ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვდა, ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ მთავრობამ ევროკავშირს ზურგი აქცია, როცა ანა ფოტიგას სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს.
„ანა ფოტიგა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვენ არაფორმალური შეხვედრა გვაქვს, ჩვენ შევაჯამებთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას ვიზიტიდან აქვს. უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს - პატიმარს შეხვდეს ციხეში. ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ნათელი სიგნალი გაუგზავნა არა მხოლოდ ანა ფოტიგას, ან მის პოლიტიკურ ჯგუფს, ან მის ქვეყანას, არამედ, ფაქტობრივად, ევროპას, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ის ვინც „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია ჩამდგარი, ასრულებს მის დავალებას, რომ საქართველოს არ შერჩეს მეგობრები დასავლეთში. სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელიც მრავალი წელიწადია იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის. რუსეთთან უმწვავესი დაპირისპირების მომენტებში ის ყოველთვის იცავდა საქართველოს ინტერესებს და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის იბრძვის ევროპაში.
„თუ სოზარ სუბარს მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანი არ იცნობს, საქართველოში რა ხდება და უფლება არ აქვს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეხვდეს საპატიმროში, ეს ერთადერთ რამეს ამბობს - გასაგებია ყველაფერი, გასაგებია ვის ემსახურება ეს ხელისუფლება. ვფიქრობ, გუშინდელი გადაწყვეტილებით, ალბათ, ძალიან კმაყოფილი იქნებოდა რუსეთი, რომელიც უპირისპირდება ყველა ისეთ ევროპელ პოლიტიკოსს, რომელიც ძალიან აქტიურად ატარებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ევროპაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს, 13 ნოემბერს პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ მას უარი უთხრეს სააკაშვილის მონახულებაზე. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ფოტიგა ხელისუფლებას აკისრებს.