ლიეტუვის და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 25 ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან, ყოფილი ელჩები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ლიეტუვის სეიმის 25-ზე მეტი წევრი და ქართველი პოლიტიკოსები ხელს აწერენ ღია წერილს, რომელიც ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შეწყვეტას იმ დრომდე, სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წადგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. ღია წერილის ადრესატები არიან ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.
„ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება და რაც გამოწვეულია უკიდურესი პოლარიზაციით, თავისუფალი მედიის კონტროლის ვნებით. პოლიტიკური კრიზისის გამოვლინებაა ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობები, სივრცისა და რესურსების შეზღუდვა პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან.
ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედებების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილის დრო აღარ არის”, - ვკითხულობთ წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი აწერს ხელს.
„საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე, მისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალდებისათვის. ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი უნდობლობის ფონზე შექმნილი ვითარების განსამუხტვა მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პროცესის ნორმალიზებისთვის. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების ხანა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს ნათლად იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც მოგვიანებით უარყო "ქართულმა ოცნებამ". პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაუხსნას სტაბილურობისკენ მიმართულ ეროვნულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კრიზისის დასრულებას და იმ კურსის აღდგენას, რომელიც ქართველ ხალხს სურს თავისი ერის მომავლისთვის“, - წერია წერილში, სადაც ასევე ლაპარაკია 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესზე. წერილის ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ ბრალდებები, რომელთა გამოც მიხეილ სააკაშვილი დღეს იხდის სასჯელს, არ არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული, რის გამოც ის წლების განმავლობაში თავისუფლად ცხოვრობდა და მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში ისე, რომ არ დამდგარა მისი ექსტრადაციის საკითხი დღის წესრიგში.
„სააკაშვილი ერთ-ერთი იყო იმ ათეულობით ყოფილ ჩინოვნიკთა შორის, რომლებიც მათმა მემკვიდრეებმა გაასამართლეს”, - ხაზგასმულია წერილში.
წერილის შესახებ ინფორმაცია მედიაში 14 ოქტომბერს გაჩნდა.
ღია წერილის ხელმომწერთა არასრული სია ასე გამოიყურება:
- ვალდის ზატლერსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი
- ვიქტორ იუშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
- კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
- ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
- იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი, ევროპარლამენტარი
- რიშარდ ანტონ ლეგუტკო, ევროპარლამენტარი
- რაფაელ ფიტო, ევროპარლამენტარი
- ელჟბიეტა რაფალსკა, ევროპარლამენტარი
- ვიტოლდ იან ვაშიკოვსკი, ევროპარლამენტარი
- ელზბიეტა კრუკი, ევროპარლამენტარი
- რობერტ ზილე, ევროპარლამენტარი
- ბეატა მაზურეკი, ევროპარლამენტარი
- შარლი ვაიმერსი, ევროპარლამენტარი
- ადამ ბიელანი, ევროპარლამენტარი
- დომინიკ ტარჩინსკი, ევროპარლამენტარი
- ჰერმან ტერში, ევროპარლამენტარი
- ანა ზალევსკა, ევროპარლამენტარი
- კოსმა ზლოტოვსკი, ევროპარლამენტარი
- ზბიგნევ კუზმიუკი, ევროპარლამენტარი
- რასა იუკნევიჩიენე, ევროპარლამენტარი
- რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტარი
- რაიმუნდას ლოპატა, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის წევრი, საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი
- ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
- ლაურინას კასჩიუნასი, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
- ლაიმა ანდრიკიენე, ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- არმინას ლაიდეკა. ლიეტუვის სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ალგირდას ბუტკევიჩიუსი- ლიეტუვის სეიმის ბიუჯეტისა და ფინანსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- ვალენტინას ბუკაუსკასი, ლიეტუვის სეიმის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
- მიხაი კამინსკი, პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერი.
- პაველ ფიშერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
- ეერიკ კროსი, ესტონეთის პარლამენტის წევრი
- ვიტის იურკონისი, ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი
- მარიუს ლაურინავიჩიუსი, ვილნიუსის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი
- ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი
- დანიელ ჰამილტონი, დიდი ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის წევრი
- ვალბურგა ჰაბსბურგ დაგლასი, შვედეთის პარლამენტის ყოფილი წევრი
- გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (2009 - 2013)
- ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯომარე
- ეკა ტყეშელაშვილი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
- დავით სიხარულიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი [2008-2009], პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლი საგარეო პოლიტიკის საკითხებში
- ბათუ ქუთელია, საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2007-2008 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
- ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსი
- თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი
- შოთა ღვინერია, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში