ამასთან, პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კი შეშფოთებას ვერ მალავენ და ამბობენ, რომ რასაც ხელისუფლება აკეთებს, “ვერაგული საქციელია”. წინასაახალწლოდ, დაჩქარებული წესით ცვლილებები, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორიც და მისი ასზე მეტი თანამშრომელიც სამსახურის გარეშე რჩება და რომლის შესახებაც თავად უწყების ხელმძღვანელმა საინფორმაციო სააგენტოდან გაიგო, კრიტიკას ვერ უძლებს. კანონპროექტში, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, ინსპექტორი და მისი თანამშრომლები არა მხოლოდ სამსახურის გარეშე რჩებიან, ეზღუდებათ სამართლებრივი დავის უფლებაც.
ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ თავდასხმა ლონდა თოლორაიასა და მის უწყებაზე მას უკავშირდება და ითხოვს, სამსახურმა გაუქმებამდე გამოაქვეყნოს მის საქმეზე წინასწარი დასკვნა - თავად ინსპექტორი ამბობს, რომ ამ საქმემდეც არ იყო მათთვის მარტივი სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობა და მიანიშნებს, რომ რიგ შემთხვევებში, სამოხელეო დანაშაულის გამოძიებისას, ინსპექტორის გამომძიებლებს განადგურებული ხვდებოდათ მტკიცებულებები ან პროკურატურა არ თვლიდა საჭიროდ, დაეწყო გამოძიება იმ ჩინოვნიკების თუ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომელთაც უწყება კანონდამრღვევად მიიჩნევდა.
“რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას, თუმცა მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად", - თქვა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მან დისკრიმინაციული უწოდა იმ კანონპროექტს, რომელიც მმართველმა პარტიამ უწყების ლიკვიდაციისთვის მოამზადა და არ გამორიცხა, რომ თუ პროცესი ვერ შეაჩერა, სამართლებრივ დავას წამოიწყებს.
კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლიკვიდირებულია, მის თანამშრომლებთან კი წყდება შრომითი ხელშეკრულებები. 2022 წლის 28 თებერვლიდან უწყების თანამშრომლებს აღარ აქვთ უფლება მოითხოვონ თანამდებობის ტოლფას თანამდებობებზე/მისი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებული მობილობის წესი. ლონდა თოლორაიამ დღეს თქვა, რომ ეს არის არა მხოლოდ მისი და მისი უწყების წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია, არამედ სიგნალი ყველა დამოუკიდებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც პარტიულ ინტერესს არ დაექვემდებარებიან.
“ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არის ვერაგული საქციელი. ხელისუფლებამ დრო შეარჩია ვერაგულად, სპეციალურად სწორედაც იმისთვის, რომ დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც ბოლოს მოუღებდა დამოუკიდებელ ინსტიტუტს”, - თქვა დღეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სვიმონიშვილმა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სოლიდარობა გამოუცხადეს სახელმწიფო ინსპექტორს.
“გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას დამოუკიდებელი ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე”, - ეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისის გამოხმაურებაა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. კომისრის ოფისი ხაზს უსვამს იმას, რომ ინსპექტორის სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით.
ხელისუფლება მოსალოდნელ ცვლილებებს დაშვებული შეცდომის გამოსწორების და სტანდარტის გაუმჯობესების სურვილით ხსნის. 27 დეკემბერს "ქართული ოცნების" ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ თქვეს, რომ ერთი სამსახურისთვის ორი შეუთავსებელი ფუნქციის [სამოხელეო დანაშაულების გამოძიების და პერსონალური მონაცემების დაცვის] დაკისრება მათი ყოფილი თანაგუნდელის და პარტიის ლიდერის სურვილით მოხდა, თუმცა ეს არასწორი იყო და ახლა ამ შეცდომას ასწორებენ. "ქართული ოცნების" ლიდერები, სავარაუდოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას გულისხმობდნენ. ირაკლი კობახიძეც, მამუკა მდინარაძეც და "ოცნების" სხვა წევრებიც ამბობენ, რომ ცვლილებებს ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით ატარებენ - რეკომენდაციები რამდენიმე წლის წინ არის გაცემული და სანამ ისინი აქტუალური იყო, მმართველმა პარტიამ წონად არგუმენტებად არ მიიჩნია.
ლონდა თოლორაიამ დღეს თქვა, რომ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, არაფერი წერია საგამოძიებო ნაწილის გაძლიერებაზე და მასში არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებია ასახული.
“ჯერ კიდევ 2019 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონი, რომელიც 2 წელზე მეტია განხილვის მოლოდინშია;
2021 წელს პარლამენტს წარვუდგინეთ 2020 წლის საქმიანობის დეტალური და კრიტიკული ანგარიში, რომელიც ისტორიაში პირველად, პარლამენტმა არ მოისმინა;
2021 წლის 24 დეკემბერს პარლამენტს წარვუდგინეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა. პარლამენტს არც ამ წინადადების მიმართ გამოუხატავს ინტერესი”, - თქვა ლონდა თოლორაიამ. მისი დღევანდელი განცხადებიდან და პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივიდან ჩანს, რომ პრობლემა უწყებას მუდმივად ჰქონდა: უჭირდა მტკიცებულებების მოპოვება, გენერალური პროკურატურა თავს არიდებდა დაეწყო გამოძიება იმ სამოხელეო დანაშაულებზე, რომლებზეც ინსპექტორის გამომძიებლები მიუთითებდნენ, მათ შორის, სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე.
ანგარიშში, რომელიც პარლამენტმა არ მოისმინა, ლონდა თოლორაია წერდა, რომ:
- მხოლოდ სამი ოფისი მთელი ქვეყნის მასშტაბით არასაკმარისი იყო ეფექტური გამოძიებებისთვის;
- გამოძიებებისთვის აუცილებელ ექსპერტიზებზე პასუხებს უფრო ხშირად თვეზე მეტი სჭირდებოდა, ვიდრე ნაკლები. 50-მდე შემთხვევაში ექსპერტიზის პასუხი უწყებას არ მიუღია;
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი რიგ შემთხვევებში პასუხებს ვერ იღებს საჯარო უწყებებში გაგზავნილ წერილებზე. საუბარია შსს-ში, პროკურატურაში, პენიტენციურ სამსახურში, სასამართლოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებებში გაგზავნილ წერილებზე;
- სახელმწიფო ინსპექტორს ყოველთვის არ აწვდიან სახელმწიფო უწყებები იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინსპექტორს უფრო მეტად გარე სამეთვალყურეო (გზებზე დამონტაჟებული) ვიდეოკამერების ჩანაწერებს აწვდის, ვიდრე პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერებს და ეს გამოძიებას ართულებს იმის გამო, რომ სავარაუდო მსხვერპლთა 40% სავარაუდო დანაშაულის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% კი - პოლიციის ავტომანქანას. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სწორედ საპატრულო პოლიციის სამხრე კამერებისა და პოლიციის განყოფილების შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მოწოდების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია;
- 2020 წელს ხელბორკილის დადებისას ფიზიკური ტკივილის მიყენების ან/და შესაძლო არასათანადო მოპყრობის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 44 სისხლის სამართლის საქმეზე. ამ საქმეებში ფიგურირებს 48 სავარაუდო მსხვერპლი. მათი უმრავლესობა (41ადამიანი) შესაძლო ძალადობის ჩამდენად ასახელებს ძირითადად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. პატრულ-ინსპექტორები დაკავებულ პირებთან ფორმალურ პროცედურებს უმეტესწილად ატარებენ არა ადმინისტრაციულ შენობებში, არამედ - საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომანქანებში;
- პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების გარდაცვალების ფაქტების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ცალკეულ შემთხვევებში, ექიმმა პატიმრის გასინჯვისას გასცა რეკომენდაცია შესაბამისი პროფილური სამედიცინო მუშაკის (მაგ. ექიმი ნარკოლოგის) კონსულტაციის ჩართვაზე, თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, პატიმრის გარდაცვალების მომენტისთვის, მითითებული კონსულტაცია ჯერ კიდევ არ იყო გაწეული იმ მიზეზით, რომ შესაბამისი პროფილის ექიმი დაწესებულებაში არ მუშაობს და დაწესებულება დამოკიდებულია მოწვეულ სპეციალისტებზე, რაც აფერხებს კონსულტაციის დროულად გაწევას;
“ეს არის სამსახურის დასჯა - დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის, საჯარო უწყებების წინააღმდეგ გამოტანილი კანონიერი გადაწყვეტილებებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის რეფორმაზე დაფიქსირებული განსხვავებული და კრიტიკული პოზიციისთვის, საქართველოს პროკურატურაში გაგზავნილი წინადადებებისთვის, რომლითაც ვითხოვდით მოხელეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას და რომელთაგან არცერთი იქნა დაკმაყოფილებული, მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების ახალი სტანდარტების დანერგვისთვის, ინფორმაციის უსაფრთხოების კანონზე ჩვენი განსხვავებული პოზიციისთვის და სხვა. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული”, - ამბობს ლონდა თოლორაია.
თუკი გავიხსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის საქმიანობას, ის ცდილობდა ხმამაღლა და ღიად არ ესაუბრა იმ ბარიერებზე, რაც მას საქმიანობისას სხვა უწყებებიდან ხვდებოდა, თუმცა ამ მოზომილი პოლიტიკის მიუხედავად, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე ხელისუფლების მხრიდან.
სანამ მისი არსებობის განმავლობაში ყველაზე რეზონანსულ განცხადებას გააკეთებდა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ და იუსტიციის სამინისტროს ფულად ჯარიმას დააკისრებდა კადრების უკანონო გავრცელებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორი კრიტიკის სამიზნე გახდა ლექსო ლაშქარავას საქმეზე მისი პოზიციის გამოც.
“პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა 24 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ ლონდა თოლორაიას დასკვნას იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოპერატორის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრების გავრცელებას არ ჰქონდა “კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი.” მაშინ ინსპექტორის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფულადი ჯარიმა დააკისრა, ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებდა, რომ “ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის და ეს ძალიან დროულად გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ”, რის გამოც მინისტრ ვახტანგ გომელაურს მადლობაც გადაუხადა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს დაჯარიმებული ჰყავს იუსტიციის სამინისტროც პერსონალური მონაცემების კანონდარღვევით დამუშავებისთვის, როცა მინისტრმა წულუკიანმა 2020 წლის 21 იანვარს პარლამენტში ომბუდსმენის გამოსვლისას აჩვენა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეოკადრები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 500 ლარით დააჯარიმა ნინოწმინდის პანსიონიც ბავშვების აუდიო-ვიდეოჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროების გამო. საქმე ეხება პანსიონის მაშინდელი ხელმძღვანელის, მთავარეპისკოპოს სპირიდონის ე.წ. ფეისბუკ ლაივს, სადაც ჩანდნენ პანსიონის აღსაზრდელები და მღვდელმსახური, რომელიც მათ მშობლებთან რეკავდა. ინსპექტორის დასკვნით, ამ ფორმით მონაცემთა გასაჯაროება არღვევს ბავშვთა უფლებებს და მათ მოწყვლადს ხდის.
“ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი. არ არის საჭირო განხილვის დაჩქარება”, - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 27 დეკემბერს ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ. პარლამენტი ამ მოწოდების გათვალისწინებას არ აპირებს. ელჩისა და ინსპექტორის შეხვედრის პარალელურად, პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
28 დეკემბერს კი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, რომელზეც იუსტიციის სამინისტროს სარჩელი უნდა განიხილოს მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ. ამ სარჩელით რატი ბრეგაძის უწყება ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისას გადაღებული კადრების გასაჯაროებით პენიტენციურმა უწყებამ კანონი დაარღვია.