Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ინსპექტორის აპარატის გაუქმების ინიციატივაზე: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის


სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას. მისი თქმით, პროექტი გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშეა მომზადებული.

"საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებებთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, დამოუკიდებელი ორგანოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა მხოლოდ საგამონაკლისოდ შეიძლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როდესაც მოქმედი ნორმები იმდენად ხარვეზიანია, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიზანს თუ დანიშნულებას ეწინააღმდეგება და მათი შეცვლა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ტიპის შემთხვევასთან დღეს ნამდვილად არ გვაქვს საქმე", — აცხადებს ლომჯარია.

სახალხო დამცველმა ისაუბრა კანონპროექტში არსებულ დისკრიმინაციულ ჩანაწერზე, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს ინსპექტორის აპარატში დასაქმებულ თანამშრომლებს სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით. კანონპროექტის ჩანაწერით, ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებს, ამ უწყების ლიკვიდაციის შემდეგ, რაც 1 მარტამდე უნდა მოხდეს, უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები და მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა.

"პროფესიული საჯარო მოხელეების სამსახურებრივი გარანტიები მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის, რის უგულვებელყოფასაც აქვს დღეს ადგილი" - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობას მონიტორინგს უწევდა და მიაჩნიათ, რომ იგი ეფექტურად და გამჭვირვალედ ახორციელებდა მასზე დაკისრებულ უფლებამოსილებას.

"2019 წლის 1 ნოემბრის შემდგომ ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას, ვითხოვდით ინფორმაციას მიმდინარე რეჟიმში და ვსწავლობდით მათ მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს. ჩვენ საპარლამენტო ანგარიშებში ყოველთვის ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებები აკმაყოფილებდა დროულობის, დეტალურობისა და ზედმიწევნითობის მოთხოვნებს, რაც წარმოადგენს სტანდარტს არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების", - თქვა ნინო ლომჯარიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

27 დეკემბერს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ამასთან, ბიურომ მხარი დაუჭირა მის დაჩქარებული წესით განხილვას.

„ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აუქმებს და მის ნაცვლად ორ სხვა სტრუქტურას ქმნის, ინსპექტორის აპარატის მოქმედი თანამშრომლები 1 მარტიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან და უწყდებათ შრომითი კონტრაქტები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორად 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია ლონდა თოლორაია.

XS
SM
MD
LG