Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FT: აშშ-ის დაზვერვამ ევროკავშირი და ნატო დაარწმუნა უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან საფრთხეში


რუსეთის ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო.
რუსეთის ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო.

აშშ-ის მოკავშირეები ევროკავშირსა და ნატოში დაეთანხმნენ ამერიკის დაზვერვის დასკვნებს იმის თაობაზე, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრას. ამის შესახებ Financial Times-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის რესპონდენტების თქმით, ამერიკის მხარემ ნოემბრის დამდეგს, ნატოს სამიტის დაწყებამდე წარმოადგინა დიდი მოცულობის სადაზვერვო მონაცემები. მანამდე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას ეჭვი ეპარებოდა ვაშინგტონის იმ მტკიცებულებების სარწმუნოობაში, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში ინტერვენციას აპირებდეს. Financial Times-ი წერს, რომ მოკავშირეებს აზრი შეაცვლევინა მონაცემებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრაციის შესახებ.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მოსკოვს ინტერვენცია უკვე 2022 წლის დამდეგისთვის ჰქონდეს დაგეგმილი. ამასთან, რუსეთის მხარეს იერიშისას შეუძლია აამოქმედოს ამჟამად უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარების ნახევარი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 7 დეკემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აპირებს გააფრთხილოს კრემლი, რომ არ დაუშვას უკრაინაზე თავდასხმა. ბაიდენი პუტინს ასევე შეატყობინებს, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები სრულად უჭერენ მხარს საპასუხო ზომებს უკრაინაში რუსეთის სავარაუდო ინტერვენციის შემთხვევაში, წერს Financial Times-ი. მოსკოვის მიმართ სანქციების დეტალებს ჯერჯერობით არ განიხილავენ.

ევროკომისიის წარმომადგენელმა რუსეთის პრესას განუცხადა, რომ ბრიუსელი არ განიხილავს „პრესაში გავრცელებულ სპეკულაციებს“ უკრაინაზე რუსეთის სავარაუდო თავდასხმის თაობაზე. ამასთან, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ვითარებას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG