სულ რაღაც ათ დღეში, ტიკ-ტოკზე გადაღებულმა ვიდეომ ფეისბუკის 140 ათასი მომხმარებელი კომპანია „ვისოლის” წინააღმდეგ აამხედრა. გადაპოსტილ და ატვირთულ ვიდეოს ათასობით გაზიარება აქვს.
ჯგუფში „უარი საწვავის ფასებს“ წერენ, რომ აღარ ასხამენ „ვისოლის“ საწვავს და აღარ ყიდულობენ პროდუქტებს „ვისოლ ჯგუფის“ სხვა ბიზნესებში: სმარტში, ვენდისსა და დანკინ დონატსში.
„არც ველოდით, ამხელა გამოხმაურება რომ იქნებოდა. უბრალოდ შევქმენით [ჯგუფი], რომ რაღაც პროტესტი წამოვიწყოთ. აქამდეც ყოფილა არაერთი პროტესტი, გზების გადაკეტვები და რაღაცები. მაგრამ ჩვენ ვთქვით, მოდი სხვანაირად მივუდგეთ ამ საკითხს, და სხვანაირად გავიტანოთ ჩვენი სიტყვა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯგუფის ადმინისტრატორმა გიორგი გილიგაშვილმა, რომელმაც ბოიკოტი მეგობრებთან ერთად წამოიწყო.
„ვისოლის“ დირექტორმა ვასილ ხორავამ თქვა, რომ ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ „იმიჯურ ზიანს“ განიცდის. მას ესმის საწვავის ფასებით უკმაყოფილების. თუმცა ამბობს, რომ კომპანია „მინიმალურ მოგებაზე“ მუშაობს. ვასილ ხორავასთვის გაუგებარია, რატომ გამოუცხადეს ბოიკოტი მაინცდამაინც „ვისოლს“, მისი თქმით, „ერთადერთ ქართულ კომპანიას ხუთ უმსხვილეს კომპანიას შორის, რომელიც მხოლოდ ყიდულობს საწვავს, არც აწარმოებს და არც გადაამუშავებს მას“.
გიორგი გილიგაშვილის თქმით, ჩანაფიქრი ასეთია - ათასობით ადამიანი ბოიკოტს ერთ კონკრეტულ კომპანიას თუ გამოუცხადებს, ის იძულებული გახდება, ფასი დაწიოს. შედეგად, სხვა კომპანიებიც იმავეს გაკეთებენ. პროტესტის მოთავეები ამბობენ, რომ „ვისოლი“ მიზანში „შემთხვევით“ ამოიღეს. მაგრამ შემდეგ „ვისოლ გრუპის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ „ფასები კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს“. ამან ჯგუფის წევრები კიდევ უფრო გააღიზიანა.
თუმცა პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იქვე აღნიშნა - კომპანია „ვისოლს“ საგანგებოდ არ ერჩიან. ათეულობით ათასი ადამიანი ერთი მოსაზრების გარშემო გაერთიანდა - საწვავი საქართველოში მეტისმეტად და არასამართლიანად ძვირია.
ხვალ, ციფრული სამყაროდან „ლაივში“ უნდა გადაინაცვლონ. ქუთაისსა და თბილისში დაგეგმილ აქციაზე ისინი მოითხოვენ სახელმწიფოსგან, საწვავის შემომტანებთან ერთად გამოიანგარიშოს, თუ როგორაა შესაძლებელი მისი გაიაფება.
“უმძიმესი ტვირთი”
საქართველო საწვავის 98 %-ს იმპორტით იღებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, ქვეყანაში 1 082 971 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა. წინა წელთან შედარებით, იმპორტი 3.6%-ით გაიზარდა.
ბაზარზე, სააგენტოს შეფასებით, „კონკურენტულ გარემოში“, სულ 32 კომპანია მუშაობს, თუმცა ნახევარზე მეტი, თითქმის 60%, 5 მსხვილ მომწოდებელს უჭირავს - ვისოლს, ლუკოილს, რომპეტროლს, სოკარსა და გალფს.
ბოლო ერთი წელია, საწვავის ფასი სტაბილურად იზრდება და, საშუალოდ, 0.8-დან 1 ლარამდე გაძვირდა.
ეს „უმძიმესი ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი პაატა ბაირახტარი - იმპორტის ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ფასი ტვირთად არ აწევს მოსახლეობას. იმპორტი იმიტომ იზრდება, რომ საწვავი არ არის ელასტიური პროდუქტი“. ანუ არ აქვს ალტერნატივა და გაძვირების მიუხედავად, ხალხი იძულებულია, ეს პროდუქტი იყიდოს.
პაატა ბაირახტარის აზრით, საწვავის მაღალი ფასი საფრთხეს უქმნის მთლიანად ეკონომიკას.
„საწვავი არის პირდაპირი მოხმარების პროდუქცია, ამასთან, საწვავის კომპონენტი გვხვდება ყველა ტიპის პროდუქტსა და მომსახურებაში, - ამბობს პაატა ბაირახტარი, - საწვავის ფასის ზრდა აპრიორი ნიშნავს დამატებით წნეხს ინფლაციურ პროცესებზე“.
ანუ ფასების ზრდას.
2019 წელს „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ს ჰყავდა სატრანსპორტო საშუალება. გამოკითხულთა 80% მანქანას ბენზინზე ამუშავებდა.
რა ახდენს ზეგავლენას საწვავის ფასზე?
ეკონომისტები განმარტავენ, რომ საქართველოში საწვავის ფასს 3 მთავარი კომპონენტი განაპირობებს: ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე, ვალუტის კურსი და აქციზის გადასახადი.
ვალუტის კურსი რაც უფრო მაღალია, მით უფრო მეტი ლარის გადახდა უწევთ კომპანიებს ნავთობპროდუქტებში. აქციზის გადასახადი 2017 წელს გაორმაგდა: დიზელზე ტონაზე 200-დან 400 ლარამდე და ბენზინზე - 250-დან 500 ლარამდე.
გიორგი გილიგაშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელსაც კვირას ქუთაისსა და თბილისში საპროტესტო აქციაზე წამოაყენებენ, აქციზის გაიაფებაა.
ეკომეგობრული აქციზი
თავის დროზე საწვავზე აქციზის გაორმაგების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ეკოლოგიაზე ზრუნვა იყო.
„ჩემ თავში ბენზინი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, იმიტო რო საშინელებაა“, - ამბობს ეკოაქტივისტი მიშო ჯიბლაძე. თუმცა, მისი თქმით, არსებული აქციზი „ფუფუნებაა“ და სიღარიბის პირობებში სახელმწიფოს მისი დაწესების უფლება არ აქვს.
„ძალიან კარგი იქნებოდა, ეგეც იდგეს დღის წესრიგში, რომ შევცვალოთ საერთოდ მანქანები და რომ ბენზინი გარემოს აბინძურებს, მაგრამ ეგ ნაკლებად ანერვიულებს ხალხს და ეგ გასაგებია, იმიტო რო საჭმლის მოპოვებაზე იბრძვის ალბათ ნახევარზე მეტი, ვინც ამ ჯგუფშია. მარტო ის, რომ [ქვეყანაში] ამდენი ტაქსის მძღოლია, უკვე რაღაცას ამბობს ჩვენს ეკონომიკაზე“.
საწვავის გაძვირების წინააღმდეგია გიორგი ჯაფარიძეც, რომელმაც დააფუძნა მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“.
„ძვირი საწვავი ნიშნავს ნაკლებ ავტომობილს, თუმცა მე პირადად მაგას არ ვემხრობი, რომ საწვავის ფასის გაძვირებით შემცირდეს ავტომობილების გადაადგილება“, - თქვა მან.
არასამართლიანი ფასი
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარის, ვასო ურუშაძის თქმით, პრობლემა არა კერძო კომპანიებში, არამედ იმაშია, რომ სახელმწიფო იტოვებს მეტისმეტად დიდ ფულს ქვეყანაში შემოსულ თითო ლიტრ საწვავზე.
„ეროვნული ვალუტის გაუფასურება აშშ დოლართან და სახელმწიფოს წილი უშუალოდ სარეალიზაციო პროცესიდან - ეს ორი მაჩვენებელია, რაც დღეს ჩვენთან განაპირობებს ნავთობპროდუქტებზე არასამართლიან ფასებს“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
მისი აზრით, სახელმწიფომ აქციზი უნდა დააბრუნოს 2016 წლის მაჩვენებელთან. ბიუჯეტში ეს დაახლოებით ნახევარმილიარდიან დეფიციტს წარმოქმნის, მაგრამ
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ კრიზისზე, გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მათ სოციალურ პირობებთან, პირველი, ვინც უნდა შემოიჭიროს ქამრები, არის ხელისუფლება. მან მეტი თანხა უნდა დატოვოს მოსახლეობაში. მეტად მისცეს შესაძლებლობა და ბიძგი კერძო სექტორს, განვითარდეს და მეტი ეკონომიკური აქტივობა შექმნას. რაც შემდგომ, ირიბად, თავისთავად ნიშნავს მეტ შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში“.
თუ არაფერი შეიცვალა, უნდა ველოდოთ საწვავის ფასების კიდევ უფრო გაძვირებას?
„ვისოლის“ დირექტორი ვასილ ხორავა ადასტურებს - მოქალაქეების უკმაყოფილების მიუხედავად, „ბაზარზე ფასების შემდგომი ზრდა გარდაუვალია“. მისი თქმით, ფასის დაკლება არარეალურია და წაგებაზე მოუწევს მუშაობა, ცოტა ხანში ფასებს თუ არ აწევს.
გიორგი გილიგაშვილის თქმით, თუკი აქციზი კომპანიებს მართლაც ტვირთად აწევთ, მათ შეუძლიათ, კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.