მას მერე, რაც ინფიცირებულთა ოფიციალური რიცხვი 20 ათასს მიუახლოვდა და გადასცდა, საათობით რიგში დგომის მიუხედავად, ასობით ადამიანი ანალიზის ჩაბარებას მაინც ვერ ახერხებს.
19 წლის ლიზა ორი საათი იდგა ტესტირების მსურველთა რიგში, მაგრამ ვარკეთილის „ევექსის“ კლინიკაში სამედიცინო პუნქტი ისე დაიხურა, რომ რიგმა ვერ მოუწია.
„4-ის ნახევარზე აქ ვიყავი, 6-ის ნახევარია და ვერ შევედი“, - ამბობს სიცხიანი ლიზა, რომელსაც კოვიდის თითქმის ყველა სიმპტომი აქვს.
ლიზას მსგავსად, გუშინ იქ მისულმა 10-ზე მეტმა ადამიანმა ტესტირება ვერ მოასწრო. შესაბამისად, მათი პასუხები დღევანდელ სტატისტიკაში ვერ მოხვდებოდა, თუ მათ „ფასიანი ტესტი“ არ გაიკეთეს და პასუხმაც არ დააყოვნა.
მართალია, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ამ სწრაფ ტესტებს ახლა გავრცელებული შტამის - „ომიკრონის“ მიმართ ნაკლები მგრძნობელობა აქვს, ტესტირებაზე მისულ სიმპტომიან პაციენტებს „უფასო ტესტირების“ სახელმწიფო პროგრამით თავიდან სწორედ „სწრაფ ტესტს“ უკეთებენ. თუ ინფიცირება არ დადასტურდა და სიმპტომები ისევ გაგრძელდა, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს პაციენტს უფასო PCR-ტესტირების უფლება.
მიუხედავად სახელმწიფოს მოწოდებისა, სიმპტომებიანმა პაციენტებმა ყურადღება აღარ გაამახვილონ ტესტირებაზე, რატომ სურს ისევ ათასობით ადამიანს ანალიზის გაკეთება?
გარდა იმისა, რომ მხოლოდ ტესტირებით შეიძლება ზუსტად იმის დადგენა, ხართ თუ არა სახიფათო სხვებისთვის, სწორედ ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში ერთვება პაციენტი კორონავირუსის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმის კონსულტაციას, საჭირო ანალიზებისა და კვლევების დადგენას და მათ დაფინანსებას.
ვარკეთილში, კლინიკა „მედისონში“ კოვიდტესტირების პუნქტი დილიდან იხსნება და საღამოს ოთხზე იხურება. მიუხედავად 6-საათიანი უწყვეტი მუშაობისა, არც დრო და არც სამედიცინო რესურსები ტესტირებაზე მისული მოქალაქეების ნაკადს არ ჰყოფნის.
ბოლო 24 საათში საქართველოში 84 ათასზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა ტესტირება, 31 პროცენტს, ანუ ყოველ მესამეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, სავარაუდოდ, ასეულობით ადამიანმა, სურვილის მიუხედავად, ანალიზის გაკეთება ვერ მოახერხა.
„რა თქმა უნდა, გეთანხმებით, ერთ-ერთი გამოწვევაა ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე - ძალიან დიდია მიმართვიანობა“, - უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რადიო თავისუფლებას.
„მედისონიდან“ რამდენიმე ათეულ მეტრში „ევექსის“ კლინიკების ვარკეთილის ფილიალი მუშაობს. კლინიკის გარეთ დადგმულ ტესტირების ჯიხურთან რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი, ძნელი გასარკვევია, ვინ ვის მერეა.
„ხშირად ამოდის "დადებითი", თქვენ კიდევ დისტანციას არ იცავთ“, - ჩხუბობს კლინიკის თანამშრომელი.
„რიგის ნომერი სად უნდა ავიღო, "ცოცხალი რიგია"? - კითხულობს 50 წლამდე ქალი, რომლის წინ მდგარ ჯიხურის კარზეც პაციენტების რიგის ნომერი 2-3 წუთის ინტერვალით იცვლებოდა.
კლინიკაში ტესტირებისთვის რიგის ნომერს 16:35 საათზე უკვე აღარ გასცემენ. ტესტის გაკეთებას მხოლოდ ის მოასწრებს, ვისაც რიგის ნომერი შეხვდა ან სამუშაო საათების დასრულებამდე „ცოცხალი რიგით“ შესვლას შეძლებს.
თითქმის 5-საათიანი ლოდინის შემდეგ შეძლო 40 წლის დიანამ ტესტის გაკეთება. აქ „მედისონიდან“ მოვიდა, სადაც რიგში ჩადგომისას 148-ე აღმოჩნდა.
„ხუთი დღეა იზოლაციაში ვართ [მე და დედაჩემი], სტუმარი გვყავდა, რომელსაც მეორე დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ სამსახურში ვერ დავდივარ, არ ვიცი, გვაქვს თუ არა ვირუსი“, - ამბობს დიანა.
ე.წ. სწრაფი ტესტის გაკეთების ფასი 25 ლარიდან იწყება, PCR-ის კი - საშუალოდ 50 ლარია. სწრაფი ტესტის პასუხი რამდენიმე წუთშია, უფრო მეტი ცდომილებაა, ვიდრე PCR-ის შემთხვევაში, რომელსაც რამდენიმე საათი სჭირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ჩატარებული ტესტების 7-15 პროცენტი „კომერციული ტესტებია“. ბოლო დღე-ღამეში 10 ათასზე მეტი ფასიანი კვლევა ჩატარდა.