Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუს „ინსპექცია“ ბელარუსში და სტოლტენბერგის გაფრთხილება


უკრაინის გარშემო უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთსა და რუსეთს შორის წამოჭრილი დაპირისპირების ფონზე, 8 თებერვალს ბელარუსში სტარტს აიღებს რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი, ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“, რომელიც ბელარუსის არმიის მოდერნიზებას და საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, რუსეთთან ერთად, ერთობლივი სამხედრო ამოცანების შესრულებას ისახავს მიზნად.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დღესვე ბელარუსში რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან ჩაიტანეს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 „ტრიუმფი“, რომელმაც სხვა საავიაციო საშუალებებთან ერთად ჰაერიდან უნდა უზრუნველყოს სწავლებაში მონაწილე შთამბეჭდავი რუსული სამხედრო ძალის დაცვა.

წინასწარი ინფორმაციით, ათდღიან ერთობლივ მანევრებში, რომელიც 10 თებერვალს დაიწყება, 13 000 ქვეითი ჯარისკაცი, 3500 საჰაერო მედესანტე, 300 ტანკი და 500 ჯავშანმანქანა მიიღებს მონაწილეობას. ნატოში აცხადებენ, რომ პირადი შემადგენლობის რაოდენობა მთლიანობაში სულ მცირე 30 000 კაცს შეადგენს.

სამხედრო ძალთა ასეთ მასშტაბურ კონცენტრაციას ცივი ომის შემდგომ ბელარუსის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი რუსული სამხედრო გაშლა უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„მოულოდნელი“ და „გასაიდუმლოებული“ სამხედრო სწავლება

ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში მონაწილეობისთვის მოსკოვმა ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დანაყოფების გადასროლა. თუმცა ცნობა რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ პირველად სხვადასხვა არაოფიციალური წყაროს მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სამხედრო ექსპერტები და დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ს, წინა წლების რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისგან (იმავე „დასავლეთი 2021“-ისგან) განასხვავებს მოულოდნელობა და გასაიდუმლოებული ხასიათი.

კერძოდ, ბოლო დრომდე არც რუსეთის და არც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროებს არ შეუფასებიათ სწავლებაში ორივე მხრიდან მონაწილე ძალების რაოდენობა.

სამხედრო კონფლიქტებზე მომუშავე სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, პროექტ Conflict Intelligence Team-ის შეფასებით, მხოლოდ რუსეთის მხრიდან ერთობლივ სწავლებაში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი უნდა მონაწილეობდეს.

„შორეული აღმოსავლეთიდან ბელარუსისკენ მოემართება მრავალი ტექნიკა - ტანკები და მოტომსროლელი ნაწილები. ჩვენი დასავლელი კოლეგები მიიჩნევენ, რომ საუბარია რუსეთის სამხედრო ნაწილებში არსებულ 10-15 ტაქტიკურ-საბატალიონო ჯგუფზე... თითოეული ასეთი ნაწილი დაახლოებით 600-1000 ჯარისკაცს ითვლის. ამ ანგარიშით, 10 000 მებრძოლზე მეტზე უნდა იყოს საუბარი. ეს ნაწილები დაკომპლექტებული არიან კონტრაქტით აყვანილი მებრძოლებით, რომლებიც ითვლებიან უფრო მეტად ქმედუნარიანებად და მზად არიან ასეთი გადასვლისთვის“, - ამბობს საგამოძიებო პროექტ Conflict Intelligence Team-ის მკვლევარი, კირილ მიხაილოვი.

3 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ცივი ომის შემდგომ რუსეთის მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე ძალთა ყველაზე დიდი გაშლა უწოდა ერთობლივ წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ში ჩართულ რუსეთის სამხედრო ძალას.

„ბოლო დღეებში ჩვენ მოწმენი გავხდით რუსეთის მნიშვნელოვანი ძალების გადაადგილებისა ბელარუსში. ცივი ომის შემდეგ ეს არის რუსეთის ძალების უდიდესი გაშლა (ბელარუსში). მოსალოდნელია, რომ ეს იქნება 30 0000 რუსი მებრძოლი, სპეცდანიშნულების ძალების დანაყოფი, სპეცრაზმი. მათ შორის, СУ-35 ტიპის გამანადგურებელი, ორმაგი დანიშნულების „ისკანდერის“ რაკეტა და საჰაერო თავდაცვის სისტემა С400. ასე რომ, ჩვენ ვლპარაკობთ თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობების ფართო სპექტრზე, რასაც ემატება რუსეთის ბირთვული ძალების ყოველწლიური მეცადინეობა, რომელიც ამ თვეში გაიმართება“, - განაცხადა 3 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა,

იენს სტოლტენბერგმა კვლავ მოუწოდა რუსეთს დეესკალაციისკენ და გაიმეორა, რომ ნებისმიერი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება.

„ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფოსთვის“

სააგენტო „როიტერსმა“ გამოაქვეყნა 1 თებერვალს და უფრო ადრე გადაღებული სატელიტური ფოტოები, რომელზეც ჩანს რუსეთის სამხედრო ძალების, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების, მასობრივი კონცენტრაცია უკრაინის გარშემო მდებარე როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის პოლიგონებზე.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც მინსკის სამხრეთით, სამხედრო პოლიგონ ოსიპოვიჩში დისლოცირებული სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციაა ასახული, „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსი უნდა ჩანდეს.

რუსული წარმოების „ისკანდერის“ რაკეტებს 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ მიზნის დიდი სიზუსტით განადგურება.

ბელარუსის ხელისუფლება მართალია არ ავრცელებს თავის ტერიტორიაზე შესული რუსული სამხედრო დანაყოფების პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის შესახებ ზუსტ მონაცემებს, მაგრამ ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობა დროთა განმავლობაში ბელარუსში დაიდებს ბინას.

„ჩვენ დიდი რაოდენობით ტექნიკა გადმოვისროლეთ რუსეთიდან ბელარუსში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგეგმავთ თქვენგან პრაქტიკულად მთელი ამ ტექნიკის შეძენას... ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფოსათვის დღეს, იმის გამო, თუ როგორ იქცევიან ნატო და უკრაინა, რომელიც ალიანსისკენ ისწრაფვის“, - ასე მიმართა ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, 3 თებერვალს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგი შოიგუს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბელარუსში იმყოფება და ერთობლივი მანევრების საბოლოო ფაზის დაწყებამდე იქ დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნას ეცნობა.

ბელარუსში რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს დაემთხვა ბელარუსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უკრაინული „დრონის“ გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი.

3 თებერვალს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი, რომელსაც გადაეცა „მტკიცე პროტესტი“ უკრაინის ტერიტორიიდან უპილოტო თვითმფრინავის „მიზანმიმართული შეჭრის“ გამო ბელარუსის ტერიტორიაზე.

მინსკი ამტკიცებს, რომ 24 იანვარს უკრაინულმა დრონმა გადაკვეთა ბელარუსის საზღვარი, მაგრამ იგი გადაიტაცა ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ და აიძულა მიწაზე დაშვება.

„საბორტო აპარატურის ანალიზით ცხადი ხდება, რომ დრონი გაშვებულ იქნა უკრაინის ტერიტორიიდან და მიზნად ისახავდა უკანონო საქმიანობას პოლიგონ „ბრესტის“ თავზე“, - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მითითებული პოლიგონი ერთ-ერთია იმ რამდენიმე სამხედრო პოლიგონს შორის, რომლებზეც რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნა „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის მოსამზადებელი ფაზა მიმდინარეობს.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი, ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნის „საკავშირო სიმტკიცე 2022“-ის დაწყებამდე, ვაშინგტონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა შესაძლოა მოხდეს სწორედ ბელარუსიდან, სადაც ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა რუსეთის ლიდერის დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას ქვეყანაში 27 წლის განმავლობაში.

აშშ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სწავლებაში მონაწილე დანაყოფებს წვრთნების ლეგენდით შემდგომი სამხედრო ამოცანების შესრულება მოუწევთ:

  • სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერება შესაძლო რაიონებში, საიდანაც მოსალოდნელია უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეჭრა ბელარუსში;
  • იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა საშუალებების არხების ბლოკირება;
  • მოწინააღმდეგის შეიარაღებული ფორმირებებისა და დივერსიული ჯგუფების მოძიება, ბლოკირება და განადგურება.

და იმ დროს, როდესაც რუსი და ბელარუსი სამხედროები ერთობლივი წვრთნის დასკვნითი ფაზისთვის ემზადებიან, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის შესახებ. შესაბამისი განკარგულება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ კირბის ინფორმაციით, გერმანიაში დისლოცირებული ამერიკული ესკადრილიიდან რუმინეთში გაიგზავნება 1000 სამხედრო, რომლებიც ამ ქვეყანაში მყოფ 900 ამერიკელ ჯარისკაცს შეუერთდებიან. კირბის განმარტებით, ამ ძალების დანიშნულებაა აგრესიის შეკავება და მოკავშირე სახელმწიფოების თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცება. ჩრდილოეთ კაროლინის შტატში მდებარე სამხედრო ბაზიდან პოლონეთსა და გერმანიაში გაემგზავრება 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, ევროპაში ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის განთავსების გადაწყვეტილება მიღებულია ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციით. ჯონ კირბის განცხადებით, ეს ძალები არ აპირებენ უკრაინაში ბრძოლას და მათი მიზანია ნატოელი მოკავშირეების საიმედო დაცვის უზრუნველყოფა. როგორც კირბიმ თქვა, აშშ-ს ევროპაში უკვე აქვს მყარი შესაძლებლობები, რაც 80 000-მდე სამხედროს მოიცავს.

ბოლო თვეებში რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 000-ზე მეტი სამხედრო. უკრაინამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა არ გამორიცხეს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას ამზადებს. ამას კრემლში უარყოფენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG