როგორ გავხდი მეკობრე
ნამდვილი საჩუქარი ბიტლომანებს! - “Get Back”, პიტერ ჯექსონის 7-საათიანი დოკუმენტური ფილმი იმაზე, როგორ იქმნებოდა ჯგუფის ბოლოსწინა სტუდიური ალბომი, Let it Be.
26 ნოემბერს ისე გამიხარდა ამ ფილმის გამოსვლა, ვიფიქრე, ტორენტებზე დადებას აღარ დაველოდები და ახლავე ვნახავ-მეთქი.
აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე მარტივი რამეა. ფილმი “დევს” სტრიმინგ პლატფორმა Disney+-ზე, რომელიც საქართველოსთვის მიუწვდომელია. არ დავნებდი და საიტზე ამერიკული IP მისამართით შევედი. ნურას უკაცრავად! თურმე, Disney+ ქართულ პლასტიკურ ბარათს არ იღებს, და არც ჩემი Paypal-ის ანგარიში ეხატება გულზე.
ჯამში, დაახლოებით 2 საათი დავხარჯე იმაზე, რომ სხვადასხვა გზით “დამერწმუნებინა” დისნეი, ფული გამოერთმია ჩემთვის და ფილმის ყურების ლეგალური ნება დაერთო. ვერ დავარწმუნე…
სულ მალე სამივე სერია აიტვირთა ქართულ მეკობრულ საიტებზე.
ან მეკობრულად, ან საერთოდ ვერა
“Disney+” მსოფლიოს უმსხვილესი მედიაკორპორაციის, “Disney”-ს პლატფორმაა. 2020 წლის ივნისის მონაცემებით, ჰყავს 118 მილიონი გამომწერი, და ხელი მიუწვდება 615 ფილმსა და 235 სერიალზე. მისი უშუალო კონკურენტი, სტრიმინგ სერვისი HBO Max, რომელიც კინოკომპანია Warner Bros-ს ეკუთვნის, მომხმარებლებს კიდევ უფრო დიდ “ბიბლიოთეკას” სთავაზობს - 1700-ზე მეტი ფილმი, 400-ზე მეტი სერიალი. ქართულ ბაზარზე შემოსვლას ჯერჯერობით არც ის აპირებს. ისევე, როგორც Youtube Premium, 40 ათასზე მეტი ფილმით.
კარგი ამბავი ისაა, რომ 2016 წლიდან წვდომა გვაქვს 2 უმსხვილეს სტრიმინგ პლატფორმაზე, Amazon Prime-სა და Netflix-ზე. პირველი თვეში 13 დოლარი (39 ლარი) ღირს, მეორე კი 8-დან 15 დოლარამდე (24-დან 45 ლარამდე). ყველა ფასი იმაზე მაღალია, ვიდრე საქართველოში კანონით დაშვებული მინიმალური ხელფასი - 20 ლარი.
თუმცა “შეამხანაგებით” Netflix-ის გამოწერა უფრო იაფადაც შეგიძლიათ. ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი არსებობს, სადაც 15-დოლარიან პაკეტს 4 კაცზე იყოფენ.
მაგრამ ამით იხეირებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისური (ან რუსული მაინც) იცით. ქართულენოვანი კონტენტი ამ ორ პლატფორმაზე არ დევს. მოკლედ, საქართველოში თუ ცხოვრობთ და მხოლოდ ქართული იცით, თქვენთვის სასურველი ფილმების ლეგალურად ნახვა ძალიან გაგიჭირდებათ.
ალტერნატივა უკვე დიდი ხანია არსებობს. Top.ge-ს თანახმად, “აჭარანეთი” საქართველოში ყველაზე პოპულარული ქართული საიტია. 9 დეკემბერს, 136 ათასი უნიკალური მომხმარებლით, იგი სიის უპირობო ლიდერია. Amazon-ის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ყველა საიტს შორის, პოპულარობით მეოთხეა. მხოლოდ ფეისბუკი, იუთუბი და გუგლი უსწრებენ.
წამყვანი ქართული ვებგვერდების ოცეულში სულ სამია ისეთი, სადაც შეგიძლიათ, ფილმები ნახოთ ქართულად და უფასოდ. ეს ძალიან არ მოსწონთ ჰოლივუდის კინოსტუდიებს, რადგან ქართულ საიტებზე ატვირთული ფილმების დიდი ნაწილი მათი საკუთრებაა და ათასობით ქართველ მაყურებელს მათთვის ერთი ცენტიც არ მოაქვს.
2019 წლის ნოემბერში ამერიკული კინოკომპანიების გაერთიანებამ ინტერნეტმეკობრეობაზე კონტროლის არარსებობის გამო წერილი მისწერა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და საქპატენტს.
ინტერნეტმეკობრეობა - რატომ და რამდენი?
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მხოლოდ 2017 წელს ვიდეომეკობრეობით, ამერიკულმა ტელევიზიებმა და კინოკომპანიებმა სულ ცოტა 29 მილიარდი დოლარი იზარალეს. გამოთვლების მიხედვით, ამერიკის ეკონომიკამ მინიმუმ 230 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა.
პანდემიის დაწყებასთან ერთად, მსოფლიოში მეკობრეობა კიდევ უფრო გაიზარდა - მეკობრულ საიტებზე ვიზიტების რაოდენობამ 130 მილიარდს გადააჭარბა.
მართალია, რაოდენობრივად მეკობრული საიტების ყველაზე მეტი მომხმარებელი თავად აშშ-ს ჰყავს, თუმცა არალეგალური კონტენტი ყველაზე პოპულარული მაინც განვითარებად ქვეყნებშია. 2017 წელს საქართველო მეკობრული საიტების მოხმარებით მსოფლიოს ლიდერი იყო.
ინტერნეტმეკობრეობის მკვლევრები მის რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ. ზოგან მეკობრეობა ინტერნეტცენზურისთვის გვერდის ავლაა, ზოგან კი იდეოლოგია - ბევრს მიაჩნია, რომ ინტერნეტში დადებულ მასალებში ფული არ უნდა გადაიხადოს.
არის კიდევ ორი მიზეზი:
- ფასი. ზოგ პლატფორმაზე გამომწერებს მაინც არ შეუძლიათ ყველა ფილმის ნახვა. ახლად გამოსული ფილმების სანაცვლოდ ხშირად დამატებით თანხას გთხოვენ. თანაც უფლებები სერიალებსა და ფილმებზე გადანაწილებულია სხვადასხვა პლატფორმას შორის. ანუ თუკი გინდათ მიყოლებით ნახოთ მარველის და დისის ფილმები, მოგიწევთ დისნეისაც გადაუხადოთ და Warner Bros-საც.
- რეგიონული შეზღუდვები. Disney +, HBO Max, Hulu და სხვა პლატფორმები ბევრ ქვეყანაში მიუწვდომელია. მათ, ვინც ინტერნეტში ფილმს ლეგალურად ვერ უყურებს, მეკობრეობის გარდა, ორად ორი არჩევანი აქვთ - ან დაელოდონ, როდის იყიდიან მათი ტელევიზიები ჩვენების უფლებებს, ანდაც იყიდონ ფილმი დისკზე.
მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ
რა ელით ქართველ ონლაინმეკობრეებს? 2019 წლის ივლისში საიტი „აჭარანეთი“ კომპანია “დიჯითალ ედსმა” იყიდა. 2019 წლის ბოლოს, ჰოლივუდიდან მოსული წერილის საპასუხოდ, მეკობრეებმა მაშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ კინოსტუდიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, სულ რომ გავქრეთ, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები მაინც ნახავენ არალეგალურ ფილმებს, მაგალითად, რუსულ საიტებზეო. რუსეთი ინტერნეტმეკობრეობის გავრცელების კუთხით, მსოფლიოს ერთ-ერთი “ლიდერია” - იქ კონტენტის სულ ცოტა 75% არალეგალურად ვრცელდება.
ყველა მცდელობის მიუხედავად, “დიჯითალ ედსის” წარმომადგენლებისგან კომენტარის მიღება ვერ შევძელით.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, იმის გასარკვევად, თუ იგეგმება რაიმე ზომების მიღება მეკობრული საიტების წინააღმდეგ.
“არალეგალური კონტენტის გამავრცელებელ კომპანიებთან რამდენჯერმე შედგა სამუშაო შეხვედრა, კომისიამ ამ კომპანიებს მისცა რამდენიმეთვიანი ვადა იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ვებგვერდების არალეგალური კონტენტისგან გასუფთავება. ამ მიმართულებით, ახლაც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. მას შემდეგ, რაც სამუშაო პროცესი დასრულდება და მიცემული ვადა ამოიწურება, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხში.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას ზურაბ ბეჟაშვილიც ესწრებოდა. იგი საქართველოს ანტიმეკობრულ ცენტრს წარმოადგენს და დიდი ხანია საჯაროდ საუბრობს იმაზე, რომ ამ მასშტაბის ონლაინმეკობრეობა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ზურაბი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მეკობრეებისთვის მიცემული ვადა დიდი ხანია ამოიწურა. 2019 წელის ნოემბერში 6 თვე მისცეს, შემდეგ კი, პანდემიის გამო, კიდევ ერთი წელიწადი.
“არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ გალეგალურობისკენ. სტუდიები გვწერენ, არც მოუწერიათო. სამართლებრივად, კანონს უკეთ როგორ აუარონ გვერდი, მაგისთვის გამოიყენეს ეს წელიწად-ნახევარი. წილები გაიტანეს რუსეთში, დომეინი გადაიტანეს com-ზე… გადადგეს სამართლებრივი ნაბიჯები ისე, რომ კიდევ თუ დადგებოდა ეს საკითხი დღის წესრიგში, უკეთ მომზადებულიყვნენ. ახლა, ამ ეტაპზე, კომუნიკაციაზეც კი აღარავინ გამოდის. აღარაფერი აღარ არის მათი მხრიდან სათქმელი”, - გვითხრა მან.
ქართველი ინტერნეტმეკობრეები, ერთი მხრივ, არღვევენ კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, მეორე მხრივ - აზარალებენ ინტერნეტინდუსტრიას.
“არა მარტო კინო… ძალიან ბევრ ინდუსტრიას ურტყამს… მაგალითად, ელექტრონულ კომერციას და ციფრულ რეკლამას. ესენი პირდაპირ იპარავენ [კონტენტს]... იღებენ და უფასოდ აძლევენ მომხმარებელს. სხვა ვებგვერდები, ტელევიზია იქნება თუ ონლაინ სააგენტო, ფულს ხარჯავენ იმაში, რომ შექმნან კონტენტი, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კონტენტს კონკურენციას ვერ უწევენ… ზუსტად აქედან გამომდინარეობს, რომ ონლაინრეკლამის 80 პროცენტი ამ პირატებთან და ქურდებთან ვებგვერდზე აკუმულირდება”, - ამბობს ზურაბ ბეჟაშვილი.
რაც შეეხება Disney +-ის, HBO Max-ის და სხვების ქართულ ბაზარზე შემოსვლას და ინტერნეტში ლეგალურად გახმოვანებული ქართული ფილმების გამოჩენას, მისი აზრით, ეს დროის ამბავია და მეკობრეობასთან ბრძოლა ამ პროცესს მხოლოდ დააჩქარებს.