Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ევროპარლამენტარების კრიტიკის პასუხად ამბობს, რომ ისინი ენმ-ს ლობისტები არიან


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც საქართველოში მართლმსაჯულების პრობლემებზე საუბრობენ, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტებს უწოდებს. მისი თქმით, ისინი საქართველოში მართლმსაჯულების საკითხების პოლიტიზებას ახდენენ.

"ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან, გახსოვთ, რომ სახელები და გვარები არ იცვლება პრაქტიკულად, იყო საქართველოში მთელი ამ 9 წლის მანძილზე მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა, ცალკეულ შემთხვევებში, სამწუხაროდ, ეს მცდელობები იყო წარმატებული, ეს ხელს უწყობდა პოლარიზებას... ასეთი მცდელობები ვეღარ იქნება წარმატებული საქართველოში, ჩვენ არავის, მათ შორის კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას დაესვა წერტილი", - თქვა ევროპარლამენტარებზე საუბრის დროს კობახიძემ.

ევროპარლამენტარების კრიტიკის მიუხედავად, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მინიმუმ ექვსი წლით იჯდება.

70-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. მათი ღია წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.

„ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილის დრო აღარ არის”, - ეწერა წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი აწერს ხელს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის პირველ ოქტომბერს დააკავეს, თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოში რამდენიმე დღით ადრე შემოვიდა.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

XS
SM
MD
LG