Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს: „ეს თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, თანაც დაუყოვნებლად!“


ვლადიმირ პუტინი 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.
ვლადიმირ პუტინი 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დანიშნა წარმომადგენლები აშშ-სთან მოლაპარაკების დასაწყებად და იმედოვნებს, რომ ჟენევაში 2022 წლის იანვარში გაიმართება რუსეთ-აშშ-ის პირველი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მოსკოვის მიერ შემუშავებულ წინადადებებს.

ამასთან, 23 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არაფერს არ გადაწყვეტს, თუ ნატოს წევრი ქვეყნები „დაუყოვნებლად“ არ მისცემენ რუსეთს გარანტიას, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება. სწორედ ამაზე იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული.

“ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ჩვენ პირდაპირ მარტივად დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა იყოს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“, - განაცხადა პუტინმა.

აშშ-ის ადმინისტრაციაში უკვე უწოდეს „მიუღებელი“ რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ის ხელშეკრულების და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლებითაც რუსეთი ცდილობს, ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა.

რუსეთი არ იძლევა უკრაინაზე თავდაუსხმელობის გარანტიას

რუსეთის ლიდერს არ მოსწონს, როდესაც დასავლეთში ულტიმატუმად აღიქვამენ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოსკოვის მიერ მომზადებულ წინადადებებს, რომელთა თანახმად, აშშ-მა და ნატომ უნდა შეაჩერონ ალიანსის აღმოსავლეთისკენ გაფართოება, ასევე არ განათავსონ სამხედრო ბაზები და შეიარაღება ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი ჩვენი არაკეთილმოსურნე ამას [რუსეთის წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ] რუსეთის მხრიდან ულტიმატუმად აღიქვამს, არის თუ არა ეს ულტიმატუმი? რა თქმა უნდა, არა!“ - თქვა ვლადიმირ პუტინმა 21 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ორი დღის შემდეგ კი, 23 დეკემბერს, ასობით ჟურნალისტთან გამართულ ე.წ. დიდ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერის სიტყვები სწორედ ულტიმატუმად გაისმა. რუსეთის მოთხოვნა პუტინმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაიმეორა.

„აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება, ამ მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ჩვენ პირდაპირ მარტივად დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა იყოს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ!“ - განაცხადა პუტინმა.

თუმცა უსაფრთხოების გარანტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარე. რა იქნება მაშინ, თუ რუსეთი აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს მიიღებს? მზად არის თუ არა, თავის მხრივ, რუსეთი დადოს პირობა, რომ არ დაესხმება თავს უკრაინას ან რომელიმე სხვა ქვეყანას? ტელეკომპანია Sky News-ის ჟურნალისტის მიერ ასე ჩამოყალიბებული შეკითხვის პასუხად, პუტინმა ნატოს გაფართოების ისტორია გაიხსენა და დასავლეთი იქით დაადანაშაულა სიტყვის გატეხასა და უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობაში.

„გაგვაცრუეს! უტიფრად მოგვატყუეს! ნატოს გაფართოების ხუთი ტალღა მოხდა. და, ა, ბატონო, ახლა რუმინეთსა და პოლონეთში შესაბამისი სისტემები ჩნდება. ახლა კიდევ ამბობენ, რომ ნატოში უკრაინაც იქნება. ან, ჯანდაბას, თუ ნატოში არა, ორმხრივ საფუძველზე [მის ტერიტორიაზე] თავდასხმის სისტემები და ბაზები განლაგდება. ეს ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, არამედ ჩვენთან მოვიდა მათი სამხედრო ბაზები და შეტევითი შეიარაღების სისტემები. თქვენ კი [ნატოს ქვეყნები] ჩემგან მოითხოვთ [უკრაინაზე თავდაუსხმელობის] გარანტიებს. არა, ჩვენ გარანტიები თქვენ უნდა მოგვცეთ და თანაც დაუყოვნებლად!“ - განაცხადა 23 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შესახებ შეკითხვის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა არ გამორიცხა, რომ ამ აჟიოტაჟის ფონზე სწორედ კიევი ამზადებდეს სამხედრო ოპერაციის მორიგ ფაზას დონბასისა და იქ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის საშიშროებას პუტინი „ხედავს“ უკრაინის სახელმწიფო ენის შესახებ მიღებულ კანონში, რომელიც, რუსეთის ლიდერის აზრით, „ზღუდავს რუსული ენის გავრცელების სფეროს“ და აკნინებს დონბასში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა ნორმალური იყო 2014 წლამდე, ვიდრე უკრაინაში არ მოხდა „სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება“ და პრობლემები არ წარმოიქმნა ყირიმის ნახევარკუნძულზე.

„როგორ შეგვეძლო ჩვენ უარი გვეთქვა სევასტოპოლისა და ყირიმისთვის? იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ ცხოვრობენ? არ დაგვეცვა და ფრთის ქვეშ არ შეგვეფარებინა ისინი? ეს შეუძლებელი იყო. უბრალოდ, ჩვენ ჩაგვაყენეს ისეთ ვითარებაში, როდესაც არ შეგვეძლო სხვანაირად მოვქცეულიყავით“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

2014 წელს რუსეთმა დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„საშიშროება ევროპის უსაფრთხოებისთვის“

ნატოსა და ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ევროპისთვის საფრთხეს ქმნის სწორედ მოსკოვის ბოლოდროინდელი მოქმედებები. კერძოდ, ამის შესახებ საუბარია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის მიერ 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ეხება რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას.

ბორელის შეფასებით, ევროპაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესება გამოიწვია რუსეთის ქმედებებმა - ყირიმის უკანონო ანექსიამ, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივებაში რუსეთის როლმა, მისმა ქმედებებმა დნესტრისპირეთსა და საქართველოში - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე ლუკაშენკას რეჟიმის მხარდაჭერამ. ჟოზეპ ბორელის განცხადებით, სულ ახლახან უკრაინასთან საზღვარზე და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდამ შექმნა ახალი დაპირისპირების საფრთხეები.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ამჟამინდელი უპრეცედენტო დაძაბულობის ფონია რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები ფლობენ უტყუარ ცნობებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრის თაობაზე.

მოსკოვი უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებს, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება.

გასულ კვირაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის გამოსვლაში რუსეთისთვის საფრთხე უწოდა ნატოს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასთან და აღნიშნა, რომ დონბასის კონფლიქტის ზონაში იმყოფება რომელიღაც ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 130 მებრძოლი, რომლებიც, შოიგუს თქმით, „ქიმიური კომპონენტებით“ პროვოკაციას ამზადებენ.

რუსი სამხედრო მინისტრის ამ ბრალდებებს წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.

18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG