Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოშმარების მოსაწყენი სილამაზე


„კოშმარების ხეივანი“ ( „Nightmare Alley“, აშშ, რეჟისორი გილერმო დელ ტორო, 2021)

ურჩხულების, მონსტრების სიყვარული არახალია ჰოლივუდში დამკვიდრებული მექსიკელი რეჟისორისთვის, რომლის თაყვანისმცემელი პირადად მე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა მისი „წყლის ფორმის“ ნახვა კინოთეატრში, უნდა ვაღიარო, სახალისო იყო. არსებითად ჩვენთვისაც არახალია იმის მტკიცება, რომ „ადამიანი ურჩხულია“, ხოლო როცა ამის გასახსენებლად ორსაათნახევრიანი ქრონომეტრაჟი გჭირდება, მაყურებელმა შეიძლება უხერხულად იგრძნოს თავი, ანდა, უბრალოდ მოეწყინოს.

„კოშმარების ხეივანი“ უილამ ლინდსი გრეშემის 1946 წელს გამოქვეყნებული რომანის ეკრანიზაციაა და არა უბრალოდ რიმეიკი „ნუარის“ ჟანრში გადაღებული ამერიკული ფილმისა, რომელიც წიგნის დაბეჭვიდან ცოტა ხანში გამოვიდა ეკრანებზე. ძველი ფილმი არ მინახავს, თანაც ვითვალისწინებ დელ ტოროს თხოვნას არ განვიხილოთ მისი სურათი, როგორც რიმეიკი და თუ მაინც და მაინც შედარება გვინდა, განვიხილოთ როგორც ეკრანიზაცია.

სხვათა შორის ზუსტად იგივე სთხოვა მაყურებელს ახალი „ვესტსაიდის ისტორიის“ ავტორმა, სტივენ სპილბერგმა. კრიტიკოსების ნაწილმა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა დელ ტოროსა და სპილბერგის ეს წინადადება. ორივე შემთხვევაში ძველი ფილმები გაიხსენეს და არაერთმა კრიტიკოსმა უპირატესობა როგორც თავადა აღნიშნავდნენ „ორიგინალს“ მიანიჭა. რაც შეეხება პუბლიკას - ორივე ფილმი ფაქტობრივად ჩავარდა როგორც კომერციული პროექტი. უფროსი ასაკის მაყურებელი, ვისთვისაც განკუთვნილი იყო დელ ტოროს და სპილბერგის სურათები კოვიდის გამო კინოთეატრებში არ დადის. თანაც, დელ ტოროს ფანი თუ არ ხარ და ახალგაზრდული სისხლი გიჩქეფს, არ ვიცი რა გაგაჩერებს ამ ფორმალისტურ სანახაობაზე, რომელშიც ყველაფერია სისხლის და სიცოცხლის გარდა.

წიგნის პირველი ეკრანიზაცია არა, მაგრამ ზეპირად ვიცი ძველი ამერიკული ფილმი „გონჯები“, რომელსაც აუცილებლად გაგახსენებთ „კოშმარების ხეივანი“ (დელ ტორო რამდენჯერმე ამ სურათის პირდაპირ ციტატებსაც კი მიმართავს). აქაც მოქმედების დიდი ნაწილი ვითარდება ცირკში, სადაც თავიდან უბრალო მუშად გაფორმდება ფილმის მთავარი გმირი, სტენტონი, ერთი უჟმური კაცი ბრედლი კუპერის შესრულებით. დროთა განმავლობაში ისიც ოსტატტდება, როგორც არტისტი (და როგორც შარლატანი) და პუბლიკის აზრების წაკითხვას იწყებს. ეგაა რომ ეს „დროთა განმავლობაში“ უსაშველოდ იწელება - ფილმში ჩნდებიან ახალი

პერსონაჟები, ზოგიერთი მართლაც დასამახსოვრებელი (რუნი მარა და კეიტ ბლანშეტი ყველაფერს აკეთებენ, რათა ცოტა ხნით მაინც გამოაფხიზლონ მაყურებელი), მაგრამ უფრო მეტად არაფრის მთქმელი, „ჩადგმული“ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სჭირდება ატმოსფეროს შექმნას, პრინციპულად მოღუშული, „შავი“ ფილმის იერსახეს - როგორც ყოველთვის ეფექტურს, დასამახსოვრებელს, მაგიური შუქით და გრანდიოზული დეკორაციებით, მართლა რომ არა ჰგავს არაფერს, მაგრამ მეტისმეტად უმოძრაოს, უსიცოცხლოს (მაშინაც კი, როცა შავი ფერის ნიუანსებზე კადრში სილამაზისგან ზოგჯერ სუნთქვა გეკვრის). ტოდ ბროუნინგს სულ ერთი საათი და 10 წუთი დაჭირდა იმისათვის, რომ ჩაეტია სათქმელი კინოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაპოლიტკორექტული „ჰორორისთვის“. ალბათ იმიტომ, რომ პოეტი იყო და არა უბრალო ფორმალიტი-დიზაინერი დელ ტოროსავით, რომელიც ფსიქოანალიზის, როგორც მეცნიერების კრიტიკის პროცესში („თაღლითების და მანიპულატორების საქმე!“) დასაქოქ სათამაშოს აკეთებს, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ის ურჩხულები, რასაც ვერა ვერ ელევა თავის შემოქმედებაში, ადამიანებზე უფრო საყვარლები არიან. შეიძლება ყველა ასეთი არაა, მაგრამ ამ თეთრკანიან მამაკაცებს და ქალებს, რომელთა ცხოვრების წესს სწორედ თაღლითობა და მანიპულაცია განსაზღვრავს, ცბიერების ხარისხში ვერც ერთი ველური, ვერც ერთი „გონჯი“ ვერ შეედრება; ურჩხულებს იმდენი ჭკუა არა აქვთ რომ ისე დახვეწილად იძალადონ, როგორც ამას „ცივილიზებული ადამიანი“ აკეთებს.

სადღაც ფილმის ექსპოზიციის დასრულების შემდეგ ავტორის პოზიცია ცხადი ხდება და მაყურებელს, რომელსაც არა აქვს საშუალება უთანაგრძნოს რომელიმე ერთ პერსონაჟს მაინც, უფრო სწორად გაპრიალებულ-გალამაზებულ მანეკენებს (მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა გმირის ქმედება ახსნილია წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმებით) ისღა რჩება დატკბეს დელ ტოროს „დიზაინური“ გამოგონებებით. პირადად ჩემთვის ასეთ კინოს, უკვე მრავალჯერ მოსმენილი გზავნილით „შემხედეთ, რა მაგარი სტილისტი ვარ“, ბევრი არაფერი აქვს საერთო დიდ შედევრებთან. და როგოც ჩანს, არა მარტო ჩემთვის; მსოფლიოში ჯერჯერობით „კოშმარების ხეივანს“ ნახევრად ცარიელ დარბაზებში უჩვენებენ. მაგრამ რეჟისორის სასახელოდ ერთი რამე მაინც უნდა ითქვას - მაგიური კინოს ოსტატი, გილერმო დელ ტორო თანაარსებობის ეფექტს არა თუ ვერ ქმნის, არამედ პრიციპულად არ ქმნის. ამ სოციალური დეტერმინიზმით მეტისმეტად დამძიმებულ სურათში არ ფარისევლობს და იმას არ აკეთებს, რაშიც ადანაშაულებს თავის გმირებს. დისტანცია მაყურებელთან სწორედ იმიტომაა ასე ხაზგასმული, პირობითობის თამასა კი იმიტომაა ასე აწეული, რომ მას სულაც არ უნდა თავად იქცეს სტენტონად.

ამ წინააღმდეგობის შესახებ შეიძლებოდა გენიალური ფილმის გადაღება დელ ტოროს თუნდაც სამშობლოში, მექსიკაში რომ გაეგრძელებინა მოღვაწეობა, სადაც უფრო თავისუფალი იქნებოდა თუნდაც როგორც მეორე დიდი მექსიკელი კინორეჟისორი, კარლოს რეიგადასი. შეიძლებოდა, მაგალითად, ამ ფორმალისტური ტკბობის ნაცვლად გაძლიერებულიყო ისტორიული ფონი. ბოლოს და ბოლოს ამბავი, რომელსაც გვიამბობენ ავტორები, მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს; ნაცისტები შეიჭრნენ პოლონეთში, ამერიკა კი ამ დროს მაგიებით, ჯადოქრობით და კარნავალებით ერთობა (ო, როგორი აქტუალურია ეს ყველაფერი ჩვენთვის!) მაგრამ დელ ტორომ კინემატოგრაფიული ელიტა და „ოცნებების ფაბრიკა“ აირჩია, ანუ სივრცე, სადაც დიდია რისკი გადაიქცე ინდუსტრიის მარიონეტად. აქ ჯერ ერთი ოდითგანვე უყვართ მანიპულაცია და მეორეც, გაგიწყრებიან თუკი გარკვეული წესები დაარღვიე. 9 თებერვალს, როცა ამერიკის კინოაკადემია „ოსკარის“ ნომინანტების სიას გამოაქვეყნებს, გაირკვევა ვცდები თუ არა. იქნებ მართლა შეიცვალა ჰოლივუდი და დელ ტოროს პოზიცია დაუფასეს?

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG