიროა ოფიციალური მონაცემები. ძალიან კარგია, რომ მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ მიეცათ დისკვალიფიკაცია და გამოსვლის ნება დართეს. თუ ეს ლაბორატორიული შეცდომაა, კარიერას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. ამ ვითარებამ აჩვენა, რომ ასეთ ადრეულ ასაკში, სპორტსმენს არ შეუძლია იტვირთოს ისეთივე პასუხისმგებლობა, როგორც მისმა ზრდასრულმა მეტოქეებმა.
ეს სისტემის პრობლემაა, რომელიც უნდა შეიცვალოს, და პირველი ნაბიჯი გადადგმულია ამისკენ. რა თქმა უნდა, 15 წლის ასაკში რთულია სადავო მომენტების შეფასება. ეს ძალიან მძიმე სპორტია. 25 და 15 წლის სპორტსმენებს თანაბარი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ, მათ შორის ათწლიანი ნაპრალია. ახალგაზრდა სპორტსმენებს ხშირად არ ესმით თავიანთ გამოსვლებთან დაკავშირებული საფრთხე. თუ შენ ყოველდღე ოთხბრუნიან ხტომებს გაკეთებინებენ, ყოველთვის ადეკვატურად ვერ შეძლებ იმის შეფასებას, როგორ რეაგირებს ამაზე შენი ორგანიზმი.
ამასთან, ორგანიზმი გადაეწყობა, ის იზრდება, შენ არ შეგიძლია იცოდე, როგორი რეაქცია ექნება მას. ასაკის გაზრდა, უდავოდ სწორი გადაწყვეტილებაა. და, რა თქმა უნდა, 15 წლის ასაკში ამაზე არ უნდა
ფიქრობდე. ადამიანი უნდა იზრდებოდეს და ემზადებოდეს ხანგრძლივი, კარგი კარიერისთვის სპორტში, ასეთი ვითარებები კი ძლიერად აფერხებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას. ასეთი მარცხისას შეიძლება ტრავმაც მიიღო. ეს ყველაფერი ძალიან უსიამოვნო და არასწორია.
- თქვენ როგორ გადაიტანეთ პროფესიული სპორტიდან წასვლა?
- სპორტი ნარკოტიკია. როცა ამთავრებ, პირველ ხანებში მძაფრ უკმარისობას გრძნობ. მე ბევრი სეზონი ვისრიალე ერთმანეთის მიყოლებით, ცხადი განრიგი მქონდა. და როცა ეს აღარ გაქვს, ორგანიზმი შოკში ვარდება, არ ესმის, რა ხდება, შენ კი ცდილობ, რამე შემცვლელი მოძებნო. მე ვიპოვე ცეკვები, დაკავებული ვარ ცეკვებით და სპორტით ჩემთვის. ფიზიკური დატვირთვა გეხმარება იმაში, რომ იგრძნო, რომ ცოცხალი ხარ. სპორტიდან წასვლის შემდეგ, შენს ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. და ამ განცდის მთლიანად დაკარგვა არ გინდა - სპორტსმენისთვის ეს ცხოვრების უზარმაზარი ნაწილია.
„რუსეთისთვის ზედმეტად კეთილი“
მოციგურავე ალექსანდრა იევლევამ აქტიური კარიერა 11 წლის წინ დაასრულა. მან ორჯერ მოიგო ტურნირები რუსეთის თასზე 2006 და 2009 წლებში, 2007-ში კი ვერცხლის მედალი აიღო. სპორტიდან წასვლის შემდეგ, იევლევამ რუსეთი დატოვა: თავიდან ლატვიაში დაიწყო მწვრთნელად მუშაობა, შემდეგ ანკარაში, სადაც 15 ფიგურული მოციგურავე მოამზადა თურქეთის ნაკრებისთვის.
ახლა 34 წლის სპორტსმენი დუბაიში ცხოვრობს. სწორედ მან ჩამოიყვანა რუსეთში, უნივერსიადაზე, ზახრა ლარი, ფიგურული მოციგურავე, რომელმაც „აიძულა“ სპორტული სამყარო, გადაეხედა წესებისთვის და თავსაბურავებით გამოსვლის ნება დაერთო.
- მე არ ვნანობ, რომ წავედი, - ამბობს იევლევა, - ბევრი ტრავმა მქონდა, რომლებიც არ მაძლევდა საშუალებას გამეგრძელებინა ვარჯიში. ვგეგმავდი, დედა გავმხდარიყავი და შვილები გამეზარდა, ბევრი გატაცება მაქვს, მაგრამ ჩემს პროფესიულ საქმიანობას მხოლოდ ფიგურულ სრიალსა და ცეკვებთან ვაკავშირებდი. რუსეთში არ ვმუშაობ იმიტომ, რომ ვფიქრობ, ზედმეტად რბილი და კეთილი ხასიათი მაქვს რუსეთისთვის, თუმცა ძალიან მოხარული ვიყავი, ქორეოგრაფად რომ ვიმუშავე არდადეგებზე.
ალექსანდრას მომზადების დროს, 2000-იანი წლების დასაწყისში, შეუძლებელი იყო იმდენ ხანს გევარჯიშა, რამდენიც საჭირო იყო: არ იყო საკმარისი სასრიალო მოედნები. კონკურენცია ყოველთვის უზარმაზარი იყო, ამბობს იევლევა, მწვრთნელები - სასტიკები, სპორტსმენის დატვირთვა კი - კოლოსალური.
- ჩემს დროს ყველაფერი დაკავებული იყო ჰოკეის გამო, ჩვენი მწვრთნელები, პირდაპირი გაგებით, თითოეული ხუთი წუთისთვის იბრძოდნენ, მათი სპორტსმენები ყინულზე რომ ყოფილიყვნენ, - იხსენებს მოციგურავე. - ვარჯიშების ინტენსივობა და დატვირთვა სპორტის ყველა სახეობაში იზრდება, სპორტის ყველა სახეობა ვითარდება, ტექნიკა იხვეწება.
ვფიქრობ, 40 წლის წინაც იყვნენ ისეთები, ვინც ვერ უძლებდნენ ზეწოლას, მწვრთნელები ყველა დროში ძალიან მკაცრები იყვნენ. მარტო დატვირთვა ხომ არ იმატებს, იხვეწება ტექნიკა და ვარჯიშის რეჟიმი, კვება, და ყველა სხვა დანარჩენი. ახლა სპორტში პროფესიონალთა გუნდები მუშაობენ.
ეს არ ნიშნავს, რომ ადრე უფრო ადვილი იყო და არ არსებობდა ნერვული მოშლილობა. მე არ მგონია, რომ ეს ასე მოქმედებს ჯანმრთელობაზე. უბრალოდ, როცა ფიზიკურად ვერ უმკლავდები ვარჯიშებს, სპორტიდან მიდიხარ. სპორტსმენები იმთავითვე ძალიან ჯანმრთელი ხალხია, არავის ვიცნობ, რომელიც სპორტის მერე ნაკლებად ჯანმრთელია, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც დიდი სპორტიდან არ არიან.
კიდევ ერთი „მითი“, ამბობს იევლევა, არის ის, რომ სპორტის შემდეგ მხოლოდ ან მწვრთნელად სამუშაოდ უნდა წახვიდე, ან დეპუტატად -სახელმწიფო დუმაში. ძლიერმა სპორტსმენებმა პოლიტიკაში წასვლა 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე ალექსანდრ კარელინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სახელმწიფო დუმის დეპუტატი გახდა.
„ერთიან რუსეთში“ შევიდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, სპორტული ტანმოვარჯიშე, სვეტლანა ხორკინა. ალინა კაბაევა, ანტონ სიხარულიძე და სვეტლანა იშმურატოვა ასევე დეპუტატები გახდნენ. ვლადისლავ ტრეტიაკი, ირინა როდნინა და სვეტლანა ჟუროვა დღემდე იქ არიან. კიდევ დიდხანს შეიძლება ჩამოთვლა.
- მე ვფიქრობ, რომ სრული მითია, მათ მიერ მოგონილია, ვინც ღამე ჭამს და ვისაც სირბილი არ უყვარს, მაგრამ ძალიან უყვარს დიდი სპორტის განხილვა, - ამბობს იევლევა, - ეს თითოეულის არჩევანია, რით დაკავდეს ცხოვრებაში, მიმაჩნია, რომ ყოფილი სპორტსმენები უფრო ადვილად აღწევენ წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ამის უამრავი მაგალითი ვიცი.
სახელმწიფო დუმაში ბევრი მომღერალი და მსახიობია, ეს არ ნიშნავს, რომ თუ ბავშვობიდან მუსიკით იყავი დაკავებული, მაშინ შენი ადგილი პოლიტიკაშია. ყველა მწვრთნელი არის ყოფილი სპორტსმენი, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი საყვარელი საქმის გაგრძელება, და სრულებით არა იმიტომ, რომ სხვა არაფერი შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ ეს მათი არჩევანია.
ძნელია დატოვო ბავშვობის მეგობრების საყვარელი წრე და ის, რაც გიყვარს. ვიმედოვნებ, კვლავაც ასე იქნება და არასდროს ვიხილავთ მწვრთნელს, რომელიც ადრე ციგურებზე არ მდგარა. ბევრი სპორტსმენი სპორტის მერე საქმიანობის სრულიად სხვა სფეროებშია წარმატებული. სპორტი ბავშვობიდან აყალიბებს კავშირს „მიზნები - მომზადების გეგმა“, ავითარებს წარმატების მიღწევის უნარს და დაგეგმვის უნარს - როგორ მიაღწიო წარმატებას.
კურდღლები და „შერიგება“
მათ შორის, ვინც „საქმიანობის სხვა სფეროშია“ სპორტის შემდეგ, არის ანა პოგორელოვა (ბონდარენკო). მსოფლიო ჩემპიონი იუნიორებს შორის ესტაფეტაში, მან ბიათლონი 11 წლის ასაკში დაიწყო, იქამდე დიდ ჩოგბურთში იყო. სპორტსმენს გაუმართლა და სოჭი-2014-ის ექსპერიმენტულ გუნდში მოხვდა ცნობილ საბჭოთა და რუს მწვრთნელთან, ნიკოლაი ლოპუხოვთან.
მის აღზრდილთა შორის არიან ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლიუბოვ ეგოროვა, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლარისა ლაზუტინა, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ნინა გავრილიუკი და სხვები.
- მე ბიათლონი ავირჩიე, იმიტომ რომ თხილამურები - თავისუფლებაა, - ამბობს პოგორელოვა. - ეს სიჩქარეა, რომელსაც შენს გაგრძელებად აღიქვამ და რომელიც შენზეა დამოკიდებული. სულისშემკვრელი განცდაა! საბავშვო სპორტი საოცარი გამოცდილებაა, მაგრამ ეს საოცრება პლუსით შემობრუნდება თუ მინუსით, დიდწილად მწვრთნელის პირად თვისებებზეა დამოკიდებული.
საზოგადოებასთან, სიმამაცესთან, თავდაჯერებულობასა და საკუთარ თავზე დამოკიდებულებასთან ერთად, სპორტს შეუძლია და აქვს უნარი, გაგტეხოს - აქ მნიშვნელოვანია ყურადღებიანი ოჯახი. ჩემდა ბედად, ნიკოლაი პეტროვიჩ ლოპუხოვი ჩემში უფრო მეტს ხედავდა, ვიდრე სპორტსმენს, ბევრი სპორტული ბედი ჰქონდა ნანახი, მათ შორის, მძიმე, და ჩემთვის ბედნიერება სურდა, რომელიც ოქროს მედლების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ეს მხარდაჭერა მანიჭებდა შინაგან თავისუფლებას და იმის ცოდნას, რომ სწორად ვიქცევი, სპორტიდან რომ მივდივარ, თუმცა კი ფეხები უკან მრჩებოდა.
ჩემპიონატის შემდეგ ანამ სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა ოჯახისა და „მიწაზე“ ცხოვრების გამო. 10 წლის შემდეგ ყოფილი ბიათლონისტი პროფესიულ სპორტს ნარკოტიკებს ადარებს, რომლისგან „გასათავისუფლებლადაც“ წლებია საჭირო.
- ვნანობ თუ არა, რომ წავედი? არა! ისინი, ვისაც ვეჯიბრებოდი და ვისთან ერთადაც ვიდექი კვარცხლბეკზე, დღემდე დარბიან, მე კი მრავალი სხვადასხვა მიმართულებით სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ, და სპორტი მხოლოდ მის ნაწილად დარჩა და მისი პარალიზება არ მოუხდენია, - ამბობს პოგორელოვა. - რეჟიმს სპორტში ყველა სფერო
ექვემდებარება, ჩვენ არ გვრჩებოდა დრო და ძალა შემოქმედებისთვის, ოჯახისთვის ან მეგობრებისთვის.
ყველაფერი ორიენტირებული იყო შედეგზე - ეს განასხვავებდა რუს სპორტსმენებს. მე ვხედავ, რომ მიმართულება იცვლება, და მადლობა ღმერთს, ვხედავ სპორტსმენებს, რომლებიც ირჩევენ, რომ იცხოვრონ ახლა, სპორტის დროს, და არ ელოდებიან შორეულ და აუხდენელ „მერეს“.
როცა სპორტი შენს ცხოვრებაში გაჩნდება იქამდე, სანამ საკუთარი თავის გაცნობიერებას დაიწყებ, სხეული იმდენად ეჩვევა დატვირთვებს, ციკლურობასა და ამოცანებს, რომ ცხოვრების ახალ სცენარზე გადასვლა ძალიან რთულია. მე წლები დამჭირდა საკუთარ რეაქციებზე ცნობიერი დაკვირვებისთვის, რომ ამისგან გავთავისუფლებულიყავი.
ახლა, როცა გაზაფხულობით სირბილს ვიწყებ, დღემდე, ძველი ჩვეულებისამებრ, მესიზმრება, როგორ მივდივარ წვრთნებზე და თავზარდაცემული ვფიქრობ, ვისთან დარჩნენ ბავშვები... უცნაურია, აგერ უკვე 12 წელია, რაც „შევეშვი“ - სწორედ ასე ამბობენ სპორტსმენები, პირდაპირი ანალოგიაა ნარკოტიკებთან. ბოლო წვრთნები ნიკოლაი პეტროვიჩთან ორიოდ თვის წინ დამესიზმრა. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
მას ჩემი მეგობრის ქორწილში შევხვდი, მასთან იმდენი სითბო მაკავშირებს, რომ სიხარულით გავაცნობდი ჩემს შვილებს, მაგრამ რაღაცნაირად არ ყოფილა ამის შესაძლებლობა
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, ანამ ბინა გაყიდა, იყიდა 11 ჰექტარი მიწა, მაგრამ ვალუტის კურსი დაეცა, ფული აღარ იყო საკმარისი, შემდეგ კი ავარიაში მოყვა. ამას მოჰყვა რთული ვითარება ბიზნესში და ჯანმრთელობის ხანგრძლივი აღდგენა - ხერხემლის ორი მალის მოტეხილობისა და ელენთის ამოჭრის გამო.
ფორმის აღდგენა ძლიერი სპორტული ორგანიზმის წყალობით მოხერხდა.
დღეს უკვე საკუთარი კურდღლის ფერმა აქვს ქალაქ კოლომნასთან, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი, ჰყავს ოთხი შვილი და გულწრფელი ბლოგი ინსტაგრამში „შერიგების შესახებ“, ათობით ათასი გამომწერით.
- ვფიქრობ, რომ სპორტმა და ვარჯიშებისას ჩემს თავთან სიმარტოვეში გატარებულმა დრომ გამიხსნა კავშირი ჩემს სულიერებასთან, ახლა ეს გამოცდილება გადაეცემა მათ, ვისთანაც ვმუშაობ. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ სპორტის და ყველა იმ მომენტის, რომელიც მან მაჩუქა, მაგრამ ვუსურვებდი ასეთ გამოცდილებას ჩემს შვილებს? არა. სხვისი გამოცდილების მიხედვით სწავლა - არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომელიც ბევრ დროსა და ძალას ზოგავს, - ამბობს ყოფილი ბიათლონისტი.
„ეს მშობელთა მოვალეობა და უფლებაა“
კამილა ვალიევას გარშემო სკანდალის შემდეგ მის მწვრთნელს, ეთერ თუთბერიძეს გაახსენეს თავისი მოწაფეების მიმართ მკაცრი მოპყრობა. მას ბრალად სდებენ იმაში, რომ არაერთ ახალგაზრდა სპორტსმენს „ბედი დაუმსხვრია“, იხსენებენ მის მკაცრ გამონათქვამებს და მისი ფიგურისტების ტრავმებს. რუსულენოვან ტვიტერში პოპულარული გახდა ჰეშტეგი #სირცხვილითუთბერიძე, გაიხსენეს იულია ლიპნიცკაია, რომელმაც კარიერა დაასრულა ანორექსიის მკურნალობის შემდეგ, ასევე ადიანა პიქცეევა, რომლისგანაც თუთბერიძე მოითხოვდა ეციგურავა მიუხედავად ზურგსა და ფეხში ტკივილებისა.
- საშინელება ისაა, რომ სპორტსმენები მცირე ასაკში, როცა მწვრთნელების მომთხოვნელობას (ხშირად გადაჭარბებულს), სიმკაცრეს (ხანდახან სისასტიკეს), სიმკვეთრეს (უხეშობას) ისე იღებენ, თითქოს ეს სპორტულ პირობებში ნორმა იყოს, ამბობს პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, სპორტული ფსიქოლოგი, ოლგა ტიუნოვა, რომელიც 40 წელიწადი ამ სფეროში სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ საქმიანობას ეწევა. შევძელი ამაში დავრწმუნებულიყავი, დასძენს ის.
ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების პოზიცია. რაც შეეხება ბავშვების სპორტულ ცხოვრებას, მეთვალყურეობაა საჭირო. ეს მშობლების მოვალეობა და უფლებაა. ყველა მწვრთნელს მუშაობის საკუთარი სტილი აქვს, ეს ასეა. მათი დამოკიდებულება სპორტსმენის მიმართ გარკვეულად „დედაშვილურია,“ გარკვეულად კი „მბრძანებლური“, მაგრამ კარგი უნდა იყოს. შეუძლია თუ არა მწვრთნელს, იყოს ფსიქოლოგი თავისი სპორტსმენებისა და გუნდისთვის? დიახ, რა თქმა უნდა.
მაგრამ სწორედ ახლო ურთიერთობები უშლით მათ ხელს, მოძებნონ დამატებითი რესურსები და დაძლიონ განხეთქილება, რომელიც ხელს უშლით მათ, მაგრამ რომელიც უკვე ჩვეული გახდა მათთვის.
ამასთან, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სპორტში ერთმანეთის გვერდით ორი სიმართლე არსებობს: მწვრთნელების სიმართლე და სპორტსმენების სიმართლე. ამისთვისაა საჭირო სპორტული ფსიქოლოგის გვერდზე ყოლა. ის, არის რა ორივე მხარისგან თანაბრად დაშორებული, ვითარებას უფრო ფართოდ ხედავს, შეუძლია ყველაფერში გამოსადეგი იყოს, მათ შორის, კონფლიქტური ვითარების გადაწყვეტასა და მის თავიდან აცილებაში.
როგორ ახერხებენ „დიდ სპორტში“ მოსული ბავშვები და მოზარდები წნეხსა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას?
ოლგა ტიუნოვა:
ბავშვები და მოზარდები, რომლებიც სპორტს მისდევენ, გამოიმუშავებენ გარკვეულ ძირითად ფსიქოლოგიურ გამძლეობას. თავიდან მათ ძალიან სჭირდებათ მწვრთნელის რჩევა, შემდეგ მათ ფსიქოლოგიურ თანხლებაში ერთვებიან მშობლები და ბოლოს, სპორტსმენი ენდობა თავის ფსიქოლოგიურ შეგრძნებებს. როცა ასეთი სპორტსმენი მიმართავს სპორტულ ფსიქოლოგს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფსიქოლოგიური მომზადების წინა ეტაპები დასრულდა და ახლა მას სჭირდება, მოზრდილების მსგავსად, ცალკე „ფსიქოლოგიური მომზადების მწვრთნელი“.
ასეთი გადაწყვეტილება არის სპორტსმენის პროფესიონალიზმის და არა მისი სისუსტის ნიშანი. სპორტი ავითარებს ფსიქოლოგიურ თვისებებს, რომლებიც სპორტსმენს აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს და გამოავლინოს შეჯიბრების დროს საჭირო „ოპტიმალური საბრძოლო მდგომარეობა“.
თუ განვიხილავთ რუსეთის ნაკრები გუნდის საერთო მომზადებას (ფსიქოლოგიურის ჩათვლით), დარწმუნებული ვარ, რომ ის საკმაოდ მაღალია. აი, ამის დასტური: სპორტულ შედეგზე მოქმედებს ყველაფერი, მათ შორის ფსიქოლოგია და დღეს (16 თებერვლის საღამოს) მედლების რაოდენობით მეორე ადგილზე ვართ.
რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს, როგორიც მოხდა ანტისადოპინგო წესების დარღვევით კამილა ვალიევას მომზადებისას, ეს ცალკე ამბავია.
ვფიქრობ, რომ სპორტსმენმა გოგონამ უნდა გამოავლინოს სწორედ ის პროფესიონალიზმი: საკუთარი ბრალი გამოყოს უფროსების დანაშაულისგან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მისი მომზადების სისუფთავესა და ხარისხზე, არ დაუჯეროს პოლიტიკაზე ლაპარაკს, დასკვნა გამოიტანოს მომხდარიდან და მომავალშიც გააკონტროლოს ის ყველაფერი, რაც მის მომზადებას ეხება (გაარკვიოს, დასვას შეკითხვები, გამოხატოს ეჭვი და სხვა), მოამზადოს ჟურნალისტების შეკითხვებზე თავისი პასუხები და ნუ შეეშინდება მათთან ურთიერთობის.
ძნელია სპორტსმენებისთვის კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი „თავის პოვნა“? მწვრთნელის კარიერის დაწყება ეს გამოუვალი მდგომარეობაა თუ სპორტის სიყვარული?
საოცარი ამბავია: სასკოლოს ასაკის სპორტსმენთა ნახევარი, რომლებიც მოდიან საკონსულტაციოდ, პრაქტიკულად უკვე აღარ სწავლობენ, მეორე ნახევარი სწავლაში წარჩინებულია. მათთან, ცხადია, მომავალზე ვმსჯელობთ, ვთხოვთ, წარმოიდგინონ თავიანთი სპორტული გზა და თვითრეალიზაციის შემდგომი ვარიანტები.
ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა სპორტსმენს არ სურს მწვრთნელობა, დამაფიქრებელია.
ამ დროს, საჭიროა ფრთხილად გავარკვიოთ მათი ურთიერთობის დინამიკა, ატმოსფერო გუნდში და წვრთნის სისტემაც.
იმ სპორტსმენების მშობლებსა და მწვრთნელებთან, რომლებიც მერვე კლასში არიან, ცალკე სამუშაოს ვატარებთ კარიერის საკითხებთან დაკავშირებით. ხოლო სპორტსმენებს, რომლებსაც სპორტი უყვართ, მაგრამ არ არიან შთაგონებული თავიანთი მწვრთნელების მაგალითით, შეიძლება ვურჩიოთ განათლების მიღება სპორტული მენეჯმენტის, ჟურნალისტიკის, მედიცინისა და ფსიქოლოგიის სფეროში.
სხვათა შორის, პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც განათლებას იღებენ ფიზიკურ კულტურაში, სპორტულ საქმიანობასთან ერთად, შეგნებულად იღებენ მეორე უმაღლეს განათლებას და გადიან მომზადების პროგრამას. სპორტული გამოცდილება მათ ნებისმიერ ასპარეზზე ეხმარება.