Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო, ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით. და განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუე ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და განაგრძობს, - მე, მიხეილ სააკაშვილი მზად ვარ წარვსდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების, სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით. მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ, ქვეყნის გათავისუფლებით".

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის გათავისუფლების შემდეგ ჩაერთვება საქართველოს ფეხზე დაყენების საქმეში, „როგორც თანასწორი, თანასწორთა შორის".

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლა მოშვების დრო არ არის, არამედ კონსოლიდაციის დროა. „არ შეუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას. არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ? ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში. გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად, ისე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს, მჯერა, რომ ახლა, სწორედ, რომ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან".

სააკაშვილი მადლობას უხდის ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატებს, მხარდამჭერ მოქალაქეებს, უკრაინის სახალხო დამცველსა და პრეზიდენტს, საექიმო თანამეგობრობას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიას, სახალხო დამცველსა და მის გუნდს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს.

„მადლობა ყველას! ყველას! ყველას! თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.

მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.

1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.

XS
SM
MD
LG