Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის აუდიოჩანაწერი - ბრალდებები არჩევნების წინა დღეს


არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს. საქმე ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" შეეხება;  მძიმე ბრალდებებს ამ განცხადებამდე გაცილებით ადრე აჟღერებდა პრემიერ-მინისტრი.

29 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგზე, სუს-მა გამოაქვეყნა, მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუბრის 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, როგორც 2-საათიანი ჩანაწერის ერთი ფრაგმენტი და განაცხადა, რომ "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს" რუსთავის ციხესთან "უკონტროლო სიტუაციისა" და "ქაოსის" შესაქმნელად.

მიზნად დასახელდა მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ხელშეშლა და ასევე ხაზი გაესვა, რომ "მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც".

თავად მიხეილ სააკაშვილი, მისი ადვოკატები, მხარდამჭერები, სახალხო დამცველი და ექიმების ნაწილი მიიჩნევენ, რომ ციხის საავადმყოფო მზად არ არის ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის შესაძლო გართულებების სამართავად.

სუს-ის აუდიოჩანაწერში ისმის ძირითადად ენმ-ის წარმომადგენლის, ბესიკ წერედიანის ხმა და ასევე, რამდენიმე წამით ჩნდება გიორგი შერვაშიძის ფოტო, რომელიც საზოგადოებისთვის სამოქალაქო აქტივისტად არის ცნობილი. ასევე ისმის რამდენიმე ქალის ხმა წარწერით - "დაუდგენელი პირი".

სოციალურ ქსელში საზოგადოების რეაქციების მიხედვით, აუდიოჩანაწერში, ბევრის აზრით, არ არის ლაპარაკი ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ამ ეტაპზე მათთვის უტყუარად დაადასტურებდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმის არსებობას.

აუდიოჩანაწერში წერედიანი ამბობს შემდეგს:

  • მას ვიღაცამ უთხრა, რომ არჩევნების დღეს, თუ საჭირო გახდება, თავის გატეხვისთვისაც უნდა იყოს მზად;
  • უნდა დაიგეგმოს აქციები პრემიერის სახლთან და ასევე ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრების წინააღმდეგ, „თავისი მეგაფონით“ - რადგან ესენი არიან „აღმასრულებლები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ღებულობენ“;
  • ციხის აღება შეუძლებელია და 100-150 მანქანით უნდა ჩაიკეტოს ციხის ირგვლივ ტერიტორია. თუმცა გეგმა შეუთანხმებელია - „ამას სჭირდება პარტიის რესურსი... არ ვიცი, როგორ გადაწყდება“;
  • „500-600 ორგანიზებული ადამიანის წინააღმდეგ ვერაფერს იზამენ“ და „როგორც კი დასჭირდება გადაყვანა [სავარაუდოდ - სააკაშვილს], მერე გადაიყვანენ კლინიკაში...“
  • ესენი [სავარაუდოდ "ქართული ოცნება"] „არჩევნებით არსად არ წავლენ, თუ არ ჩამოიშალა სისტემა მთლიანად“, „მაგრამ აქამდე უნდა მიიყვანო პროცესი“;
  • [სავარაუდოდ "ოცნებას"] არჩევნების მეორე ტურის „იმდენად საზიზღარი მეთოდებით გაყალბება მოუწევთ", რომ „ჩვენ ქუჩაში მოგვიწევს გამოვარდნა";
  • „მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ჩვენ მაინც მაიდანი მოგვიწევს ბოლოს“;
  • ქუჩაში ხალხის გამოსვლის შემდეგ, პროცესების პროგნოზირება და „დეტალებში მართვა“ ძნელია და ერთი, ორი და სამი ადამიანი თუ დაზიანდება, „მერე უკვე პროცესი წავა უმართავი“;
  • ეს ადამიანი [სავარაუდოდ - სააკაშვილი] დათმობას არ აპირებს, „ყველაფერი გავაკეთეთ 30-სთვის“ და „ჩვენ მართლები ვიქნებით ყველასთან“;
  • მელიასთან, ენმ-ის ოფისში [სავარაუდოდ - მელიას დაკავების წინ] რომ ვიჯექით დღე და ღამე, [სავარაუდოდ - გლდანის ციხესთან] ვერ დავჯდებით მანქანებში 2-3 დღე? – „პარტიამ ეს უნდა გადაწყვიტოს“;
  • [სავარაუდოდ 14 ოქტომბრის ოპოზიციის მასშტაბური აქციის დროს, სავარაუდოდ - ნიკა მელია] არ დაეთანხმა მის წინადადებას ხელისუფლებისთვის ულტიმატუმით მიმართვისა და კანცელარიის შენობასთან მოსვლის შესახებ;
  • „აგერ 100 000 კაცი, აგერ მიკროფონი და მართეო... პასუხისმგებელი შედეგებზე შენ იყავიო“ - მიუღია წერედიანს პასუხად [სავარაუდოდ, მელიასგან];
  • მითითების გარეშე არ აპირებს მოქმედებას - „ორი ომი მაქვს გამოვლილი... და იქაც აკოფში რომ ზიხარ, მაშინაც რომ ისროლო, ბრძანებას ელოდები. ბრძანების გარეშე ომის დაწყება... მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე ბრძანების გარეშე“;
  • ერიდება პასუხისმგებლობის აღებას - „ორი კაცი რომ მოკვდეს, რომ გამოვიდეს მერე ის და რომ გითხრას, შვილო, ბრძანება გქონდა ჩემგან? ეს რომ გააკეთე, ვინ გითხრა ამის გაკეთება?“

"დაუდგენელ პირად" მოხსენიებული ქალი ამბობს - "თუ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, რას ვაკეთებთ? შტურმი მაშინ, აბა, სხვა რა? შტურმის გარეშე გამოსავალი არაა".

შემდეგ საუბრის გარჩევა საკმაოდ ჭირს, თუმცა აღიქმება თანამოსაუბრეების განწყობა, რომ ციხის შტურმს არ ემხრობიან, რადგან სისხლისღვრას გამოიწვევს; ასევე - ამას ქვეყნის არევა მოჰყვებაო, ავაზაკების თარეში დაიწყებაო... მხედრიონი მონაგონი იქნებაო.

სუს-ის ბრიფინგს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სამადლობელი განცხადებები მოჰყვა. მისთვის გავრცელებულმა ინფორმაციამ „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტება" და "კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს".

კობახიძე ამბობს, რომ "არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი".

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 29 დღეა შიმშილობს და ბესიკ წერედიანი, ისევე როგორც ენმ-ის სხვა წარმომადგენლები, ბოლო დღეებში მუდმივად იმაზე ლაპარაკობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ სახელმწიფოს მიერ "სასიკვდილოდ განწირული" ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად. ენმ-ს არც მიტინგებისა და აქციების გეგმა დაუმალავთ.

შესაბამისად, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს პარტიაში არასერიოზულად მიიჩნევენ. „შემდგარი რეალობაა, რომ კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას არა პარტია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) სუს-ის ოფიციალური „შპიონები“ აწარმოებენ. დღეს ამ ხალხმა გვამცნო ის, რასაც საჯაროდ ისედაც ვამბობთ და ვსაუბრობთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

29 ოქტომბერს სუს-ის ბრიფინგზე არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება - სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, "რაც სასჯელის სახით 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

არაფერი თქმულა არც იმ ბრალდებების შესახებ, რომლებსაც უკვე კარგა ხანია ახმოვანებენ "ქართული ოცნების" ლიდერები.

მკვლელობა, აყირავება, გადატრიალება

დაკავებამდე და მას შემდეგაც, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დასდო ბრალი „სახელმწიფო გადატრიალების“ განზრახვაში. ზეპირ განცხადებებს არ მოჰყოლია მისთვის ბრალის წაყენება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოქტომბერში უკვე ორჯერ თქვა, რომ უკრაინიდან დაბრუნებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების მკვლელობასაც გეგმავდა. განცხადებები ორივეჯერ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთდა.

მსგავსი განცხადებები ასევე ისმოდა საარჩევნო კამპანიის დროს გამართულ სახელდახელო ბრიფინგებზე.

ოქტომბრის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები, არჩევნების მეორე ტურის მიჯნაზე, 28 ოქტომბერს, დამატებითი დეტალებით შეივსო და კერძოდ - სავარაუდო მსხვერპლთა შორის პრემიერმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც დაასახელა.

მისი სავარაუდო მკვლელობის გეგმას მიხეილ სააკაშვილს რომ დაუკავშირებდნენ, გვარამიამ ერთი თვის წინ იწინასწარმეტყველა, როცა „შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

მას შემდეგ, რაც, გაუთქმელობის წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებული დეტალები თავად სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გაახმაურა, ნიკა გვარამიამ თქვა:

„ეს მიზნად ისახავს დაზაფვრას საზოგადოების... ველოდები, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები [სავარაუდო დაქირავებული მკვლელები] აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი“.

უკავშირდება თუ არა ნიკა გვარამიას „შეკვეთილი მკვლელობის საქმე“ პრემიერ-მინისტრის მიერ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს? ხომ არ დაინტერესებულა უწყება საკუთრივ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შინაარსით?

დაგვპირდნენ, მაგრამ 29 ოქტომბერს სუს-ში რადიო თავისუფლების შეკითხვები უპასუხოდ დატოვეს.

გავარკვიეთ, რომ პრემიერის მიერ გახმაურებული ბრალდებების გამოძიება არც შს სამინისტროს დაუწყია, ხოლო გენერალურ პროკურატურაში გვითხრეს, რომ „ზოგადად, ამ ტიპის საქმეებზე“ გამოძიება პროკურატურას არ ექვემდებარება.

გახარია და სააკაშვილი

პროკურატურიდან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია გიორგი გახარიას პარტიის („საქართველოსთვის“) განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით.

გახარიას პარტიაში კი, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება არ დაწყებულა.

ეს ბრალდებები ისევ მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფო გადატრიალების გეგმასა და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე პირების სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს შეეხებოდა.

4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დახატა „ხელისუფლების აყირავების“ სცენარი, რომელიც ენმ-ის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.

კობახიძის მონათხრობის თანახმად:

  • „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა შერჩეული ადამიანები - შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც გააკეთებდნენ განცხადებას - ალტერნატიული მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე;
  • დაახლოებით ორი ათეული ადამიანი 18-19 თებერვალს გააკეთებდა ასეთ განცხადებას და მედიით გაშუქდებოდა; „ქართული ოცნებისთვის“ უცნობი იყო გვარები, ვინ აპირებდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან „ალტერნატიული მთავრობისკენ“ გადასვლას;
  • გიორგი გახარია ითხოვდა ნიკა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებას და პარალელურად, ენმ-ს სჭირდებოდა ასევე 2-3 დღე „ხელისუფლების ასატრიალებლად“.

ირაკლი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი კობახიძეს მკვლელობების განზრახვაზე არ ულაპარაკია; თუმცა დანაშაულის ნიშნებს მის მიერ აღწერილი სცენარიც მოიცავს.

„შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“ - სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელი, სხვადასხვა გარემოების მიხედვით, 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ქართულ ოცნებაში“ გამოძიების დაწყების მოწოდებები არ გაჟღერებულა. ზოგადად კი, პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მსგავსი ტიპის ბრალდებას ისინი არა სამართლებრივ, არამედ - პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავდნენ.

იურისტები განმარტავენ, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, საგამოძიებო სტრუქტურებს რეაგირება ევალებათ, მედიით გახმაურებულ ნებისმიერ ბრალდებაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დამატებითი მიმართვა საერთოდ არ არის საჭირო.

ნიჰილიზმი და "პოლიტპატიმრების შექმნა"

საერთაშორისო გამოცდილების მქონე იურისტი, ბოლო დროს პოლიტიკაში ჩართული ლია მუხაშავრია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც განუწყვეტლივ მეორდება „იარლიყების მიწებება“ - ზუსტად ის „სენი“, რაც ჯერ კიდევ წინა საუკუნეში დაიწყო, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს და მძაფრად იჩინა თავი „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებშიც.

მუხაშავრია ამბობს, რომ ბევრი უფიქრია ამ საკითხზე და საზოგადოების უკიდურეს ნიჰილიზმსაც სწორედ ამას აბრალებს.

„საზოგადოება გამუდმებით ხედავს, რომ ვიღაცეებს ტერორისტებს უწოდებენ, ვიღაცეებს სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებენ და მერე ამას გამოძიება არ მოჰყვება და არავინ ისჯება. ხალხი ვერ ხედავს სახელმწიფოს ადეკვატურ ზომებს და კარგად ხვდება, რომ ეს არ არის სერიოზული განცხადებები, რაც თანდათან მათ უნდობლობასა და ნიჰილიზმს ზრდის.

ვფიქრობ, ამიტომ ვართ ამ დღეში, რომ საზოგადოებას უკვე აბსოლუტურად ცინიკური დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს მიმართაც. ვხედავთ, რომ ადამიანის ღირსებისა და სიცოცხლის ფასიც ძალიან დაკნინდა... სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ეს თემა რომ გამოიკვლიონ, ვფიქრობ, კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლია მუხაშავრია.

მისი შეფასებით, ხელისუფლების დაუსაბუთებელი მძიმე ბრალდებები და არასანდო მართლმსაჯულების არსებობა ქვეყანაში "პოლიტპატიმრების შექმნასაც" უწყობს ხელს და შესაძლებელია ისინი იყვნენ „საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პირებიც“.

ჩვენთან საუბრისას იურისტი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებსაც იხსენებს, როცა ხელისუფლება თავიდან სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობდა და შემდეგ "ეს ბრალდება ვეღარ დაადასტურა". ლია მუხაშავრიას შეფასებით, მაგალითად, პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები და შემდეგ მისი შეწყალება „სრულად ჯდება პოლიტპატიმრის კრიტერიუმში“.

ლია მუხაშავრია თვლის, რომ სახელმწიფო იმავენაირად იქცევა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში.

„მას [სააკაშვილს] აქვს უფლება, რომ მოითხოვოს გადასინჯვა იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სასამართლომ მისი არყოფნის დროს, დაუსწრებლად მიიღო... რას აშიმშილებ, ვერ გავიგე.

დაუნიშნე სხდომა, გააღე სასამართლოს კარი, გააკეთე პირდაპირი ტრანსლაციები და ყველა დაარწმუნე, რომ სწორად მიუსაჯე... თუ სჯი, დაუმტკიცე ყველას, რომ სამართლიანად სჯი... პოლიტპატიმრები რომ არ ჰყავდეს ქვეყანას, ყველაფერი გამჭვირვალე და დამაჯერებელი უნდა იყოს...

განცხადებები იმის შესახებ, რომ კრიმინალია, მკვლელია და თუ ჭკუით არ იქნება, კიდევ დავუმატებთ სასჯელს [პრემიერის განცხადება], სააკაშვილს უპირობო პოლიტპატიმრად აქცევს“, - ამბობს მუხაშავრია.

სად გადის ზღვარი ევროპული სტანდარტით?

სტრასბურგის სასამართლოსთან მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე იურისტი, დავით ჯანდიერი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ "გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ ფართო ფარგლების" მიუხედავად, პოლიტიკოსების მიერ გახმოვანებული ბრალდებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, შესაძლოა კონვენციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდეს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ზღვარზე გამოხატვის თავისუფლებასა და პიროვნების რეპუტაციის დაცვას შორის, სახელმწიფოს მოვალეობაა ბალანსის დაცვა და ურთიერთგაწონასწორება ადამიანის ამ ორ მნიშვნელოვან უფლებას შორის...

ევროპული პრაქტიკით, პოლიტიკოსს არ შეუძლია გაახმაუროს ბრალდებები სხვა პირის მიერ [სისხლის სამართლის] დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუკი ეს არ არის გამოძიებული და დადასტურებული. ეს წარმოადგენს რეპუტაციის დარღვევას, რაც პირადი ცხოვრების [ხელშეუხებლობის] შემადგენელი ნაწილია", - გვეუბნება დავით ჯანდიერი.

მისი განმარტებით, ევროპული სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს - "ფაქტების შემცველ განცხადებებზეა ლაპარაკი, რომლებიც მტკიცებას ექვემდებარება, თუ შეფასებითი განცხადებები გაკეთდა, რაც მოსაზრების გამოხატვად ითვლება?".

და "თუკი პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ფაქტების მიწოდება ხდება" იმ პირობებში, როცა "ეს დანაშაული არ არის დადასტურებული განაჩენით", მაშინ შესაძლოა, "დარღვეულად ჩაითვალოს კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც პირის რეპუტაციას იცავს“.

დავით ჯანდიერი ასევე განმარტავს, რომ როდესაც საქმე შეეხება დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, "ევროპული პრაქტიკით, ასეთი თმენის ვალდებულება არავის აქვს".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG