Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბრაწული თუ დამწვარი პიცა?


"ძირტკბილას პიცა"("Licorice pizza", 2021, აშშ, რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი)

თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ პოლ ტომას ანდერსონი "ჩემი რეჟისორი" არ არის; არ მიყვარს კინო, რომელშიც დროის და სივრცის ელიფსები (ვერაფრით რომ ვერ ელევა ანდერსონი) ადამიანების დეზორიენტაციას იწვევს. მაყურებელი მთელი კინოსეანსის მანძილზე თავსატეხითაა დაკავებული და ცდილობს თავად ააწყოს ქაოსი, რომელსაც ავტორი გვთავაზობს ეკრანზე. ფორმალურად დაქუცმაცებული რეალობა შეიძლება გაერთიანდეს, როგორც, მაგალითად, ანდერსონის ყველაზე პოპულარულ ფილმში "მაგნოლია", მაგრამ ეს მთლიანობა, წარმოდგენილი თუნდაც მაგნოლიის ყვავილის მხატვრული სახით, მაინც ზედაპირული იქნება. პუბლიკა კი დროს დაკარგავს არა პერსონაჟებთან თანაცხოვრებაზე, არა მათი განცდების გაზიარებაზე, არა რეალობის (და საკუთარი თავის) უკეთ გააზრებაზე, არამედ ანდერსონის მიერ შემოთავაზებული ნაკუწების ყვავილად გარდაქმნაზე. ცხადია, ესეც შემოქმედებაა და პატივი უნდა ვცეთ ასეთ სტილსაც. უბრალოდ, ხომ გითხარით, ეს ჩემი კინო არ არის.

მიუხედავად ამისა, მაინც გირჩევთ წახვიდეთ კინოში და ნახოთ თანამედროვე საავტორო კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის ახალი ფილმი "ძირტკბილას პიცა". დიახ, პოლ ტომას ანდერსონი პირველ რიგში "საავტორო კინოა", მის ხელწერას ადვილად იცნობთ არა მარტო გაბმული თხრობის პრინციპული უარყოფით, არამედ გრძელი, დაუსრულებელი პანორამებით, რომლებიც ზოგჯერ 10-15 წუთი გრძელდება და, როცა კარგი მუსიკითაა გაფორმებული (პოლ ტომას ანდერსონი კი თანამედროვე მუსიკის კარგი მცოდნე და შესანიშნავი მუსიკალური კლიპების ავტორია), მართლაც ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. "ძირტკბილას პიცაში", პოლ ტომას ანდერსონის ახალ ფილმში, ასეთი პანორამა ბევრია. თუმცა მხოლოდ ლამაზი პანორამების და შესანიშნავი საუნდტრეკის გამო არაა იგი საინტერესო.

"ძირტკბილას პიცა" - ასე ერქვა ფირფიტების ცნობილ მაღაზიას ლოს-ანჯელესში გასული საუკუნის 70-იან წლებში. ფილმის მთავარი გმირი, 15 წლის ყმაწვილი, რომელსაც ფაქტობრივად ჯერ არც გაუვლია გარდამავალი ასაკი, მაგრამ უკვე მსახიობობს, ოცნებობს, გახდეს ვარსკვლავი და შეყვარებულია მასზე 10 წლით უფროს ახალგაზრდა ებრაელ ქალზე, ფოტოგრაფების ასისტენტზე. ამ როლების შემსრულებლები, დებიუტანტები, კუპერ ჰოფმანი და ალანა ჰაიმსი მაქსიმალურად ცდილობენ შეეწყონ გასული საუკუნის 70-იანი წლების ატმოსფეროს, ბაძავენ კიდევაც იმ პერიოდის "ახალგაზრდულ ფილმებს", პირველ რიგში კი, ჯორჯ ლუკასის "ამერიკულ გრაფიტის", რომელიც, სხვათა შორის, 1973 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ანუ მაშინ, როდესაც "ძირტკბილას პიცის" მოქმედება ხდება. ორივე მსახიობს 2021 წლის ამერიკული კინოს აღმოჩენა შეიძლება ვუწოდოთ. მათი მზერათა თამაში მართლაც რომ ნიუანსებზეა აგებული. საერთოდ, ანდერსონის სურათის საუკეთესო ეპიზოდები ესაა სწორედ - ვნების, სინაზის, ეჭვიანობის, გაბრაზების გამოხატვა ადამიანთა სახეებზე. ახალგაზრდა მსახიობები ძალიან მოუხდნენ ანდერსონის კინემატოგრაფიულ ენასაც; დევნა, სირბილი, სრბოლა ამ ფილმის მთავარი სახეა. ადამიანები მისდევენ ერთმანეთს, თითქოს კატათაგვობანას ეთამაშებიან. ისე, რომ დროს და სივრცეს საზღვარი არა აქვს. თანაც, ყველაფერი გასწრებაზეა. სულ მუდამ ხაზგასმულია, რომ ნიქსონის ამერიკაში, მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისისა (ბენზინი გაძვირდა!), სივრცე იმდენად თავისუფალია, რომ შესაძლებელია ერთ დღეში "მოაყომარო" შენი ბიზნესი და 15 წლის ასაკშიც კი გახდე წარმატებული.

ასეა, თუმცა ფილმის ორი გმირის დაახლოება ასე სწრაფად არ ხდება. ორსაათ-ნახევარი გრძელდება მათი უცნაური სიყვარულის ისტორია და მთელი ამ ხნის განმავლობაში ანდერსონი გვაყურებინებს ჩვენი "ლეკურის" მსგავს ცეკვას, როცა ქალი მუდმივად იცვლის გეზს და მიმართულებას, რათა ვაჟს დაუსხლტეს. სასიყვარულო ისტორია ძალიან კარგად იწყება, მაგრამ ფილმის მეორე ნაწილში (როგორც ხშირად ხდება ანდერსონთან) უსაშველოდ იწელება. მაყურებელი ორი პერსონაჟის "შეხების" მოლოდინშია და თანაც ხვდება, რომ გენდერული და ასაკობრივი როლების შეცვლა (ასე აშკარად გათამაშებული "პიცაში"), მხოლოდ დრამატურგიული ხრიკია "სასპენსის" შესაქმნელად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაყურებელმა წინასწარ იცის, როგორ დასრულდება ფილმი. სამწუხაროდ, პოლ ტომას ანდერსონი მაყურებლის მოლოდინს ამართლებს. საერთოდ, ფილმის პირველი ნაწილის რიტმი წინააღმდეგობაშია მეორე ნაწილის რიტმსა და ინტონაციასთან, მეორე ნახევარში ამბის განვითარება ფერხდება, რასაც მოჰყვება სრულიად ნაჩქარევი და, ცოტა არ იყოს, მიფუჩეჩებული ფინალი.

პირველი სიყვარული - მარადიული თემაა ხელოვნებაში. თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ ცოტა არ იყოს გაცვეთილი. პოლ ტომას ანდერსონი, მიუხედავად მრავალი კინემატოგრაფიული ასოციაციისა, რომელსაც ქმნის "პიცა" (აღარ ჩამოვთვლი ამერიკული კინოკლასიკის შედევრებს), აშკარად ცდილობს გადაარჩინოს თემა და ახლებურად გვიამბოს დიდი გრძნობის ჩასახვის შესახებ. ამ მიზნით უხსნის საზღვრებს ორი ადამიანის ურთიერთობას და გადაჰყავს ახალ სივრცეში. ზოგიერთ კარგ სცენაში გვარწმუნებს კიდეც, რომ "ძირტკბილას პიცა" არაა ფილმი მხოლოდ სიყვარულის დაბადებასა და მოპოვებაზე, ესაა ამავე დროს ფილმი სურვილზე - სურვილზე გიყვარდეს, სურვილზე გაერთო, სურვილზე მიაღწიო წარმატებას. მაგრამ ფილმის მეორე ნაწილში უკვე ცხადი ხდება, რომ ანდერსონის "პიცაში" ზედმეტად ბევრი ინგრედიენტია. რეტრო-რეკონსტრუქციის კლიშეები (ფერი, განათება, კოსტიუმები) თანდათან გროვდება და იქმნება საშიშროება, მაყურებლის წარმოდგენაში დარჩეს მხოლოდ ლამაზი სურათები, მუსიკალური კლიპი-ბლოკები... თითქოს ძალიან ცოცხალ ფილმში, რომელშიც რეჟისორი სიყვარულს უხსნის სიყმაწვილეს, პირველ დიდ გრძნობას, იჭრება ტიპური ანდერსონი - სადაც გინდა მოჭერი, რაც გინდა გადაადგილე, ან საერთოდ გააქრე, ფილმს ამით არაფერი დააკლდება. ამას ემატება პაროდიების სერია ვარსკვლავების მონაწილეობით (განსაკუთრებით სულელური ინტერმედიები შონ პენით და ტომ უეიტსით), რომლებიც საერთოდ არაფერს მატებენ ფილმს გარდა იმისა, რომ ამ ვარსკვლავების (დაბერებულების!) გვარები მოხსენიებული იქნება ტიტრებში და მაყურებელი მიაწყდება "პიცას" კინოთეატრებში სანახავად (სტივენ სპილბერგის "ვესტსაიდის ისტორიის" კომერციულ წარუმატებლობას სწორედ იმით ხსნიან, რომ სპილბერგმა უარი თქვა ვარსკვლავების გადაღებაზე). აღარაფერს ვამბობ კარიკატურულ გეი-პერსონაჟზე, რომელმაც პირადად მე ჰომოფობების "კომედიშოუები" გამახსენა. ამ ეპიზოდში, იქ, სადაც არჩევნების თემა შემოდის, ანდერსონს უბრალოდ გემოვნება ღალატობს.

პოლ ტომას ანდერსონის ფილმით აღფრთოვანებული კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მხატვრული ქაოსი, შეუკვრელობა "პიცის" შინაარსიდან გამომდინარეობს - თუკი ფილმი წარსულის გახსენებაა, ერთგვარი ატრაქციონების ერთობლიობაა, ეს ქაოსი აბსოლუტურად გამართლებულია. ანუ, თითქოს, რეჟისორს ახლა უკვე იმის სურვილიც კი არა აქვს, რომ განსხვავებული ბლოკები (თუ კლიპები) ფორმალურად მაინც შეკრას და "მაგნოლიის ყვავილად" აქციოს. ვისაც ასეთი კინო მოგწონთ, ღმერთმა შეგარგოთ! თუმცა ერთი თხოვნაც მექნება: "ძირტკბილას პიცის" ნახვის შედეგ, კინოთეატრიდან რომ დაბრუნდებით, მოძებნეთ ინტერნეტში რიჩარდ ლინკლეიტერის "მოზარდი" - 21-ე საუკუნის ფილმი სიყმაწვილეზე, პირველ სიყვარულზე, ახალგაზრდობაზე, წარმატებაზე, ქაოსზე... რომელიც წარმოუდგენელი ძალით ერთიანდება და ყველა უმნიშვნელო დეტალს მთლიანის ნაწილად აქცევს. შეხედეთ იმ ფილმს და შეადარეთ "პიცას".

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG