Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ახლა? - ძალაუფლებისთვის ბრძოლა ყაზახეთში


ნურსულთან ნაზარბაევის ჩამოგდებული ძეგლი
ნურსულთან ნაზარბაევის ჩამოგდებული ძეგლი

გაზზე გაზრდილი ფასის გამო დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ყაზახეთში, რომელიც სულ მალე საყოველთაო მღელვარებაში გადაიზარდა, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში ქვეყანაში ძალაუფლებისათვის გაჩაღებულ საკონტროლო ბრძოლად იქცევა, პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოყაევის მმართველ გუნდსა და მისი წინამორბედის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მომხრეებს შორის.

8 იანვარს, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს ეროვნული უშიშროების კომიტეტის (KNB) ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი. ამ დაპატიმრებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სანამ უშიშროების ძალები ქვეყნის მასშტაბით „ანტიტერორისტულ“ ოპერაციებს აგრძელებენ, კულისებს მიღმა სულ სხვა ბრძოლა მიმდინარეობს - ბრძოლა ყაზახეთის ყველაზე გავლენიან ჩინოვნიკებს შორის.

მანევრები და კონტრმანევრები

მასიმოვი, რომელიც KNB-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან 5 იანვარს გაათავისუფლეს, ერთობ გავლენიანი ფიგურაა ყაზახურ პოლიტიკაში - 20 წლის განმავლობაში მან ორჯერ მოასწრო პრემიერმინისტრობა, იკავებდა ტრანსპორტის, ეკონომიკის მინისტრის პოსტებს, იყო სახელმწიფო მდივანი და ნაზარბაევის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც კი, ვიდრე 2015 წელს KNB-ს შეფი გახდებოდა.

81 წლის ნაზარბაევი - რომელიც ქვეყანას 2019 წლამდე, თითქმის 30 წელი მართავდა - გადადგომის შემდეგაც ინარჩუნებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს. ის და მისი ოჯახი ჯერაც უზარმაზარი გავლენით სარგებლობენ ქვეყანაში. ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ტოყაევის მიმართ კრიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ღია ირონიას იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტოყაევია, ნაზარბაევი, ბევრის აზრით, კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მიმღებ „მთავარ კაცად“ ყაზახეთში. პროტესტების შემდეგ ნაზარბაევის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან მოხსნა და მისი ერთგული კადრის დაპატიმრება ბევრს აფიქრებინებს, რომ ტოყაევის განცხადება ქვეყანაში „უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტების“ შემოჭრის შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, მთავრობა ნაზარბაევისგან შემორჩენილი კადრებისგან გაწმინდოს.

მასიმოვის დაკავება, თანაც ასეთი სერიოზული ბრალდებით, კარგს არაფერს მოასწავებს ნაზარბაევისა და მისი მდიდარი და გავლენიანი ოჯახის წევრებისათვის - არცერთი მათგანი საჯაროდ არ გამოჩენილა პროტესტების დაწყების შემდეგ.

ამავდროულად, ნაზარბაევის პრესმდივანმა აიდოს უკიბაიმ 8 იანვარს ტვიტერში დაწერა, რომ „ელბასი (ნაზარბაევის საპატიო წოდება - ნიშნავს „ერის ლიდერს“) ყაზახეთის დედაქალაქში, ქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება“.

ეს ფორმულირება მნიშვნელოვანია, რადგან 7 იანვარს გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ყაზახური ოფიციოზი დედაქალაქის ამ სახელს ემიჯნებოდა (ნურ-სულთანი ყოფილ დედაქალაქ ასტანას სწორედ ნაზარბაევის პატივსაცემად დაერქვა, თანაც ტოყაევის პირველივე ბრძანებით პრეზიდენტის რანგში), რაც ამძაფრებდა ჭორებს, რომ ტოყაევს ნაზარბაევთან ერთად, მისი მემკვიდრეობის თავიდან მოცილებაც სურდა.

უკიბაიმ თქვა, რომ „“ელბასი“ ატარებს საკონსულტაციო შეხვედრების სერიას და პირდაპირ კონტაქტშია ტოყაევთან“ - განცხადება აშკარად ცდილობს გააქარწყლოს მოსაზრება, რომ ორ ლიდერს შორის პრობლემებია. მან ასევე მოუწოდა მედიას, არ გაევრცელებინათ „ცრუ და სპეკულაციური ინფორმაცია“ და, რაც მთავარია, ამტკიცებდა, რომ ნაზარბაევმა ნებაყოფლობით დაუთმო ტოყაევს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა.

კრიზისის დაწყების დღიდან, ნაზარბაევი არსად ჩანს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „ელბასის“ რაიმე „დაემართა“ ან მას პრეზიდენტი აიძულებს დუმილს - ბოლო წლებში ის ხშირად მიმართავდა ამ ტაქტიკას და საზოგადოების თვალსაწიერიდან ქრებოდა, როდესაც ყაზახეთში არეულობები იყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ალმათის მერიის შენობაში შეიჭრნენ. 5 იანვარი, 2022 წ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ალმათის მერიის შენობაში შეიჭრნენ. 5 იანვარი, 2022 წ.

„20 000 ტერორისტი“

5 იანვრის საღამოს ალმათიში ათასობით დემონსტრანტს შორის შეიარაღებული ადამიანებიც იყვნენ, რომელთაც უსაფრთხოების ძალებთან ორმხრივი სროლა გააჩაღეს. დემონსტრანტები შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში, რიგ შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, გაძარცვეს მაღაზიები...

გაურკვეველია, ვინ იდგა ძალადობის უკან, თუმცა ყაზახურ ოფიციოზს, როგორც ჩანს, მყარად სწამს, რომ იცის, თუ ვინ არიან ისინი და რა იყო მათი მოტივები.

ტოყაევი ამტკიცებდა, რომ მარტო ალმათიში 20000 ტერორისტი იმყოფებოდა - 7 იანვრისთვის ქვეყანა განგაშის წითელ დონეზე იყო „ტერორისტული საფრთხის გამო“. პრეზიდენტის განცხადებით, მან ნება დართო უშიშროების ძალებს, „ცეცხლი გაეხსნათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე“.

ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ მოხვდა „ტერორისტების“ ასეთი დიდი რაოდენობა ყაზახეთში - თანაც ისე, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ვერაფერი შეამჩნია.

ტოყაევმა 7 იანვარს Twitter-ზე განაცხადა, რომ ალმათიზე ტერორისტების თავდასხმების „ექვსი ტალღა იყო“, რომ „ზოგიერთი მათგანი ლაპარაკობდა არაყაზახურ ენებზე“, და რომ ისინი „სცემდნენ და კლავდნენ პოლიციელებს და ახალგაზრდა ჯარისკაცებს... ძარცვავდნენ კერძო შენობებს და მაღაზიებს, კლავდნენ მოქალაქეებს, [და] აუპატიურებდნენ ახალგაზრდა ქალებს“.

ეს ტვიტები მოგვიანებით წაიშალა.

არსებობს თეორია, რომ შეიარაღებული, მძარცველი მოძალადეები იყვნენ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წევრები, რომლებიც ოაზისურ პირობებში იყვნენ ნაზარბაევის მთავრობის დროს და ახლა ქუჩებს მიაშურეს, რათა წინ აღდგომოდნენ ნაზარბაევისა და მისი შიდა წრის ხელისუფლებისგან ჩამოშორების მცდელობას.

ალმათი. 7 იანვარი, 2022 წ.
ალმათი. 7 იანვარი, 2022 წ.

ამ ვერსიის მიხედვით, მოძალადე ჯგუფების ორგანიზება ნაზარბაევის ძმის, ბოლატის და მისი ძმისშვილის (ნაზარბაევის გარდაცვლილი ძმის სატუბალდის შვილი), სამატ აბიშის „დამსახურებაა“. აბიში 5 იანვარს ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა, პრესსამსახურის მიხედვით, 8 იანვარს ის ისევ იკავებს ამ თანამდებობას. მისი ხელახალი „დანიშვნა“ ნოყიერ ნიადაგს ქმნის სპეკულირებისთვის, რომ ძალაუფლების სადავეები ისევ ნაზარბაევს უჭირავს ხელში.

რატომ ახლა?

ჯერ კიდევ გაურკვეველია, კონკრეტულად რამ გამოიწვია შიდა დაპირისპირება ხელისუფლებაში. ბევრი ამბობს, რომ პროტესტების მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო, მაგრამ არა ხალხის, ან ოპოზიციის მხრიდან.

აკეჟან კაჟეგელდინი 1990-იან წლებში, ნაზარბაევის დროს პრემიერ-მინისტრი იყო, სანამ საბოლოოდ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევდა. მას სჯერა, რომ საქმე გვაქვს ტოყაევის წინააღმდეგ უსაფრთხოების ძალების მიერ ორკესტრირებულ „შეთქმულებასთან“. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ მიმართა ტოყაევმა დახმარებისთვის CSTO-ს - ის აღარ ენდობა საკუთარ უშიშროებას.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწყო ყველაფერი ახლა, შესაძლოა, ტოყაევისა და ნაზარბაევის მოსკოვში ვიზიტი იყოს - 27 დეკემბრის შეხვედრის ამსახველ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ნაზარბაევი ფიზიკურად საკმაოდ სუსტადაა, რის გამოც ვრცელდება მოსაზრება, რომ ექსპრეზიდენტის მომხრეები ფიქრობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და პროტესტებით გამოწვეული არეულობებით ტოყაევის დამხობას ცდილობენ.

სხვები, იმავე ვიდეოზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ პირიქით, სწორედ ტოყაევის ხალხს სურდა ნაზარბაევის სიკვდილამდე მოესწრო და საკუთარი უფლებამოსილებები განევრცოთ.

ზოგიერთი რუსეთის გადაწყვეტილებას, სამშვიდობო ძალების მცირე კონტინგენტი სასწრაფოდ გადაესროლა ყახაზეთში - პირველად კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის 30-წლიანი არსებობის განმავლობაში - განმარტავს, როგორც კრემლის მხარდაჭერის ნიშანს ტოყაევისთვის.

ზოგი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ნაზარბაევი და ტოყაევი „შეკრულები არიან“ და ერთად მუშაობენ სხვა, დაუდგენელი ჩინოვნიკების თავიდან მოსაშორებლად.

ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი
ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი

ყაზახი პოლიტიკური ანალიტიკოსი დიმაშ ალჟანოვი აღნიშნავს, რომ თუ ნაზარბაევმა და/ან მისმა ოჯახმა უკვე მართლაც დატოვა ყაზახეთი, ამის გაკეთებას ისინი მხოლოდ ტოყაევის თანხმობით შეძლებდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ პროტესტებისა და უშიშროების მიერ „უცხოეთში გაწვრთნილ ტერორისტებზე“ ნადირობის ფონზე, ნურ-სულთანის ძალაუფლების კულისებში კიდევ ერთი ბრძოლა მძვინვარებს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს უახლოეს თვეებში და შესაძლოა წლებშიც.

XS
SM
MD
LG