სამშაბათს ამერიკის კინოაკადემიამ გამოაქვეყნა სია ფილმებისა, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას „ოსკარის“ მოსაპოვებლად საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე. გაგახსენებთ, რომ ამ ჯილდოთი აღინიშნება არაინგლისურ ენაზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი (თავის დროზე ნომინაციას სწორედ ასე ერქვა - „უცხო ენაზე გადაღებული ფილმი“), რომლის ნაციონალური პრემიერა უკვე მოეწყო ქვეყნის კინოთეატრებში. როგორც წესი, შემოდგომაზე ყველა ქვეყანა „ოსკარზე“ წარადგენს ერთ ფილმს, რის შემდეგაც შეერთებული შტატების კინოაკადემია არჩევს სურათებს „გრძელი სიისთვის“, ნახევარფინალისთვის და ბოლოს, თებერვლის დასაწყისში აცხადებს ფინალურ ნომინანტებს. ამჯერად ე.წ. „ლონგ ლისტი“ ფილმებისა, რომლებიც ჩაერთნენ „ოსკარისთვის“ ბრძოლაში, კინოაკადემიამ დეკემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა. სხვადასხვა ქვეყნის 93 ფილმს შორის მოხვდა ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ - სწორედ ეს სურათი შეარჩია „ოსკარისთვის“ საბრძოლველად ეროვნული კინოცენტრის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომლის წევრები პროფესიონალი კინემატოგრაფისტები არიან. კომისიის 15 წევრიდან მხოლოდ ერთი იყო კინომცოდნე, რაც ზუსტად აისახა კომისიის მუშაობის შედეგებში. საქმე ისაა, რომ ქართველმა კინომცოდნეებმა კენჭისყრამდეც და კენჭისყრის შემდეგაც ძალიან მაღალი შეფასება მისცეს „ბრაიტონის“ კონკურენტს, ალექსანდრე კობერიძის ფილმს - „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“. ზოგიერთი ჩემი კოლეგა კობერიძის სურათს ყველა დროის საუკეთესო ქართულ ფილმებს შორისაც ასახელებს. ამიტომაც ბევრს გაუკვირდა გადაწყვეტილება კომისიისა, რომლის წევრებმა, თავის მხრივ, ეს შედეგი იმით ახსენეს, რომ ლევან კოღუაშვილის ფილმი უკვე უჩვენეს წარმატებით შეერთებულ შტატებში („ბრაიტონი“ 3 პრიზით აღინიშნა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე) და რომ „ამერიკული გარემო“ (ფილმის ძირითადი მოქმედება შეერთებულ შტატებში ხდება) უფრო გასაგებს გახდის სურათს ამერიკელი კინოაკადემიკოსებისათვის. ისიც ითქვა, რომ კინოკრიტიკოსები ამერიკის კინოაკადემიის წევრები საერთოდ არ არიან და თუ კომისიის გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ, შეუძლიათ თავად დააწესონ პრიზები ქართული ფილმებისთვის.
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. „მეოთხე ბრაიტონი“ კინოაკადემიის „შორტ ლისტში“ ვერ მოხვდა. სავარაუდოდ, ფილმის დაწუნების მიზეზი სწორედ ის უნდა იყოს, რასაც „ოსკარების“ ქართული კომისია ლევან კოღუაშვილის ფილმის ღირსებად მიიჩნევდა - ამერიკა „ბრაიტონში“ არის და არც არის. მოქმედება ხდება ამერიკაში, მაგრამ ჩვენ უფრო ვხედავთ პოსტსაბჭოთა რეალობაში გაჭედილ ადამიანებს, რომლებიც იქ გაჭირვებამ ჩაიყვანა. ჩანაფიქრი ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ სწორედ საბჭოთა (უფრო სწორად რუსული) კინოს კლიშეები, უაღრესად ძველმოდური ენა, იუმორის დეფიციტი და პათეტიკურობა არ აძლევს ავტორს საშუალებას მიაღწიოს მხატვრულ განზოგადებას და სოციალურ სიმძაფრეს. იმის თქმა, რომ „ამერიკელებს მოსწონთ ასეთი სენტიმენტალური კინო“, ამერიკელი კინოაკადემიკოსების, პირდაპირ რომ ვთქვათ, შეურაცხყოფაა და კიდევ ერთი აკვიატებული წარმოდგენაა, მე ვიტყოდი, „გადმონაშთი“ საბჭოთა კავშირისა, რომლის მიმართ მსუბუქი ნოსტალგიაც კი იგრძნობა „მეოთხე ბრაიტონში“.
არა, ამერიკის კინოაკადემიას კარგი კინოს გაგებას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ. გადახედეთ ისტორიას ნომინაციისა „საუკეთესო უცხოური ფილმი“; ამ პრემიის პირველი ლაურეატები, გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოდან, როცა „ოსკარი“ არაამერიკელებისთვისაც დააწესეს, იყვნენ ვიტორიო დე სიკა და ფედერიკო ფელინი, შემდეგ ინგმარ ბერგმანი, ჟაკ ტატი, ლუის ბუნუელი, აკირა კუროსავა, მიხელ ჰანეკე, პედრო ალმოდოვარი... რა თქმა უნდა, „ოსკარი“ არ გამორიცხავს პოლიტიკურ კონიუნქტურას( ისევე, როგორც „ა“ კლასის კინოფესტივალები), ამიტომაცაა, რომ ამ ნომინაციაში ხშირად იმარჯვებდნენ ფილმები, რომლებიც დღეს თითქმის არავის ახსოვს. რა შეგიძლიათ, მაგალითად, თქვათ საუკეთესო უცხოურ ფილმად გამოცხადებულ მოშე მიზრახის ფრანგულ ფილმზე „მთელი ცხოვრება წინაა“(გაიმარჯვა 1978 წელს)? შვეიცარიელი რეჟისორის რიშარ დემბოს „სპილოს დიაგონალზე“(1985 წლის გამარჯვებული)? ნიდერლანდელი ფონს რადემაკერსის „თავდასხმაზე“(1987)? გერმანელი რეჟისორის, კაროლინა ლინკეს „ბარბაროსების შემოტევაზე“(2003)?.. მეეჭვება გახსოვდეთ ეს სურათები. მაგრამ იმ კონკრეტულ წელს, კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში, სწორედ ამ ფილმებმა მოახერხეს გამარჯვება, შეძლეს ბევრად უფრო ძლიერი კონკურენტების დამარცხება.
უცხოენოვანი ნომინაციის „შორტ ლისტით“ თუ ვიმსჯელებთ, ამერიკის კინოაკადემიამ წელსაც მოახერხა კინოს მოყვარულების გაკვირვება მთელ მსოფლიოში. სამშაბათს გამოცხადებულ გამარჯვებულებს შორის ვერ მოხვდა კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმით“ აღნიშნული ფილმი „ტიტანი“, რომელიც “ოსკარზე“ საფრანგეთის კინოაკადემიამ წარადგინა. სიაში ვერ ვხედავთ ფილმებს, რომლებსაც კინოკრიტიკოსები წლის საუკეთესო სურათებს შორის მოიხსენიებენ, მაგალითად, რუმინეთის მიერ წარდგენილ რადუ ჟუდეს „გიჟურ პორნოს“, ასევე რუსი კინოაკადემიკოსების არჩევანს - კირა კოვალენკოს „მუშტების გახსნას“. ვერ გეტყვით, რომ ამერიკის კინოაკადემიკოსების არჩევანი საუკეთესოა, თუმცა მე პირადად სადღაც გულის სიღრმეში მაინც ვფიქრობ - რა იქნებოდა „ოსკარის“ შემრჩევ კომისიას ამერიკულ კონკურსში ალექსანდრე კობერიძის ფილმი რომ გაეგზავნა? გაიგებდნენ ამ სურათს ამერიკელები? მათ მიერ შედგენილ „შორტ ლისტს“ თუ გადავხედავთ, არაა გამორიცხული, რომ გაეგოთ და მოსწონებოდათ.
მაშ ასე, ფილმები, რომლებიც შეერთებული შტატების კინოაკადემიამ „ოსკარისთვის“ საბრძოლველად დატოვა.
ერთადერთი სურათი, რომლის ნახვა ვერ მოვახერხე, არის პანამური „Plaza Catedral”, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ გეოგრაფიული არეალის გაფართოებისთვის მოხვდა ნომინანტებს შორის (ეს თითქმის ტრადიციაა უკვე).
დავიწყოთ ყველაზე სუსტებით და გადავიდეთ ფილმებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
14. „კარგი ბოსი“ („El buen patron”, ესპანეთი, რეჟისორი ფერნარდო ლეონ დე არანოა)
ამ ვითომ სოციალური კომედიის მოხვედრა „ოსკარის“ კანდიდატთა სიაში უკვე სკანდალია. ოღონდ, გაუგებრობა უკავშირდება არა იმდენად ამერიკის, რამდენადაც ესპანეთის კინოაკადემიას, რომელმაც „ოსკარისთვის“ არ შეარჩია პედრო ალმოდოვარის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „პარალელური დედები“ და უპირატესობა სრულიად მეორად კომედიას მიანიჭა. თუმცა, შეიძლება, სწორადაც გათვალა - ფაქტია „კაპიტალიზმის ფარისევლობის“ ეს მხილება, ხავიერ ბარდემით მთავარ როლში, მოეწონათ ამერიკელ კინოაკადემიკოსებს.
13. „მე შევიქმენი შენთვის“ („Ich bin dein Mensch“, გერმანია, რეჟისორი მარია შრადერი)
კომუნისტური გერმანიის სტუდია „დეფას“ უყვარდა დეტექტივების ჟანრი და ფანტასტიკა. სწორედ ამ სტუდიის სურათები მომაგონა მარია შრადერის ნახევრად ფანტასტიკური ჟანრის ფილმმა, რომელიც მეცნიერი ქალისა და... რობოტის „ექსპერიმენტულ რომანზე“ გვიამბობს. ცოტა მეტი იუმორი რომ ჰქონდეს ამ ამბავს, შეიძლება შრადერის სურათი მართლაც მნიშვნელოვანი გამხდარიყო გერმანული კინოსთვის... მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ იუმორი და თანამედროვე გერმანული კინო შეუთავსებელი ცნებებია.
12. „სკა“ („ Zgjoi“, კოსოვო, რეჟისორი ბერტა ბასხოლი)
მესმის, რომ კინოაკადემიამ დაუფასა კოსოვოს ანტიმილიტარისტული და თანაც, ფემინისტური ფილმის გადაღება, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ „სკა“ არანაირი სიახლით არ გამოირჩევა და ჰგავს 90-იან წლებში ბალკანეთის ქვეყნებში გადაღებულ სხვა ანტისაომარ ფილმებს, საშუალო ნიჭის მსახიობებით და მოსაბეზრებელი პათეტიკით. აქაც, ფილმის პირველ ნახევარში უკვე ხვდები, რას გვეტყვის ავტორი, თუმცა ბოლომდე იმედი გაქვს, რომ ამბავი ქალზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის (მაშინ როდესაც კაცები ომობენ), ოდნავ მაინც განსხვავებულად განვითარდება.
11. „ლუნანა“ („Lunana”, ბჰუტანი, რეჟისორი პავო დორჟი)
სიმპათიური, სასიამოვნო საყურებელი სურათი, რომლის რეჟისორი, მგონი, არც მალავს რობერტ ფლაერტის, აკირა კუროსავას სტილის გავლენას. მთავარი გმირი, რომელიც იძულებულია მუშაობა დაიწყოს მაღალმთიან სოფელში, მასწავლებლად, რათა დააგროვოს ფული ემიგრაციისთვის, უთბილეს გრძნობებს ბადებს მაყურებელში. თუმცა ავტორის სურვილი, შეგვაყვაროს ფილმის პერსონაჟი, იმდენად თვალშისაცემია, ხოლო გარემოს ეგზოტიზაციის ვნება იმდენად აშკარა, რომ სადღაც ფილმის მეორე ნაწილში გრძნობ, რომ „ლუნანა“ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კინოფესტივალებისთვის განკუთვნილი, „საექსპორტოდ“ შექმნილი ფილმია... და, როგორც ვხედავთ, „ოსკარისთვის“. თუმცა საეჭვოა პატარა ქვეყნის, ბჰუტანის კინოპროდუქციამ მონსტრებთან კონკურენციას ბოლომდე გაუძლოს.
10. „ცეცხლოვანი ღამე“ ( „Noche de fuego“, მექსიკა, რეჟისორი. ტატიანა უესო)
„კრიმინალი მექსიკის“ სურათი წარმოდგენილია უკომპრომისოდ, მუქი საღებავებით, ნატურალიზმის შიშის გარეშე. მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფილმის გმირების, 3 გოგონას შებრძოლება ამ რეალობასთან, მნიშვნელოვანი ხდება ქალის როლის გააზრება პატრიარქალურ (და კრიმინალურ) სამყაროში. თუმცა ფილმის მსვლელობის დროს სულ მქონდა იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი უკვე ვნახე რომელიღაც მექსიკურ ფილმში და იმასაც ვხვდებოდი, როგორ დასრულდებოდა მაღალმთიან მექსიკაში მომხდარი ამბავი.
9. „გაქცევა“ („ Flee”, დანია, რეჟისორი იონას რასმუსენი)
ამ სიაში ეს დოკუმენტური ანიმაცია პირველი ფილმია, რომელსაც „ოსკარის“ მოპოვების რეალური შანსი აქვს. გარდა საინტერესო ფორმისა, ფილმში არის ყველა ის თემა, რომლებიც კვლავაც აქტუალურია კინოს სამყაროში - დევნილები, ტოტალიტარული და პატრიარქალური სამყარო, ჰომოფობია (მთავარი გმირი, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი იყო ევროპაში ავღანეთიდან რომ გაიქცა, გეია). მე პირადად სურათმა არი ფორმანის შესანიშნავი ანიმაცია - „ვალსი ბაშირთან“ გამახსენა და აქვე გამიჩნდა კითხვა - რამდენად ორიგინალურია „გაქცევის“ ფორმა და რამდენად იყო აუცილებელი სრულმეტრაჟიანი ფორმატი რასმუსენის სურათისთვის?
8. “გმირი“ („ A Hero”, ირანი, რეჟისორი ასჰარ ფარჰადი)
ფარჰადი დღესდღეობით ერთადერთი ცოცხალი რეჟისორია, რომელმაც ორჯერ მოიგო „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმისთვის - ჯერ „გაყრისთვის“ და შემდეგ “კომივოიაჟორისთვის“. პირველი ფილმი ბევრად უკეთესია მეორეზე, ხოლო ეს ორი ფილმი ბევრად უკეთესია სურათზე - „გმირი“, რომელიც მიუხედავად კრიტიკოსთა უკმეხი რეცენზიებისა, მოეწონა კანის წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის. დღემდე ამოუხსნელი რჩება ჩემთვის ფარჰადის ასეთი პოპულარობა დასავლეთში - ეს მაშინ, როცა მისი „იგავის ენა“ სულ უფრო მკვდარი ხდება. ისიც ნიშანდობლივია, რომ „გმირი“ ოფიციალურად წარადგინა „ოსკარზე“ ირანმა, ანუ ფარჰადის, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, არა აქვს სერიოზული პრობლემები თავისი ქვეყნის ცენზურასთან.
7. “კრავი“ („Lamb”, ისლანდია, რეჟისორი ვალდიმირ იოჰანსონი)
უაღრესად ძლიერი, თავიდან ბოლომდე დამუხტული ფილმი, რომელშიც ისლანდიური პეიზაჟები არა ტრადიციულად ნოსტალგიურ თუ ლირიკულ განწყობილებას, არამედ დაძაბულობას ქმნიან, ავის მოლოდინს. სამწუხაროდ სამ ნაწილად დაყოფილი სურათის ავტორს ორიგინალურობაზე პრეტენზია მეტი აქვს, ვიდრე მთლიანობის შეგრძნება. განსაკუთრებით ამოვარდნილი მეჩვენება ფილმის ფინალური, „ფოლკლორული“ ნაწილი, თუმცა ეს ჩემი პირადი განცდაა - „კრავი“ ძალიან კარგად შეაფასეს კრიტიკოსებმა და არაა გამორიცხული ამ ნომინაციის ფინალში ვიხილოთ.
6. “ეს იყო ღვთის ხელი“ („È stata la mano di Dio“, იტალია, რეჟისორი პაოლო სორენტინო)
ჩემი გამოთვლით, უპირველეს ყოვლისა კი „ოსკარის“ კონიუნქტურის გათვალისწინებით, პაოლო სორენტინოს ყველაზე დიდი შანსი აქვს გახდეს „ოსკარის“ ლაურეატი. ბოლოს და ბოლოს სორენტინო თანამედროვე იტალიური კინოს მთავარი სახეა და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში - მაყურებელს მოსწონს მისი ტემპერამენტი, იუმორი და მისი კინოსთვის დამახასიათებელი რომანტიკული ალუზიები. მერე რა, რომ სორენტინო, განსაკუთრებით თავისი ავტობიოგრაფიის ამ ეკრანიზაციაში, ფედერიკო ფელინის ეპიგონად რჩება და მთელი არსებით ცდილობს შეგვაყვაროს თავისი გმირი (ანუ საკუთარი თავი). ამის მიუხედავად, ფილმის მსვლელობის პროცესში მაყურებელს ერთი წამით არ მოსწყინდება ადევნოს თვალი ახალგაზრდა კაცის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს. თუმცა, გარწმუნებთ, ეს ემოციები მალე გაგივლით და სორენტინოს ნოსტალგიური დრამის გახსენებაზე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ „კეთილად გაიღიმოთ“.
5. „ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში“ ( „Verdens verste menneske“, ნორვეგია, რეჟისორი იოაკიმ ტრიერი)
დინამიკური, მე ვიტყოდი „ახალგაზრდული ფილმი“ თავისუფალ ადამიანებზე და რაც მთავარია, თავისუფალ ურთიერთობებზე, გამორჩეული ტრიერის ასევე თავისუფალი რეჟისურით, ცოცხალი დიალოგებით და მშვენიერი მსახიობებით, რომლებსაც ხანდახან მართლაც ავიწყდებათ, რომ კამერა უთვალთვალებთ. თუმცა ეს თავისუფლება და სილაღე საკმარისი არაა იმისათვის, რომ ნორვეგიული სურათი მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნიოთ თანამედროვე კინოპროცესში. ჩემი სიმპათიის მიუხედავად, არა მგონია „ყველაზე ცუდი ადამიანი“ ამ ნომინაციის გამარჯვებული გახდეს.
4. „ატარე ჩემი მანქანა“ („Doraibu mai kā“, იაპონია, რეჟისორი რიუსუკე ჰამაგუტი)
ჰამაგუტი 2021 წლის რეჟისორია. ერთი წლის მანძილზე, ჯერ ბერლინის ფესტივალზე მოეწყო მისი შესანიშნავი ფილმის - „იღბლის და ფანტაზიის ბორბლის“ პრემიერა, შემდეგ კი კანში, „ატარე ჩემი მანქანის“ პირველი ჩვენება. ამიტომ ძალაუნებურად ჩნდება ამ ორი სურათის შედარების სურვილი. ჩემი აზრით, პირველი ფილმი, მიუხედავად იმისა, რომ სამ, ფაქტობრივად განსხვავებულ ნოველადაა დაყოფილი, აბსოლუტურად მთლიანი მხატვრული ნაწარმოებია და სრულიად ჩრდილავს მეორეს, საკმაოდ გადატვირთულს „ცარიელი ადგილებით“. „ძია ვანიას“ დადგმის მოლოდინს ფილმში მთელი 3 საათი ეთმობა - ყველა ვერ უძლებს ასეთ რიტმს. თუმცა პირადად მე ისიც არ მეგონა, „ატარე ჩემი მანქანა“ კინოაკადემიის „შორტ ლისტში“ თუ მოხვდებოდა.
3. „დიადი თავისუფლება“ („Große Freiheit“, ავსტრია, რეჟისორი სებასტიან მაიზე)
ბოლო წლებში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი ჰომოფობიის თემაზე. ავტორებმა გაუთანაბრეს გეების დევნა ნაცისტების დანაშაულს და გვიამბეს ადამიანზე, რომელსაც ჰომოფობიამ მთელი სიცოცხლე დაუნგრია. ავსტრიელი რეჟისორი, მგონი, არც მალავს, რომ ჰბაძავს ადრეულ ფასბინდერს, ირჩევს „ახალი გერმანული კინოს“ სტილს. სამწუხაროდ, ფილმის მეორე ნაწილში ზედმეტად დიდხანს იყენებს „პედალს“ და პათეტიკაში გადადის.
2. „სამყარო“ ( „სათამაშო მოედანი“, „Un monde”, ბელგია, რეჟისორი ლაურა ვანდელი)
2021 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი - ძალადობის კვლევა სკოლებში, „საბავშვო ბულინგი“, გამოხატული უდიდესი ტაქტით და ამავე დროს, შეულამაზებლად... სწორედ ისე, როგორც ხედავს ძალადობას ფილმის გმირი, პატარა ნორა. ეს ბელგიური ფილმის „ორმაგი რაკურსია“ - სამყარო, დანახული გოგონას თვალით (ნორა ხედავს, რომ მის ძმას, აბელს ბიჭები აბუჩად იგდებენ) და სამყარო, დანახული კამერის თვალით - ნერვიული, აფორიაქებული კამერისა, რომელსაც არ ეშინია შეაღწიოს ყველაზე აკრძალულ ტერიტორიაზე. ეს ფილმი ძმები დარდენების სტილის საუკეთესო გაგრძელება-განვითარებაა. ნამდვილად სასიხარულოა „სამყაროს“ ხილვა „ოსკარის“ ნომინანტებს შორის.
1. “კუპე ნომერი 6“ ( „Hytti nro 6“, ფინეთი, რეჟისორი იუხო კუოსმანენი)
კინოაკადემიის წევრი რომ ვიყო, ხმას ამ ფილმს მივცემდი; ფინური სურათი, რომლის მოქმედება 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა რუსეთში ხდება, ერთგვარი ნუგეშია პანდემიის ეპოქის კინოს სამყაროში - შესანიშნავი მსახიობებით, კარგი მუსიკასავით აწყობილი დრამატურგიით, ამბისა და ხასიათების მოულოდნელი განვითარებით და იუმორით, რომლის დეფიციტი აშკარად იგრძნობა პანდემიის ეპოქის კინოში, მათ შორის „ოსკარის“ ამ ნომინაციაზე წარდგენილ ფილმებში.