სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო გადატრიალების ახალ საქმეს იძიებს და ამ მოტივით უწყებაში მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს იბარებენ. ამ საქმეზე გამოჰკითხეს "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე.
ამ საქმეზე გამოსაკითხად დაბარებული რამდენიმე პირის ადვოკატი, გიორგი გოგინავა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები ლექტორი და ტაქსის მძღოლია. ადვოკატი მათ ვინაობას არ ამხელს და ამბობს, რომ ისინი უარს ამბობენ სუს-ში გამოკითხვაზე და მაგისტრი მოსამართლე გამოჰკითხავთ. როგორც "მთავარი არხი" ავრცელებს ინფორმაციას, გამოკითხვაზე არიან დაბარებული საარჩევნო პროცესში ჩართული დამკვირვებლები.
საგამოძიებო უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 15-დან 20 წლამდე პატიმრობაც.
გუშინ, 5 ნოემბერს ამ საქმეზე სუს-ში გამოჰკითხეს ირაკლი კობახიძე. მან გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ სუს-ს ინფორმაცია მიაწოდა რამდენიმე დღის წინ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებათან დაკავშირებით, „რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე“.
„ჩვენ დავასახელეთ მათი ლიდერების გვარები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც არის შედგენილი მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც ლიდერია ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის. მასთან ერთად, ასევე, მოქმედებდნენ რამდენიმე წარმომადგენელი ამ პარტიის. დავასახელებდი დევი ჭანკოტაძეს, დიმიტრი შაშკინს, იყვნენ სხვებიც“, - თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავდა, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონში, ჩამოაყალიბეს ყოფილი ძალოვნების ჯგუფები და ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები.