Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყიფშიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია


გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, მასთან იმყოფებოდა პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მისი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა რთულია.

„ვფიქრობ, რომ საღამო ჩაივლის ნორმალურად", - შენიშნა ექიმმა. ის სააკაშვილის მდგომარეობას აფასებს სტაბილურად კრიტიკულად.

ყიფშიძემ ილაპარაკა სამედიცინო პერსონალის შესახებ. ის ამბობს, რომ პირადად იცნობს გორის ჰოსპიტალში დასაქმებულ ბევრ ექიმს. „ძალიან გამოცდილი და კარგი ექიმები არიან“, - აღნიშნა მან. გარდა ამისა, ჰოსპიტალში, ასევე, მორიგეობას გააგრძელებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი (რეანიმატოლოგები).

პირადი ექიმის თქმით, სააკაშვილი ამჟამად იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში.

ნიკოლოზ ყიფშიძემ დაამატა, რომ სააკაშვილი მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ.

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG