კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომა ღალატად, იმედგაცრუებად და "დაყრად" აღიქვეს. მთავრობის სხდომის შემდეგ წულუკიანმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილი განცხადება შეაფასა.
"საქმე წავიდა იქამდე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრები ავრცელებდნენ სხვადასხვა პარტიულ აქტივში, სხვადასხვა რეგიონში, რომ ისინი იყვნენ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ, როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი გამოდის და ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება არის დაუშვებელი", - განაცხადა წულუკიანმა.
ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში ღალატად შეაფასა გახარიას გადადგომა და გამორიცხა, რომ ის არის მმართველი პარტიის სატელიტი.
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ღალატის გარდა ყველაზე მძიმე პოლიტიკურ დანაშაულსაც უწოდებს და აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის მიზანი მმართველი პარტიისთვის ხმების წართმევაა.
გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად მან თქვა, რომ მმართველ გუნდში ვერ შეთანხმდნენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე. გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვები აქვთ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".