Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების დამხობა შეთქმულების გზით - წაუყენებს თუ არა სააკაშვილს სუსი ახალ ბრალდებას?


მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 დეკემბერი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავს, რომ შეთქმულების გზით ხელისუფლების დამხობის საქმეზე „უახლოეს ხანებში“ დაკითხოს პატიმარი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქმე შეეხება სს/კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დანაშაულს, რომელიც 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა აშკარად მიანიშნა, რომ სააკაშვილს გამოძიება ამ საქმეში „მთავარ იდეოლოგად“ თვლის და მისი დაკითხვა ამ დრომდე მისი მკურნალობის გამო ვერ მოხერხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრული ამ მორიგი საქმის შესახებ სუს-მა საზოგადოებას 29 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სპეციალურ ბრიფინგზე ამცნო.

  • რა ვიცით სუს-ში დაწყებული ამ ახალი გამოძიების შესახებ?
  • რამდენად მოელიან ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წაყენებას?

„რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა, რომ გამოძიება „ერთ-ერთი დასაკითხი ობიექტის“ გამოჯანმრთელებას ელოდებოდა, დაკითხვის უფრო კომფორტულ პირობებში ჩასატარებლად და რომ ეს დრო უკვე ახლოვდება:

„ჩემი ინფორმაციით, მის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ალბათ, უახლოეს ხანებში მოგვეცემა საშუალება, რომ უშუალოდ გამოიკითხონ ის პირები, ვინც ამ საქმეში მთავარ იდეოლოგებად მოიაზრებიან“.

ინტერვიუ გადაცემა "რუსთავი 2"-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ 29 დეკემბრის 22:00 საათზე გავიდა. რამდენიმე საათში კი, ადვოკატებისთვის ცნობილი გახდა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ისევ რუსთავის ციხეში ეტაპირების შესახებ.

უშუალოდ საქმესთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილი დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. უბრალოდ აღნიშნავს, რომ გამოძიება აქტიურად გრძელდება და რომ სუს-ის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ქვეყანა ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას ვერ ასცდებოდა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით:

  • „ეს საქმე ძალიან საინტერესო საქმეა, ვინაიდან სახეზე გვაქვს ყველა ის ქმედება და ნაბიჯი, რაც საბოლოოდ, ლოგიკურად უნდა დასრულებულიყო ხელისუფლების დამხობით შეთქმულების გზით“;
  • "ჩვენ გამოვაქვეყნეთ ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალის გარკვეული ნაწილი, სადაც აშკარად საუბრობენ სწორედ ამ გზაზე“;
  • „ეს იყო აშკარად დაგეგმილი ღონისძიება, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ “;
  • „მიმდინარეობს აქტიური ღონისძიებები, მათ შორის ექსპერტიზები აღებულ ტექნიკაზე, მობილურ ტელეფონებზე და ასე შემდეგ“.

რა ვიცით ამ საქმეზე?

29 ოქტომბერს, მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე 2-საათიანი საუბრის ფრაგმენტს წარმოადგენს.

სუს-ის მიხედვით:

  • საუბრის მონაწილეები, ანუ "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს" რუსთავის ციხესთან "უკონტროლო სიტუაციისა" და "ქაოსის" შესაქმნელად. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.
  • გეგმის მიზანს წარმოადგენდა მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ხელშეშლა და "მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც".
  • დაგეგმილი იყო დესტრუქციული ძალების მობილიზება, ავტომანქანებით გზების ჩახერგვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება, შტურმი და ორგანიზატორები სასურველი შედეგის მისაღწევად, „სისხლის დაღვრაზეც“ ლაპარაკობდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპამდე არავინ დაუკავებიათ.

მოწმის სტატუსით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე 2 ნოემბერს, 3 პირი გამოჰკითხეს. გამოკითხვის შემდეგ კი, ისინი გზაში გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

29 ოქტომბერს გასაჯაროებული აუდიოჩანაწერის ამ ფრაგმენტის გულდასმით მოსმენის შემდეგ, საუბრის შინაარსში დამაჯერებლად არ იკვეთება ხელისუფლების დამხობის გეგმის არსებობა. საუბარი უფრო იმგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით გეგმები არ არის შეთანხმებული და საუბრის მონაწილეთა მიერ გამოთქმულ ვერსიებს მხარდაჭერა არა აქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამის გამო მოსაუბრეები გარკვეული გულისწყრომასაც გამოხატავენ.

მას შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფრთხეების შესახებ ინფორმაცია კიდევ რამდენჯერმე გაავრცელა.

მაგალითად, 3 ნოემბრის განცხადებაში სუსი აფრთხილებდა მოქალაქეებს, არ გამხდარიყვნენ დანაშაულის თანამონაწილეები და გამიჯვნოდნენ მოწოდებებს „რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“.

სიტყვას „რევოლუცია“ სუსი მხოლოდ ხელისუფლების ძალადობრივ დამხობასთან აიგივებდა, რაც იმ პერიოდში ფართო დისკუსიების საგნადაც იქცა.

ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაგეგმილი აქციის წინ კი, სუს-მა გამოაცხადა, რომ:

  • არეულობასთან ერთად მკვლელობაც იგეგმებოდა - „აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც“.
  • ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა - „ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს“.

წაუყენებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ახალ ბრალდებას?

ადვოკატ შოთა თუთბერიძეს დღემდე არაფერი სმენია მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გეგმების შესახებ, ამ საქმეზე ახალი ბრალის წაყენებას არ მოელის და აცხადებს, რომ სუსი ამ შემთხვევაშიც თავისი ჩვეული პოლიტიკური ხელწერით მოქმედებს.

„გარწმუნებთ, გავა 5-10 წელი და ამ გამოძიებას არავითარი შედეგი არ ექნება. საქმე აღძრეს საკუთარი საქციელის გამართლების გამო და ასევე, ეშინოდათ, არ იცოდნენ რას მოიტანდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ელექტორალური თვალსაზრისით. შესაბამისად, რაღაც ჯოჯო და მტრის ხატი შექმნეს...

ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური და უშედეგო გამოძიება... მანამდეც ბევრი გვინახავს ასეთი საქმე - დაწყებული „საბურავების საქმიდან“ და ყველა ასეთ საქმეს აქვს წვრილმანი მიზანი... სუსი თავიდან ბოლომდე წარმოადგენს პოლიტიკურ ინსტრუმენტს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა თუთბერიძე.

როგორც რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, ოქტომბერში დაწყებული გამოძიება სრულიად ახალი საქმის ფარგლებში მიმდინარეობს და არავითარი კავშირი არა აქვს, მაგალითად, ასევე ხელისუფლების დამხობის საქმეზე 2020 წელს დაწყებულ გამოძიებასთან, რომლის ფარგლებში, შარშან 5 ნოემბერს ირაკლი კობახიძეც გამოიკითხა.

  • 2020 წლის 5 ნოემბერს, გამოკითხვის შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ სუს-ს ინფორმაცია მიაწოდა რამდენიმე დღით ადრე მის მიერვე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც „რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს“ შეეხებოდა.
  • კობახიძე ამბობდა, რომ სცენარი მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა.

განცხადება მაშინაც არჩევნების წინა დღით, 2020 წლის 30 ოქტომბერს გაკეთდა. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონში ჩამოაყალიბეს სპეციალური ჯგუფები, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. ის კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდა.

ამ საქმეზე მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მტკიცებულებად მიიჩნია უკრაინული ონლაინპლატფორმის (obozrevatel.com) სახელით გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე ელაპარაკება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას. გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს.

გახარიას არ უპასუხეს

სუს-ში რადიო თავისუფლებას ასევე უთხრეს, რომ მიმდინარე საქმეები შემხებლობაში არ არის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერთან - გიორგი გახარიასთან, რომელსაც 2021 წლის ზაფხულში ასევე სააკაშვილისეული გეგმით მონაწილეობაში სდებდა ბრალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

  • 4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დახატა „ხელისუფლების ატრიალების“ სცენარი, რომელიც ენმ-ის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.

გახარიას პარტიამ ბრალდებების შესწავლის განცხადებით 7 ივნისს გენერალურ პროკურატურას მიმართა. 30 დეკემბერს რადიო თავისუფლებას პარტიაში უთხრეს, რომ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

საქართველოში ახსოვთ არაერთი საქმე, რომელიც წინა თუ მოქმედი ხელისუფლების დროს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების - შეთქმულების, ამბოხისა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ბრალდებით გახმაურდა, მაგრამ მერე აღარავინ დასჯილა. საზოგადოებას ამგვარ ბრალდებათა ადრესატებს შორის ცნობილი ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილიც ახსოვს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG