Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 124 ბათილი ხმა - ბრძოლა თითოეული ბიულეტენისთვის


თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კვლავ ასობით საჩივარი დაიწერა. 1 ნოემბრის მონაცემებით ცესკოში შესულია 330 განცხადება - საჩივრების წარდგენისა და განხილვისთვის მხარეებს კიდევ რამდენიმე დღე აქვთ. 

  • საჯარო მოხელეები კომისიის წევრებად;
  • არაკვალიფიციური კომისიის წევრები;
  • მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს გადასატანი ყუთით ხმის მიცემას;
  • დამკვირვებლების მიმართ აგრესიული კომისიის წევრები;

ეს ნაწილია იმ პრობლემების, რომლებიც საჩივრებში აისახა. 30 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა ბათილი ბიულეტენები და გაბათილების მიზეზები: გაბათილებულ ბიულეტენებს შორის არის ისეთებიც, სადაც ამომრჩევლის ნება ჩანს.

კანონის თანახმად, ბიულეტენი ბათილად ითვლება შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ბიულეტენი დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერით და სპეციალური ბეჭდით;
  • სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი ბიულეტენი;
  • საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
  • საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-ის დათვლით, 30 ოქტომბერს 30 124 ხმა გაბათილდა - ეს არჩევნებზე მისული მოსახლეობის 3%-ის არჩევანია.

ქალაქების მიხედვით ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ასეთია:

  • თბილისი:
    • მეორე ტურში - 14 843
    • პირველ ტურში - 13 236
  • ქუთაისი:
    • მეორე ტურში - 2 386
    • პირველ ტურში - 3 074
  • ბათუმი:
    • მეორე ტურში - 2 071
    • პირველ ტურში - 2 543
  • რუსთავი:
    • მეორე ტურში - 2 205
    • პირველ ტურში - 2 271
  • ზუგდიდი:
    • მეორე ტურში - 1 345
    • პირველ ტურში - 1 886

ბათუმსა და ქუთაისში ბათილი ბიულეტენები იმაზე მეტია, ვიდრე განსხვავება გამარჯვებული და დამარცხებული კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის.

ბათუმში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის სხვაობა, ცესკოს წინასწარი შედეგებით, 2 222 ხმაა, ქუთაისში კანდიდატებს შორის სხვაობა კიდევ უფრო ცოტაა - 1 526 ხმა. ქუთაისში დღეს ხმები გადაითვალა 7 უბანზე - მათგან ოთხში პირველადი მონაცემები არ შეცვლილა.

ცესკო ამბობს, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არცერთ ქალაქში არ არის უჩვეულოდ დიდი. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ არჩევნები ხელისუფლებამ დიდწილად ამ გზით - ცალკეული ხმების გაბათილებით მოიგო.

რა ჩაითვალა ბათილად?

ბათუმის 50-ე უბანზე ერთ-ერთი ბიულეტენი მხოლოდ იმის გამო ჩაითვალა ბათილად, რომ ზედა ყუა დაზიანებული ჰქონდა - რეგისტრატორმა ცუდად მოხია. ამომრჩევლის არჩევანი ამ ბიულეტენზე მკაფიოდ იკითხება: მან ხმა ოპოზიციის კანდიდატს მისცა. ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაცია, რომელმაც საჩივარი დაწერა ამ შემთხვევის გამო, მიუთითებს, რომ ბიულეტენის გაბათილება კომისიის ერთმა წევრმა მოითხოვა, კომისია ერთხმად დათანხმდა.

საია-ს დამკვირვებელი ამ უბანზე ბათილად ცნობილი ბიულეტენების გადათვლას და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ბათუმის 50-ე საარჩევნო უბნის ოქმის მიხედვით, ეს უბანი, სადაც ჯამში 19 ბიულეტენი გაბათილდა, ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოიგო: გიორგი კირთაძემ 449 ხმა მიიღო, არჩილ ჩიქოვანმა 399;

ბიულეტენი, რომელაც ყუა ისე ჰქონდა მოხეული, რომ თარიღი სრულად არ იკითხებოდა, ბათილად არ ცნეს მთაწმინდის 31-ე საარჩევნო უბანზეც. აქ საჩივარი ენმ-ის წარმომადგენელმა დაწერა. ის ითხოვდა, ბათილად ეცნოთ ყუადაზიანებული ბიულეტენი, თუმცა კომისიამ ხმათა უმრავლესობით საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

31 უბანზე ჯამში 25 ბიულეტენი გაბათილდა - ეს უბანი „ქართული ოცნების” კანდადატმა, კახა კალაძემ მოიგო. რა არჩევანი იყო გაკეთებული იმ ბიულეტენზე, რომლის გაბათილებასაც ენმ-ის წარმომადგენელი ითხოვს, საჩივარში არ ჩანს. ამ ორ საჩივარში ჩანს მხოლოდ არაერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს აქვთ დაზიანებული ბიულეტენების მიმართ.

წყალტუბოს 50 საარჩევნო უბანზე ჯამში 34 ბათილი ბიულეტენია, მათგან 25 ისეთი, სადაც ოპოზიციური კანდიდატი იყო შემოხაზული, მმართველი პარტიის კანდიდატი კი გადახაზული. ეს უბანი 3 ხმით წააგო ზაზა მეტრეველმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მოსარჩელე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ითხოვს, გაიხსნას ამ უბნის ბათილი ბიულეტენების პაკეტი, კომისიის წევრებს კი დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

თბილისში, გლდანის 84 უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას” სახელით საჩივარი დაწერა თამარ კაკაბაძემ პარტიიდან „დროა”. ამ უბანზე სულ 17 ბიულტენი გაბათილდა, საჩივარი ერთ ბიულეტენს შეეხება, რომელიც უსინათლო ამომრჩეველს ეკუთვნის. მან გადასატანი ყუთით ისარგებლა და საუბნო კომისიის წევრები გააფრთხილა, რომ იმის გამო, რომ კარგად ვერ ხედავდა, საკუთარი ხელით დაწერა კანდიდატი, რომელიც შემოხაზა. ხმების დათვლისას მისი ბიულეტენი გაბათილდა, სარჩელი, რომელიც თამარ კაკაბაძემ 31 ოქტომბრის ღამეს დაწერა, ცესკოს საიტზე არ იძებნება. ეს უბანი ნიკა მელიამ 100 ხმით მოიგო.

საჩივრებს შორის იძებნება ისეთებიც, რომლებიც ცხადს ხდის, რომ არჩევნების დროს არა მხოლოდ ამომრჩევლის არჩევანის „გაბათილებას”, კომისიის წევრების გაჩუმებასაც ცდილობდნენ საუბნო კომისიებში.

„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიერ ფოთში, მე-8 უბანზე შედგენილი საჩივრიდან ირკვევა, რომ აქ კომისიის ორი წევრი არ ეთანხმებოდა შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს. კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა მათ არ მისცა საშუალება, დაეფიქსირებინათ „განსხვავებული აზრი” ბიულეტენში ამისთვის გამოყოფილ ადგილას. საბოლოოდ, მათ ის, რომ ოქმში არსებულ მონაცემებს არ ეთანხმებიან და ეს შედეგი მიღებულია მანიპულაციების შედეგად, თაბახის ფურცელზე დაწერეს და ოქმს მიამაგრეს. სამართლიანი არჩევნები ამ უბნის თავმჯდომარის და მდივნის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ფოთის ეს უბანი „ქართული ოცნების” კანდიდატმა მოიგო, ბათილად 39 ბიულეტენი ჩაითვალა.

ცაგერის 30-ე საარჩევნო უბანზე შედგენილი სარჩელიდან ირკვევა, რომ აქ კომისიის მდივანმა კომისიის წევრებს ხელი შემაჯამებელ ოქმზე მანამდე მოაწერინა, სანამ კანდიდატების შედეგებს დაითვლიდნენ. ეს ცალსახა კანონდარღვევაა.

დიდუბის მე-8 უბანზე შედგენილ საჩივარში ნათქვამია, რომ კომისიის თავმჯდომარე საეჭვო ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლებას არ აძლევს დამკვირვებელს ფარულობის პრინციპის დაცვის საბაბით. დამკვირვებლებისთვის კანონიერი უფლების შეზღუდვაც დასჯადი საქციელია.

ზუგდიდის 94-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ მდივანს არ მისცა საჩივრის რეგისტრაციის უფლება იმ არგუმენტით, რომ დარღვევას კომისია მაინც ვეღარ გამოასწორებდა. მოსარჩელე დამკვირვებელი ამ უბანზე აპროტესტებდა იმას, რომ კომისიამ ბათილად ცნო 6 ბიულეტენი, რომელზეც შემოხაზული იყო ოპოზიციის კანდიდატი. სარჩელში ნათქვამია, რომ რეგისტრატორმა იმ ამომრჩევლებს, რომელთა პოლიტიკური გემოვნების შესახებ წინასწარ იცოდა, განზრახ არ დაურტყა ბეჭედი და მოუწერა ხელი ბიულეტენზე, რომ ეს ყოფილიყო შემდეგ მათი ბიულეტენების გასაჩივრების საფუძველი.

ცესკოში საჩივრების განხილვისა და წარდგენის დრო არ ამოწურულა. უბნების გადათვლის, საჩივრების წერისა და განხილვის პროცესი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე მიმდინარეობს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ ქვეყანაში 2024 წლამდე არჩევნები აღარ ჩატარდება, ოპოზიცია პროტესტის ეფექტიანი სტრატეგიის ძიებაშია. 2021 წლის არჩევნებისას აღრიცხული დარღვევები სისტემურია: მათი ნაწილი არჩევნების ადმინისტრირებაში ჩართული პირების დაბალი კვალიფიკაციით, ნაწილი კი იმ რეალობით აიხსნება, რომ არასოდეს დგება კანონდამრღვევი კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი.

XS
SM
MD
LG