Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურნავა ივანიშვილის განცხადებაზე: იძულებული გახდა, მკვეთრი განცხადებით ეპასუხა


ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დიდი ხნის წასულია, თუმცა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მერე განვითარებულმა მოვლენებმა იგი იძულებული გახადა, მკვეთრი განცხადებით ეპასუხა:

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია უკვე დისტანცირებულია პოლიტიკიდან. აქტიურად არანაირი ფორმით არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში და, როგორც ჩანს, ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, რომ ასეთი განცხადებით, საკმაოდ მკვეთრი განცხადებით და მკვეთრი შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი გახარიას პარტია იყენებს მის სახელს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს და ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ის არის ეგრეთ წოდებული ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა ბრძოლის ველის დატოვებად შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რა დროს წავიდა იგი თანამდებობიდან:

„გადადგომა მოხდა საკმაოდ ისეთ დინამიურ და რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისი. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და, რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს, ბატონ პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა არის ბრძოლის ველის დატოვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

7 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მის გადადგომას გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ ღალატად აფასებს.

ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში გამორიცხა, რომ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მმართველი პარტიის სატელიტია. ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ღალატის გარდა ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".

XS
SM
MD
LG