Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ იჩენს ძალას ევროპა უკრაინის კრიზისში


ორი მსოფლიო ომის და ათობით მილიონობით დაღუპული ადამიანის იარები დღემდე ატყვია ევროკავშირის წევრ ბევრ სახელმწიფოს. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დებდა ფულს ევროპა სამხედრო დანახარჯებში.


ახლა კი, როდესაც რუსეთი აძლიერებს ზეწოლას უკრაინის საზღვართან, ევროპა მტკივნეული რეალობის წინაშე აღმოჩნდა: კონტინენტი თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული აშშ-ის ძალაზე მის მიწაზე პოტენციური კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად.
ევროპა ათწლეულობის განმავლობაში უგულებელყოფდა თავდაცვასა და უსაფრთხოებას, ამიტომ დღეს „ევროკავშირს თითქმის არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია“, - ამბობს პიოტრ ბურასი, „საგარეო ურთიერთობების ევროპის საბჭოს“ ექსპერტი. „რუსეთს უბრალოდ მარტივად შეუძლია მისი იგნორირება“.
პრობლემას ევროკავშირიც კარგად ხედავს. გასულ კვირას ბლოკის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა: „ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ან სერიოზულ ინვესტიციებს განვახორციელებთ მოქმედების კოლექტიურ შესაძლებლობებში, ან ვაღიარებთ, რომ საგარეო პოლიტიკის ობიექტები ვართ და არა - სუბიექტები“.

როგორ აღმოვჩნდით ამ ვითარებაში?


ბრიუსელის სამხრეთით მდებარეობს სენ-სიმფორიენის სამხედრო სასაფლაო, სადაც პირველი მსოფლიოს ომის ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლები არიან დაკრძალულნი - გერმანელებიც და მათი ყოფილი მტრებიც. „ომი აღარასოდეს უნდა განმეორდეს“, - ამოიკითხავთ სასაფლაოს სტუმართა წიგნში. აქედან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე მინდორში კი დღემდე პოულობენ 1914-1918 წლებში დაღუპულთა გვამებს. კონტინენტი სავსეა ამ ომში დაღუპულთა სასაფლაოებითა და მემორიალებით.


მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომმა კიდევ დაახლოებით 36,5 მილიონი ევროპელის სიცოცხლე შეიწირა, ცხადი გახდა, რომ რადიკალური ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო.
გერმანია, რომელიც ორივე გლობალური კონფლიქტის მთავარი მოთამაშე იყო, მეზობელ საფრანგეთს მჭიდრო ეკონომიკური ქსლით უნდა დაკავშირებოდა, რაც ომს პრაქტიკულად შეუძლებელს გახდიდა.


ალიანსი, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირად იქცა, სავაჭრო ურთიერთობებით დაიწყო, რომელიც აქცენტს ფოლადზე, ნახშირსა და სოფლის მეურნეობაზე აკეთებდა - არა ჯარისკაცებსა და იარაღზე. ევროპის თავდაცვითი ორგანიზაციის შექმნა სცადეს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა არ ჰქონია.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ გადამწყვეტი როლი ითამაშა ორივე მსოფლიო ომის მოგებაში და, შემდეგ, ატომური არსენალი შეიმუშავა საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, ევროპამ გადაწყვიტა, სამხედრო საკითხებში დიდწილად ვაშინგტონს დაყრდნობოდა.

რატომ არის ეს პრობლემა?


1949 წელს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს შექმნის შემდეგ ევროპელებს შეეძლოთ, თავი ამერიკის სამხედრო ძალის მეშვეობით დაეცვათ, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში იზრდებოდა.


სენ-სიმფორიენის სასაფლაო ახლოსაა ნატოს სამხედრო შტაბთან, რომლის ხელმძღვანელიც ყოველთვის ამერიკელია ხოლმე. შტაბის შორიახლოს რესტორანია, სახელად "Chez L'Oncle Sam", ანუ „ბიძია სემთან“ - კარგი ადგილია ბურგერების და გრილზე გაკეთებული ტეხასურ-მექსიკური კერძების დასაგემოვნებლად. ნატო დღემდე სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. ევროკავშირი გლობალურ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდა, მაგრამ შესაბამისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემები არ განუვითარებია.


„ხშირად ევროკავშირს აღწერენ, როგორც ეკონომიკის გიგანტს, მაგრამ, ამავე დროს, პოლიტიკის ჯუჯას და სამხედრო საქმის ჭიას. ვიცი, რომ ეს კლიშეა. თუმცა, ბევრი სხვა კლიშეს მსგავსად, სიმართლის საბაზისო ელემენტს შეიცავს“, - თქვა ბორელმა.
ეს განსაკუთრებულად ცხადად 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების დროს გამოჩნდა, ევროპული კონფლიქტის დროს, რომლის გადაჭრაში მთავარი როლი სწორედ აშშ-მ შეასრულა.
ამას ემატება ისიც, რომ ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სულ უფრო ტლანქი ხდება და თითოეულ ქვეყანას შეუძლია ვეტოს გამოყენება საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ამ კვირას, მაგალითად, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი პუტინს შეხვდა. ის ისწრაფვის, რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარებით ბუნებრივი გაზის იმპორტი გაზარდოს მაშინ, როდესაც დანარჩენი ევროკავშირი მოსკოვისგან დისტანცირებას ცდილობს.

სკოლები თუ რაკეტები?

აშშ-მ გადაწყვიტა, მეოცე საუკუნე თავისად ექცია და ამას მასიური სამხედრო დანახარჯები მოაყოლა. დასავლეთმა ევროპამ კი აქცენტი კეთილდღეობაზე გააკეთა - ტანკებს საავადმყოფოები და სკოლის შენობები ამჯობინა. ამას ისიც დაემატა, რომ სამხედრო დანახარჯების გაზრდა და აგრესიული რიტორიკა ამ ქვეყნებში საპროტესტო აქციების რისკებს ზრდიდა.


15 წლის წინ ნატოს ევროპელმა წევრებმა პირობა დადეს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვას მოახმარდნენ. 13 ქვეყანა ამ პირობას დღემდე არ ასრულებს. შარშან, მაგალითად, ესპანეთის წილი 1,02% იყო, იტალიისა - 1,41%, გერმანიისა კი - 1,51%.


ევროკავშირის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ ალიანსმა 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში - კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ევროკავშირს სურს, რბილი სუპერძალა იყოს - ეკონომიკური თანამშრომლობით, კულტურული კავშირებითა და განვითარების მხარდაჭერით.
თუმცა, უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილმა კრიზისმა აჩვენა, რომ რბილი ძალა ზოგჯერ საკმარისი არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი - ევროპის ორი ბირთვული ძალის წარმომადგენლები - პუტინთან პირდაპირ სატელეფონო კავშირებს ამყარებენ. დანარჩენი ევროკავშირი კი დიპლომატიურ ძალისხმევაში მონაწილეობას თითქმის ვერ იღებს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ვითარება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, თუ ევროპელები წელში გაიმართებიან“, - დაწერა ალექსანდერ მატელერმა, ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენელმა. „მოსკოვთან მოლაპარაკებების მაგიდაზე პროგრესის მიღწევა მხოლოდ შედარებითი ძალის პოზიციიდან არის შესაძლებელი“.

სტატია მომზადებულია AP-ის მიხედვით.

XS
SM
MD
LG