Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას „ღალატი“ და „ხელისუფლების აყირავების“ გეგმა


ექსპრემიერ გიორგი გახარიას „ქართული ოცნება“ ღალატში ადანაშაულებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარის თანამონაწილედაც განიხილავს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გახმაურებულ ბრალდებებს 7 ივნისს შეუერთდა პოლიტიკური სცენიდან გასული ბიძინა ივანიშვილი, თავისი მორიგი ღია წერილით, და აღიარა, რომ გახარიას „ღალატმა“ გააოცა კიდეც.

  • კონკრეტულად რაში ადანაშაულებს „ქართული ოცნება“ თავის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას?
  • რა რეაგირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მძიმე ბრალდებებს სახელმწიფო გადატრიალების შესახებ?
  • რატომ არის სახიფათო სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკი საგამოძიებო მოქმედებებისა და დამნაშავეების გამოვლენის გარეშე?

რატომ გამოჩნდა ივანიშვილი

პოლიტიკური სცენიდან გასვლისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხისთვის“ 12 იანვარს მიცემულ თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამუდამოდ გაუშვა ხელი; ის აღარ იქნებოდა ამ პარტიის არც მხარდამჭერი, არც მრჩეველი და აღარც მაკონტროლებელი.

7 ივნისს კი, ივანიშვილმა, თავის მორიგ ღია წერილში - „ქართულ ოცნებას“ ისევ შეაწია სიტყვა, შეაქო და თქვა, რომ მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევას მოღალატე ექსპრემიერის - გიორგი გახარიას პარტია („საქართველოსთვის“) ცდილობს.

ბიძინა ივანიშვილი გახარიას არა მხოლოდ თანაგუნდელების, არამედ სახელმწიფოს ღალატშიც სდებს ბრალს და ეჭვებს გამოხატავს მისი გადადგომის მიზეზებთან მიმართებით, რაც ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასთან იყო დაკავშირებული.

კონკრეტულად, ივანიშვილი წერს შემდეგს:

  • „ის (გახარია) ითხოვდა კანონის აღსრულების (მელიას დაკავების) ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ“
  • „გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა“.

ივანიშვილი „სახელმწიფო გადატრიალებას“ არ ახსენებს, მაგრამ წერილში ხაზგასმული ეჭვები და შეკითხვები ზუსტად ემთხვევა არგუმენტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთქმულების გეგმაზე საუბრისას იშველიებს.

გიორგი გახარიას ღალატზე „ქართული ოცნებაში“ ზოგი მინიშნებით და ზოგიც - პირდაპირ, უკვე კარგა ხანია, ლაპარაკობს. 7 ივნისს გახარიას მოღალატე უწოდა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც, ბიძინა ივანიშვილის წერილის გამოქვეყნების შემდეგ.

გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ ამ თემაზე კომენტარებს ერიდებიან. თუმცა, თუკი გამოქვეყნებული განცხადების შინაარსით ვიმსჯელებთ, გიორგი გახარიასთვის „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

განცხადებაში, რომელიც საკუთარ ფეისბუკგვერდზე - ქართულად, ხოლო ტვიტერზე - ინგლისურად გამოაქვეყნა, გიორგი გახარია სიმართლის გამჟღავნების გარდაუვლობას უსვამს ხაზს, რაც ბევრმა ერთგვარ მუქარადაც კი აღიქვა.

„სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს. ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“ - წერს გახარია.

ივანიშვილისა და გახარიას რეალური დაპირისპირების შესახებ ოპოზიციაში თითქმის არავის სჯერა.

„რეალურად, ბიძინა ივანიშვილის პროექტი - გიორგი გახარიას რეალურ ოპოზიციად წარმოჩენა - ჩავარდა და ახლა (ივანიშვილმა) გამოიყენა თავის წერილი, რომ საზოგადოებას დაანახოს, თითქოს ნამდვილ ოპოზიციონერ გახარიასთან აქვს საქმე.

სინამდვილეში, ეს არის ერთი გაერთიანება ადამიანებისა, რომლებმაც ქვეყანა მიიყვანა სავალალო მდგომარეობამდე... ბიძინა ივანიშვილი, ისევე, როგორც გახარია, პასუხისმგებელნი არიან სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, ემიგრაციის უზარმაზარ ტალღაზე და ამ საკითხებზე უნდა იყოს მსჯელობა და არა ერთმანეთის მიმართ წერილების წერაზე“, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ.

ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე აქტიურად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ - ივანიშვილის წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა - „ის პოლიტიკიდან არსად წასულა“ და კვლავინდებურად დისკრედიტაციის პრინციპებით ხელმძღვანელობს.

გამზარდია არ გამორიცხავს, რომ გახარია ახლა დამოუკიდებელი მოქმედებების მცდელობისთვისაც ისჯებოდეს.

„ივანიშვილი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს დისკრედიტირებული და ამის ფონზე, მისი გავლენა და ძალაუფლება იყოს ურყევი... წლებია ის ამას აკეთებს და მათ შორის, ყველა ინსტიტუციასთან მიმართებითაც... არ გამოვრიცხავ, რომ გახარია იყოს ივანიშვილის პროექტი, რადგან რიტორიკა ერთია და მოქმედებები მეორე... მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპია ისეთი, რომ ვინც მასთან კოლექტიურ თამაშს არ თამაშობს, ის მტერია.

ჩემი მცირე გადაკვეთით მასთან, მე თავის დროზე ეს დავინახე... ეს იყო კლასიკური კოლექტივიზმი, მას მართავდა ივანიშვილი, მაგრამ უწოდებდა - გუნდურობას. რასაც ის ამბობდა, იმას ასრულებდა ყველა და ვერ იტანდა თუნდაც მცირედ გადახვევას... თუ გახარიას შემთხვევაშიც ასეა, გამორიცხული არ არის, რომ მისი პარტიის რეიტინგის ზრდის შემთხვევაში, პოლიტიკური რიტორიკა უკვე დევნითაც შეიცვალოს“, - გვითხრა გამზარდიამ.

ექსპერტების აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ გააჩაღა, რომ მისი პარტია „საქართველოსთვის“, ხმებს, პირველ რიგში, სწორედ „ქართულ ოცნებას“ წაართმევს.

„ხელისუფლების ატრიალება“

4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დახატა „ხელისუფლების აყირავების“ სცენარი, რომელიც ენმ-ის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.

კობახიძის მონათხრობის თანახმად:

  • გახარია ნიკა მელიას დაკავებას აჭიანურებდა; არდაკავებას კი „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრალებდა „ქართული ოცნების“ სუსტ ლეგიტიმაციას;
  • ნიკა მელიას არდაკავების საბაბით, 18 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობა“ აყალიბებდა „ალტერნატიულ მთავრობას“, თავისი ძალოვანი მინისტრებით;
  • „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა შერჩეული ადამიანები - შს სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, რომლებიც გააკეთებდნენ განცხადებას - ალტერნატიული მთავრობის ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზე;
  • დაახლოებით ორი ათეული ადამიანი 18-19 თებერვალს გააკეთებდა ასეთ განცხადებას და მედიით გაშუქდებოდა; „ქართული ოცნებისთვის“ უცნობი იყო გვარები, ვინ აპირებდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან „ალტერნატიული მთავრობისკენ“ გადასვლას;
  • 19 თებერვლისთვის მიხეილ სააკაშვილი უნდა შემოსულიყო საქართველოში სარფიდან - „უკრაინული სცენარით... შემოდის, ხვდებიან აქტივისტები“;
  • „ქართული ოცნება“ ფლობდა კიევიდან და ენმ-ის ოფისიდან „კოლეგების“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას;
  • რაოდენობა ჩვენთვის არის ცნობილი, გვარების შესახებ ჩვენ არ ვიცით... ეს უნდა მომხდარიყო 18-19 თებერვალს;
  • გიორგი გახარია ითხოვდა ნიკა მელიას დაკავების 2-3 დღით გადადებას და პარალელურად, ენმ-ს სჭირდებოდა ასევე 2-3 დღე „ხელისუფლების ასატრიალებლად“;
  • გიორგი გახარია მანამდე დაჟინებით ითხოვდა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას, რის შემდეგაც მელიას არდაკავება მმართველი გუნდის სისუსტეს გამოკვეთდა და მისი ხელშეწყობით მოხდებოდა „სახიფათო ჯაჭვის“ შეკვრა მმართველი გუნდის წინააღმდეგ.

გეგმა, რომელსაც ირაკლი კობახიძე აღწერს, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მოიცავს. „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“ - სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელი, სხვადასხვა გარემოების მიხედვით, 5-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ ეჭვები „ქართულ ოცნებაში“ 17 თებერვალს გაუჩნდათ, მაგრამ არაფერი უთხრეს თავად ეჭვმიტანილს, იმ დროს ჯერ ისევ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ამ პოსტიდან 18 თებერვალს გადადგა.

შეატყობინა თუ არა სავარაუდო დანაშაულის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო სტრუქტურებს? ამ შეკითხვაზე ოფიციალური პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა პარტიის წარმომადგენლების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ამ ბრალდებას ისინი არა სამართლებრივ, არამედ - პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავენ.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ - ამ დრომდე არ დაწყებულა ცალკე გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დეტალების შესწავლა სხვა უკვე მიმდინარე საქმის ფარგლებში ხდებოდეს;
  • შს სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები შეკითხვებზე - დაინტერესდა თუ არა კობახიძის მონათხრობით შს სამინისტრო და მოახდინა თუ არა რაიმე ტიპის რეაგირება თუნდაც იმ მიმართულებით, რომ დაედგინათ - მართლაც აპირებდნენ თუ არა უწყების თანამშრომლები კობახიძის მიერ ნახსენებ „ალტერნატიულ მთავრობაში“ გადასვლას?

შეკითხვებზე პასუხი ვერც გენერალურ პროკურატურაში მოვიძიეთ, რომელსაც გახარიას გუნდმა მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების შესწავლის განცხადებით 7 ივნისს მიმართა.

ირაკლი კობახიძის მონათხრობს „ბოდვას“ უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ნუგზარ წიკლაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას - გაჩაღდა ბრძოლა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ხმების გაყოფის მიზნით.

„ახლა მიზანია გახარიას დისკრედიტაცია და იფიქრეს - აი, რა შეიძლება იყოს ე.წ. ორთოდოქსი ქოცისთვის ყველაზე შეუწყნარებელი ბრალი და გადაწყვიტეს, რომ - ეს შეიძლება იყოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა და მასთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა... ახლა ამ მარტივ სატყუარას გადაუგდებენ ყოფილ თავიანთ მომხრეებს და ვინც აკენკავს, აკენკავს...

ფიქრობენ, რომ ამით შეაჩერებენ „ქართულ ოცნებაში“ დაწყებულ დეზინტეგრაციის პროცესს. მაგრამ ეს ვერ შეჩერდება... როგორც ჩანს, კობახიძისა და პარტიის სხვა წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები არადამაჯერებელი აღმოჩნდა და, როგორც ჩანს, სთხოვეს ივანიშვილს - გაეკეთებინა განცხადება, რათა უფრო სარწმუნო გამხდარიყო „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას ალიანსი“, - გვეუბნება ნუგზარ წიკლაური.

სახელმწიფოს უსაფრთხოების რისკი

საქართველოში ახსოვთ არაერთი საქმე, რომელიც წინა თუ მოქმედი ხელისუფლების დროს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების - შეთქმულების, ამბოხისა და კონსტიტუციური წყობილების შეცვლის ბრალდებით გახმაურდა, მაგრამ მერე აღარავინ დასჯილა. საზოგადოებას ამგვარ ბრალდებათა ადრესატებს შორის ცნობილი ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილიც კი ახსოვს.

თუმცა ექსპერტებისა და პოლიტიკოსების აზრით, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებები, რაც ძირითადად მტრის ხატის შექმნას ემსახურება, უპრეცედენტოდ მომრავლდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს და ერთგვარ ხელწერასაც კი დაემსგავსა.

ბოლოს, მაგალითად - 2020 წლის 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 1 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე. მანამდე, მსგავს გეგმებზე ლაპარაკობდა „ქართული ოცნების“ მაშინდელი აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოკითხვაზეც იყო დაბარებული.

ამ საქმეზე „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო გადატრიალების გეგმის მტკიცებულებად მიიჩნია უკრაინული ონლაინპლატფორმის (obozrevatel.com) სახელით გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციის წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე ელაპარაკება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 7 ივნისს რადიო თავისუფლებამ ეს საქმეც მოიკითხა. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“.

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის შესაბამისად არავინ დასჯილა არც სხვა საქმეებთან მიმართებით, სადაც ხელისუფლების ბრალდებები ძირითადად მუდამ „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იყო მიმართული.

  • 2014 წლის აპრილში გაჩნდა ე.წ. საბურავების საქმე – საქართველოს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ირწმუნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მიზნით ე.წ. ევრომაიდნის მოწყობას გეგმავდა, რისთვისაც ე.წ. ზონდერჯგუფებს ქმნიდა და საბურავებსაც იმარაგებდა. ბრალდებებში იყო ასევე: ევრომაიდნის აქტივისტების ჩამოყვანა და ტრენინგების ჩატარება. ჭიკაიძე არც სროლას გამორიცხავდა.
  • 2015 წლის ოქტომბერში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად დაგეგმილი შეთქმულების თაობაზე. ამ განცხადებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზე გამოქვეყნებული სტენოგრამა-დიალოგი სათაურით „სააკაშვილი ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში“. ვებგვერდის მიხედვით, დიალოგი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის მიმდინარეობდა სტამბოლში, ათა-თურქის აეროპორტის ვიაიპი დარბაზში, რომელიც 22 ოქტომბერს, დილის ექვს საათზე შედგა.
  • 2019 წლის ივნისში - ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები მალევე შეუდგნენ იმის მტკიცებას, რომ ოპოზიცია პარლამენტის შენობაში შეჭრას, სახელმწიფო გადატრიალებასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდა. 2019 წლის 4 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია“ და „გამოძიება გაგრძელდება მათ შორის - სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „რაც გულისხმობს ამბოხებას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

რადიო თავისუფლებას გენერალურ პროკურატურაში უთხრეს, რომ 20 ივნისის საქმეზე არავის წაყენებია ბრალი 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით. გიორგი გახარია ივნისის მოვლენების დროს ირწმუნებოდა, რომ ბრალდებები დამტკიცდებოდა და ეს საქმე არ დაემსგავსებოდა „საბურავების საქმეს“.

ამ ტიპის შეთქმულების თეორიების მარტივად გახმაურებასა და შემდეგ უკვე არავის დასჯას - სახელმწიფოსთვის სახიფათოდ მიიჩნევს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, უსაფრთხოების სპეციალისტი, თეონა აქუბარდია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთის მტრული განწყობების ფონზე ასეთი პროცესები სახუმარო ნამდვილად არ არის, რადგან საზოგადოების პოლარიზაციის გარდა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებას უწყობს ხელს.

„მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ სისტემურად აღუდგეს წინ და შეაჩეროს შეთქმულება თუ სახელმწიფო გადატრიალება, ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.... ბატონი კობახიძე კი ამბობს, რომ ინფორმაცია ჰქონდათ და არ გაანდეს ეს ინფორმაცია იმ დროს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, რომელიც, არ დაგვავიწყდეს, რომ - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეც იყო...

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც მათ შორის ევალებათ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, პრაქტიკულად მოშლილია... რა თქმა უნდა, მსგავსი ბრალდებები სამართლებრივად უნდა იქნას გამოკვლეული, მაგრამ ვხედავთ, რომ ყველაფერი ერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდია.

მისი განმარტებით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ „სახელმწიფო მიტაცებულია“ და მსგავსი ფაქტები ამას მორიგ ჯერზე ადასტურებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG