მწვანე ფერის კანი არ აქვს. მაგრამ ლევან საგინაშვილი ერთხელ მაინც თუ ნახე, ეგრევე ხვდები, "ქართველ ჰალკს" რატომაც ეძახიან.
გაწბილებული ჰალკი
მსოფლიოს 7–გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი მკლავჭიდში გაწბილებულია - ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ გრძნობს, რომ ქვეყანამ მაინც არ დააფასა. ცოტა ხანში კი შეიძლება “ნულზე დარჩეს” - კომპანია "ლიდერბეთი" მისი სპონსორი აღარ იქნება.
არადა, სწორედ იმის ხარჯზე, რომ კომპანიის სარეკლამო სახე იყო, აღარ უწევდა სხვა სამსახურის ძებნა. ანუ ახერხებდა ვარჯიშს, შეჯიბრებებში მონაწილეობას, ეკიპირების ყიდვას და ყველაზე მთავარს - ოჯახის რჩენას.
“მათი დამსახურებაა, რომ სპორტში ვარ დღემდე. იმ პერიოდში, როცა პანდემია იყო, როცა შეჯიბრებები არ იყო, როცა სპორტსმენები მართლა არავის გახსენებია, არც მთავრობას და არც არავის… - მეუბნება ქართველი ჰალკი - ეს ხალხი მეხმარებოდა და რასაც სპორტში ვაკეთებ ახლა, მაგათი წყალობითაა. სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება და არც ყურადღება არ მაქვს… თითქოს არც ვარსებობ, რახანაც [მკლავჭიდი] არაა ოლიმპიური სპორტი. ეგეთი გართულება აქვთ - თუ არ ხარ ოლიმპიური სპორტი, კარგად იყავი”.
სანამ ვლაპარაკობდით, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მთავრობის შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც პირველი მარტიდან კრძალავს აზარტული თამაშების სატელევიზიო, ინტერნეტ და გარე რეკლამას. ასევე:
- თამაში აეკრძალებათ 25 წლამდე ადამიანებს, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველებს;
- შეიქმნება თამაშდამოკიდებული ადამიანების სია;
- გადასახადები სათამაშო ბიზნესისთვის გაიზრდება დაახლოებით 65-70%-ით.
კანონი სათამაშო ბიზნესს სპონსორობას არ უკრძალავს, თუმცა კომპანიები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გამო მოუწევთ ქამრების შემოჭერა, მათ შორის, სპორტის დაფინანსების შეწყვეტა. ამას შეეწირა ჰალკის კონტრაქტიც.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ სპორტის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ 13 დეკემბერს განაცხადა. ზუსტად ერთ კვირაში კი გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები შეიკრიბნენ. ლევან საგინაშვილის გვერდით ისხდნენ მძლეოსანი ლაშა ტალახაძე, სამბისტი ნინო ოძელაშვილი და სხვები.
ყველა ერთ აზრზე იყო - სათამაშო ბიზნესი თუ აღარ დააფინანსებთ, ძალიან გაუჭირდებათ.
22 000%-იანი ზრდა და შემოსავალი სხვებს
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 22 000% - ით გაიზარდა. ბოლო ხუთ წელიწადში კი გაექვსმაგდა.
ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია ქვეყანაში. შედარებისთვის, უკანასკნელ ათ წელიწადში მთლიანად ბიზნეს სექტორის ბრუნვა “მხოლოდ” 349%-ით გაიზარდა. ასევე, წლიდან წლამდე, იზრდება სათამაშო ბიზნესის წვლილი ქართული ბიზნესის საერთო ბრუნვაში.
უკვე წლებია, სათამაშო ბიზნესი აფინანსებს სპორტის ფედერაციებსა და ცალკეულ სპორტსმენებს. ძირითადად, სასპონსორო ხელშეკრულებებით.
აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი მეუბნება, რომ სპორტზე შარშან 15 მილიონი ლარი დახარჯეს, წელს - 20, გაისად კი 30 უნდა დაეხარჯათ.
როგორც წესი, კომპანიები “ერთი და იგივე მოდელით მუშაობენ” - ცალკეულ ათლეტებს თანხა ყოველთვიურად ერიცხებათ. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლის თქმით, ეს ფული ეხმარებათ სპორტსმენებს წარმატების მიღწევაში, რადგან ჰალკის მსგავსად, უზრუნველყოფილი აქვთ ეკიპირება, მგზავრობა და ყოველთვიური საარსებო ხარჯები. ანუ აღარ დარდობენ დამატებით სამსახურზე და მთელ დროს ვარჯიშს უთმობენ.
სანაცვლოდ რას ითხოვენ?
“რომ დაიწეროს კომპანიის სახელი, ან ლოგო მაისურზე… და როდესაც გამოდის მსოფლიო ასპარეზზე, იმასთან ერთად, რომ ცდილობს გააცნოს მსოფლიოს საქართველო, ასევე კომპანიაც წარმოაჩინოს” - მიხსნის გიორგი მამულაშვილი.
სპორტსმენები ასევე იღებენ მონაწილეობას კომპანიის ღონისძიებებში, რეკლამებში, სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებში.
ცალკე მიმართულებაა გუნდებისა და ფედერაციების დაფინანსება. მაგალითად, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე "ევროპაბეთი" საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო. 2020 წელს კი ფედერაციასთან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა და ნაკრებს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ფინანსურად დაეხმარება.
"კრისტალბეთი" 2019 წელს, 2 მილიონ ლარად, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის სპონსორი გახდა. უმაღლეს ლიგას “კრისტალბეთ ლიგა” დაერქვა, ფედერაცია კი ვალდებული გახდა, კომპანიისთვის რეკლამა გაეწია. ეს იშვიათობაა. ევროპულ საფეხბურთო ლიგებს გემბლინგ კომპანიის სახელები კი ჰქვიათ, თუმცა არა უმაღლეს დივიზიონებს.
ბათუმში ცოტა ხნის წინ აშენებულ სტადიონს 5 წლის მანძილზე “აჭარაბეთ არენა” ერქმევა. აჭარაბეთს ეს გარიგება თითქმის 9 მილიონი ლარი დაუჯდა.
გიორგი მამულაშვილის თქმით, ეს ხელშეკრულებები, როგორც წესი, კომერციულია და შესაბამისად, პირობებიც გაუთქმელია. რა ბედი ეწევა მათ? ძნელი სათქმელია. ყველა კონტრაქტი ინდივიდუალურია და პროცესს კომპანიების იურისტები გადაიბარებენ, “ახალი კონტრაქტები კი აღარ გაფორმდება“.
ფული კონტროლის მექანიზმია
გაუჭირდება ქართულ სპორტს სათამაშო ბიზნესის ფულის გარეშე?
გაზეთ “ლელოს” კორესპონდენტი ირაკლი თავაძე მეუბნება, რომ განვითარებული ქვეყნის სპორტისთვის 20 მილიონი ლარი ზღვაში წვეთია, თუმცა არა საქართველოსთვის.
მისი აზრით, სასპონსორო ხელშეკრულებების გარეშე ქართული სპორტს გაუჭირდება, მაგრამ ავად თუ კარგად, გადარჩება. გაცილებით უფრო რთული გადასაჭრელი სხვა პრობლემაა - სპორტი დამოკიდებული გახდა აზარტული თამაშების ბიზნესზე და სხვა ბიზნესები მის მიმართ ინტერესს ნაკლებად გამოხატავენ.
რატომ? სიღარიბე პირველი მიზეზია. მაგრამ, მისი აზრით, საქართველოში ასევე ვერ ხვდებიან, თუ რის გამოა სპორტი მნიშვნელოვანი.
“ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ჯანსაღი მოქალაქის მიღება და აღზრდა ბავშვობიდანვე. ჯანსაღი მოქალაქე ნიშნავს, პირველ რიგში, თავდაცვისუნარიან მოქალაქეს. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ მშვიდობის დროსაც კი ომისთვის უნდა ემზადებოდე. გარდა ამისა, ჯანსაღი მოქალაქე ნიშნავს ნაკლების დახარჯვას სოციალურ დაცვაში. ვგულისხმობ იგივე სოციალურ შეღავათებს, იგივე მკურნალობის დაფინანსებას“, - ამბობს ჟურნალისტი.
სახელმწიფოს “არ აქვს იმის ფუფუნება”, რომ სპორტში ბევრი თანხა დახარჯოს და ირაკლი თავაძის აზრით, ყველაზე სწორი მიდგომა სპონსორობის წახალისება იქნებოდა. თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს.
იგი ეჭვობს, რომ გაჭირვებული სფეროს სუბსიდირება ხელისუფლებისთვის კონტროლის მექანიზმია - “ურჩევნია, ხელში ყავდეს ჩაგდებული ფინანსებით ფედერაციები და ზოგადად სპორტი”.
რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ თქვა, რომ სათამაშო ბიზნესის “ქამრის მოჭერა” არ აშინებს, დარწმუნებული ვარ, სპორტს სხვა სპონსორები გამოუჩნდებაო.
“არ არსებობს ჩაუნაცვლებელი სექტორი. თვითონ სათამაშო ბიზნესს ეკონომიკის დაახლოებით 1 პროცენტი უჭირავს, ასე რომ, მისი ჩანაცვლება სხვა სექტორით, თუნდაც სასპონსორო ან სხვა მარკეტინგულ საქმიანობაში სავსებით შესაძლებელია”, - თქვა მან.
ქართველი ჰალკს ახალი დამფინანსებლის პოვნის დიდი ხანია აღარ სჯერა - “საქართველო არის პატარა ქვეყანა. აქ არ არის ისეთი ბიზნესები, რომ წახვიდე და სპონსორი იშოვო. ძალიან ბევრ ბიზნესთან მქონდა კავშირი, თუმცა არავინ არ ინტერესდება სპონსორობით…”