ყოფილი პრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებაა და ლონდა თოლორაიას უწყებას მოუწოდებს, მოასწროს და გამოაქვეყნოს წინასწარი დასკვნა მის საქმეზე. სააკაშვილის თქმით, რეჟიმს ეშინია ინსპექტორის დასკვნისა იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მის შემთხვევაში ადგილი წამებას და თავდასხმაც ინსპექტორის აპარატზე ამით აიხსნება.
"სწორედ ამ დასკვნის ეშინია რეჟიმს, ვინაიდან ოფიციალური ორგანოს მიერ ჩემი წამების დადასტურება დიდი ალბათობით გამოიწვევს ჩემს უპირობო გათავისუფლებას საქართველოში, ისევე როგორც ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დროებით ღონისძიებას.
მათთვის ამის არდაშვება ყველაზე მნიშვნელოვანია და, დიდი ალბათობით, კუჭავაც იმიტომ გადააყენეს, რომ რა თქმა უნდა, წამოვა ზეწოლა დასავლეთიდან და კუჭავა ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა.
მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე "არაძალადობრივი" მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ", - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე. ის იხსენებს ინსპექტორის აპარატის გამომძიებლებთან შეხვედრას გლდანის ციხეში ყოფნისას და მაღალკვალიფიციურ მოხელეებად ახასიათებს მათ.
"გამომძიებელი სვამდა ზუსტ და პროფესიულ კითხვებს, დეტალურად ინტერესდებოდა, თუ რა და როგორ მოხდა, ხოლო ექსპერტმა ჩემს ტანსაცმელსა და სხეულზე აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომელიც მანამდე არც მე მქონდა შემჩნეული. ამის შემდეგ, როგორც გავიგე, სახელმწიფო ინსპექტორმა დაკითხა 150-ზე მეტი თანამშრომელი და შესაძლო მოწმე, მეორედ დამკითხეს მეც", -ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდებს, იმოქმედონ ლონდა თოლორაიას მსგავსად.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა დღეს სახელმწიფო ინსპექტორმაც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სამსახურის მოსალოდნელ გაუქმებას შეეხებოდა. მან თქვა, რომ საქმეზე დასკვნის გამოქვეყნების დროის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ვინაიდან ინსპექტორი რიგ შემთხვევებში სხვა უწყებებზე არის დამოკიდებული, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საქმეზე დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და არაერთი საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული.
"გამოძიების პროცესი იცით რომ არის კომპლექსური პროცესი, მით უფრო ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, ჩასატარებელია ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება. დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა საგამოძიებო მოქმედებებზე, ექსპერტიზები და ასე შემდეგ. მე გამიჭირდება თარიღის დასახელება, როდის შეიძლება დასრულდეს გამოძიება. ერთ-ერთი პრობლემა რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის სხვა უწყებებზე მიჯაჭვულობა, მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატზე არ არის დამოკიდებული ამ პროცესის სწრაფად დასრულება. ჩვენ სხვა უწყებებიდან ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს, დოკუმენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეზე ვცდილობთ ვიმუშაოთ შემჭიდროებულ ვადებში", - თქვა ლონდა თოლორაიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, 28 დეკემბერს წარედგინება.
ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მან "ქართული ოცნების" დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ მედიიდან გაიგო. თავად მან 24 დეკემბერს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართა, რომელიც ინსპექტორისთვის უფლებამოსილების გაზრდას და ბიუროკრატიული ბარიერებისგან გათავისუფლებას ისახავდა მიზნად.