გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ და პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.
გვარამიამ შეაფასა სააკაშვილის გადაყვანის პროცედურა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამხედრო ჰოსპიტალში.
„გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ყოველგვარი ინციდენტებისა და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება. კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით, რომელიც ჩატარდა გადმოყვანის და დაბინავების. შესახლებას ამას ვერ დავარქმევ, იმიტომ, რომ კლინიკაა“, - თქვა გვარამიამ.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დილიდან დაიწყება მსჯელობა ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის რეჟიმთან დაკავშირებით. რეფერალურ კლინიკაში პარლამენტის წევრთა ვიზიტის საკითხი ჯერჯერობით გარკვეული არ არის.
„ადვოკატების ვიზიტები, ბუნებრივია, რომ შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროითი შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია. ეს 20 ნოემბერს, დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციის გზით. ჯანდაცვის სამინისტრო არის წამყვანი უწყება. მათთან კომუნიკაციების შედეგად გავარკვევთ, როგორ და რანაირად, რაც მედიასაც ეცოდინება“, - თქვა მან.
როგორც გვარამია ამბობს, სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე, ვერავინ შეზღუდავს მის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის ჰოსპიტალში შესვლას. გარდა ამისა, მარიამ ჯიშკარიანისა და „ემპათიის“ სამედიცინო ჯგუფის წევრებიც შეძლებენ კლინიკისა და პაციენტის მონახულებას.
ნიკა გვარამიას თქმით, გარე ექსპერტების ჩართულობით უნდა შედგეს მკურნალობის პროტოკოლი. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ყოველდღიური ანგარიშგება პირად ექიმთან და ექიმთა სამივე ჯგუფთან. ეს შეეხება, როგორც მედიკამენტურ, ასევე, მანიპულაციურ ჩარევას, ასევე, ანალიზების შედეგებსა და კლინიკურ გასინჯვას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ.
"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.