Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის მერს სასამართლოში უჩივის სამსახურიდან გათავისუფლებული ა(ა)იპის ხელმძღვანელი


ლაგოდეხის მერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ახალი დირექტორის დანიშვნა დროებით აეკრძალა. განჩინება მოსამართლემ, ცენტრის ყოფილი დირექტორის ნუნუ ნოზაძის სარჩელის საფუძველზე მიიღო. 

ნოზაძე, მისი გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანების ბათილობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. რა არგუმენტებით უპასუხეს ნოზაძეს მერიაში?

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძის განჩინებით, ლაგოდეხის მერს ჯონდო მდივნიშვილს, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დირექტორის დანიშვნა იქამდე აეკრძალა, ვიდრე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი. საქმე ეხება ლაგოდეხის მერიას დაქვემდებარებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ნუნუ ნოზაძის სამსახურიდან გაშვებას. ამის გამო ნოზაძემ ლაგოდეხის მერს სასამართლოში უჩივლა.

ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ნუნუ ნოზაძე, მიმდინარე წლის ნოემბერში შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა. აუდიტის ანგარიში ამ დრომდე არ არის გასაჯაროებული. ნუნუ ნოზაძის თქმით, მერი ბრძანებაში წერს, რომ მერიის აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა. უფრო კონკრეტულად კი ფედერალური ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, რასაც თავად არ ეთანხმება.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რეგიონებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან იღებენ დამატებით დაფინანსებას, რომლითაც გათვალისწინებულია პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალისთვის დამატებითი ანაზღაურება და საჭირო სადეზინფექციო ხსნარებისა და დამცავი საშუალებების შეძენა. ნოზაძის თანახმად, მერის მოთხოვნა იყო, რომ ეს ფინანსები ხელფასების ნაცვლად, იმ შენობის რეაბილიტაციაში დახარჯულიყო სადაც უწყებაა განთავსებული.

ნუნუ ნოზაძე ლაგოდეხის მერს სასამართლოში უჩივის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

"ცენტრიდან თანხას გვაძლევდნენ და იქ პირდაპირ იყო მითითებული, რომ უნდა დახარჯულიყო თანამშრომელთა ხელფასებში და მათთვის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებში. ეს ასე ხდება ყველგან და მაინცდამაინც ამას (ლაგოდეხის მერს) არ მოსწონს ასეთი წესი. ასე მითხრა, სხვებმა რა უნდა ის აკეთონ, მე როგორ მინდა ისე იქნებაო.

წლებია მე ამ თანამდებობაზე ვმუშაობ და პერიოდულად დაფინანსებას ვიღებთ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან. მე გამგებლებს საქმის კურსში ვაყენებდი თუ რა თანხებს ვიღებდით, მაგრამ მის ხარჯვაში არცერთი არასდროს არ ჩარეულა. მისი (ლაგოდეხის მოქმედი მერის) მოთხოვნა იყო, რომ ამ თანხით სამსახურის შენობაში კაპიტალური რემონტები მეკეთებინა. ასე, რომ მოვქცეულიყავი მერე ალბათ ჩემ თავს დააჭერინებდა..." - ამბობს ნუნუ ნოზაძე.

სასამართლოში ნოზაძის ინტერესებს იცავს ადვოკატი სერგო მახარაძე. მისი ინფორმაციით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინება, რომლითაც ლაგოდეხის მერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დირექტორის დანიშვნა აეკრძალა, იშვიათი გამონაკლისია. უფლებადამცველის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა, მერის მიერ გამოცემული ბრძანების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლოს გადაწყვეტილება
სასამართლოს გადაწყვეტილება

„ქალბატონი ნუნუ სამსახურიდან გაათავისუფლეს უსაფუძვლოდ. ვინაიდან საფრთხე იყოს, რომ მის ადგილზე სხვა კადრი დაენიშნათ, ჩვენ სასამართლოში პირველი რაც მოვითხოვეთ ეს არის დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სასამართლომ ლაგოდეხის მერს აუკრძალა ამ თანამდებობას ვინმეს დანიშვნა, მანამდე სანამ საქმეზე დავა არ დასრულდება“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი უფროსის ნუნუ ნოზაძის ადვოკატი სერგო მახარაძე განმარტავს, კონკრეტულად რაში იხარჯებოდა ის ფინანსები, რომლის მიზნობრიობას ლაგოდეხის მერი ეჭვქვეშ აყენებს. უფლებადამცველის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები პანდემიის მართვაში გაორმაგებული ძალისხმევით არიან ჩართული, ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 5 ლარს უხდის ყოველ ბენეფიციარზე, რომელსაც კორონავირუსის კვლევაზე ბიოლოგიურ მასალას უღებენ. ეს თანხა თანამშრომლებს არსებულ ხელფასზე დანამატის სახით ეძლევათ. ადვოკატს უკვირს, რატომ ჩათვალა ლაგოდეხის მერმა ცენტრიდან წამოსული ფინანსების ხარჯვა არამიზნობრივად, მაშინ როცა იგივე პრინციპი მოქმედებს მთელ საქართველოში.

"ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ პანდემიის პირობებში დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაფინანსებას იღებს ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და მხოლოდ ლაგოდეხის მერმა ჩათვალა, რომ ნუნუ ნოზაძე ხარჯავდა ამ თანხებს არამიზნობრივად, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზარალი და ის წარმატებული ხელმძღვანელი იყო“ - ამბობს ადვოკატი.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ნუნუ ნოზაძის გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მდივნიშვილის სახელით მცირე განმარტება გააკეთა მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილმა.

"ამ ეტაპზე სარჩელი არ ჩაგვბარებია, თუმცა ჩვენ ჩვენი პოზიცია გვექნება, რომელსაც შესაგებელში დავასაბუთებთ. დროებითი ღონისძიება, რომ ლაგოდეხის მერს ამ თანამდებობაზე ვინმეს დანიშვნა აეკრძალა, ეს არაფერს არ ცვლის საქმეზე. ნუნუ ნოზაძის გათავისუფლების შესახებ მერის ბრძანება არის კარგად დასაბუთებული. უნდა დაველოდოთ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას" - ამბობს ნინო ბატიაშვილი.

ნინო ბატიაშვილი
ნინო ბატიაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ლაგოდეხის მერიას დაქვემდებარებული ერთ-ერთი ა(ა)იპი ორგანიზაციაა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილება. პანდემიის პირობებში ცენტრის საქმიანობა თითქმის სრულად არის დაკავშირებული კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებთან, შესაბამისად დროებით, დამატებითი სამუშაოების შესრულებისთვის დაფინანსებას იღებს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG