თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 დეკემბერს ჩაინიშნა სასამართლო სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს იუსტიციის სამინისტროს სარჩელი. ამ სარჩელით უწყება ასაჩივრებს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ. საქმეს მოსამართლე ციცინო როხვაძე განიხილავს, პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 7 დეკემბერს უკანონოდ ცნო პენიტენციური სისტემის მიერ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება და ამ კადრების წაშლის ვალდებულება და ფულადი ჯარიმა დააკისრა როგორც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ ვიდეოები არ წაშალა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
მოსამართლე ციცინო როხვაძე 2020 წლის მაისიდან უვადო მოსამართლედ არის გამწესებული. მის მიერ განხილულ გახმაურებულ საქმეებს შორისაა "ბათუმი რივიერას" საქმე - ამ საქმეში მან საჭიროდ არ ჩათვალა შეჩერებულიყო მშენებლობა იმ დროის განმავლობაში, სანამ საქმეს სასამართლო განიხილავდა.
სასამართლოს ფონი იქნება მმართველი პარტიის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივა, გაუქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი და მის ნაცვლად შეიქმნას ორი სხვა უწყება - ლონდა თოლორაია, მოქმედი ინსპექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ის პარლამენტს თავის მხრივ უფლებამოსილების გაზრდის მოთხოვნით მიმართავს.