Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

23 ევროპარლამენტარი იმ პირების სანქცირების განხილვას ითხოვს, ვინც სააკაშვილისადმი "არაადამიანურ მოპყრობაზეა" პასუხისმგებელი


ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს მიმართავენ. გავრცელებულ წერილში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან მიმართებაში და ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობა დაუშვა.

წერილის ადრესატები ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი არიან.

წერილში ნახსენებია სახალხო დამცველი და მისი ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმი, რომლის დასკვნასაც ემყარება ევროპელი დეპუტატების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში დაექვემდებარა "არაადამიანურ მოპყრობას."

"იმის მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა მიხეილ სააკაშვილი იმაში, რაშიც მას ადანაშაულებენ, მისი ადამიანის უფლებები და თანასწორობა უნდა იყოს პატივცემული. როგორც სჩანს, მას უარი ეთქვა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე პოლიტიკური საფუძველით. ასევე, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ უარი უთხრა მას დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ასევე დიდი შეშფოთების საგანია ის ფაქტი, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო ჩაერია პროცესში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ზომების მიღებით, ჩვენ გვჯერა რომ ევროკავშირმაც უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან არსებობს მოახლოებული საფრთხე გამოუსწორებელი ზიანისა" -
წერია წერილში, რომელსაც 23 ევროპარლამენტარი აწერს ხელს. ხელმომწერთა შორის არის დეპუტატი ანა ფოტიგა, რომელსაც პენიტენციურმა სისტემამ უარი უთხრა მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში.

"ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დასაშვები გახადა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სააკაშვილის მიმართ“ - თვლიან წერილზე ხელმომწერი დეპუტატები.

XS
SM
MD
LG