Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკრულ წრეზე ისევ ქუჩაში - რა გეგმები აქვს ოპოზიციას


საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 31 ოქტომბერი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 31 ოქტომბერი

ოპოზიციამ საზოგადოებაში გააჩინა გარკვეული მოლოდინი, რომ 6 ნოემბერს, თბილისში აქამდე არნახული მასშტაბის, განსხვავებული „შინაარსისა და დატვირთვის“ საპროტესტო აქცია გაიმართება.

ამ დროისათვის, 30 ოქტომბრის არჩევნებიდან მესამე დღეს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ 6 ნოემბრამდე ოპოზიციონერები რეგიონებში გადიან და თბილისამდე აქციები გაიმართება ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

წინასწარ ითქვა, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება, თუმცა ეს მთლიანად ხალხის განწყობაზეა დამოკიდებული. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ ხალხი აუცილებლად იაქტიურებს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „საზოგადოება დაიღალა“ ოპოზიციის „დესტრუქციული ქმედებებითა და რევოლუციური გეგმებით“.

  • რა მიზანი და რა გეგმა აქვთ ოპოზიციურ კოალიციასა და მის მხარდამჭერ ოპოზიციურ პარტიებს?
  • არის თუ არა ოპოზიციური გეგმის ნაწილი ციხეში მყოფი, მოშიმშილე ექსპრეზიდენტის გათავისუფლება და როგორ?
  • რას ეყრდნობა ოპოზიციის იმედი - არის თუ არა მზად ხალხი კვლავ ქუჩაში გამოსასვლელად?

მიზანი და გეგმა

ამ დრომდე გაცხადებული გეგმით, ოპოზიციური ლიდერები ხალხთან სასაუბროდ რეგიონებში სამშაბათიდან გადიან. მიმდინარე კვირაში 4 საპროტესტო აქცია გაიმართება: 2 ნოემბერს - ბათუმში, 3 ნოემბერს - ზუგდიდში, 4 ნოემბერს - ქუთაისში, ხოლო 6 ნოემბერს - თბილისში.

ორგანიზატორები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საპროტესტო აქციების მიზანი მმართველი პარტიის მიერ „მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება“ და სამართლიანობის აღდგენაა.

ვადამდელი არჩევნები ამ ეტაპზე არ წარმოადგენს ოპოზიციური კოალიციის საერთო მთავარ მოთხოვნას, თუმცა, როგორც, მაგალითად, „ლელოში“ ვარაუდობენ, ეს დრო ძალიან მალე დადგება.

„არ მივცემთ მოძალადეებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას“, - თქვა 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს წინასწარი შედეგებით თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმების 44,39% მიიღო.

კონკრეტული ტაქტიკური გეგმები ჯერჯერობით უცნობია. როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ობოლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მიზნის მისაღწევი გზები „თანდათან გახდება ცნობილი“ და გეგმის განუყოფელი ნაწილია ციხეში მყოფი მოშიმშილე ექსპრეზიდენტის გათავისუფლება:

„მათ („ქართულმა ოცნებამ“) დაწერეს გამარჯვება და მიიტაცეს ძალაუფლება. გამოდის, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტის ხმა არ არის ასახული ქვეყნის მმართველობაში. უმცირესობის წარმომადგენლები არიან ხელისუფლების უზურპატორები. აქციების მიზანი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენდეს უმრავლესობის ნებას.

ვადამდელი არჩევნები არ არის თვითმიზანი. უნდა შეიცვალოს ასევე საარჩევნო გარემო და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი... თუ სააკაშვილი ციხეში იქნება, შეუძლებელია, რომ საარჩევნო გარემო ჩაითვალოს ნორმალურად... ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ხალხის ნების ამსახველი არჩევნები“, - გვეუბნება ობოლაძე.

ამ ეტაპზე საერთო გეგმით მოქმედებს და პროცესს ორგანიზებას უწევს არჩევნებამდე შექმნილ კოალიციაში შემავალი ოთხი ძირითადი პარტია: „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. თუმცა მათ გვერდში უდგანან სხვებიც.

როგორც, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ - მიზანსაც იზიარებენ, საერთო გეგმასაც და ქუჩის საპროტესტო აქციებსაც ემხრობიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ყველა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები კრიზისიდან გამოსასვლელ ერთადერთ გზას წარმოადგენს“, ხოლო „ამ ბოლო არჩევნებმა საქართველოში კრიზისი კი არ განმუხტა, პირიქით - კიდევ უფრო გააღრმავა“.

და რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას?

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ამ მოთხოვნას საპროტესტო აქციებს ვერ უკავშირებენ, რადგან „6 ნოემბრამდე, შესაძლოა, (შიმშილობის გამო) ჯანმრთელობის მხრივ შეუქცევადი პროცესები განვითარდეს“. თუმცა, როგორც ჩიხლაძე გვეუბნება, „სააკაშვილი პოლიტპატიმარია და, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარი უნდა განთავისუფლდეს“. მანამდე კი, მისი აზრით, უნდა მოხდეს პატიმრის დაუყოვნებლივ გადაყვანა კერძო კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პრიორიტეტად გამოცხადებაზე თავს იკავებენ „ლელოში“, თუმცა აქტიურად ლაპარაკობენ „სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობასა“ და კერძო კლინიკაში მის გადაყვანაზე. „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ფორმულის“ ეთერში თქვა, რომ დეტალებში არ იცნობს საქმეებს, რომელთა მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციას ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ინდივიდუალური წესით შეუერთდნენ და მათ შორის იყო „ევროპული საქართველოც“.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ „ოპოზიცია შესაძლოა გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ამოცანაში - შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იძულებული იქნება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები“.

„არჩევნები გაუქმებულია“ უდრის რევოლუციას?

„ქართული ოცნება“ ამ დრომდე იმეორებს, რომ საქართველოში 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ - ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის უფლება აქვს, მაგრამ ხალხის გამოყვანას უსაფუძვლოდ ცდილობს და კვლავ „რევოლუციური“ გეგმები ამოძრავებს.

  • „საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე... მივხედოთ ქალაქს, მივხედოთ თბილისს... ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში... მათი უფლებაა, რომ ჩაატარონ აქციები. მთავარია, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს“ - კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერობის კანდიდატი;
  • „საზოგადოება დაიღალა ოპოზიციის სიჯიუტით და გამოხტომებით, რომ რამდენჯერაც წააგებს არჩევნებს, რამდენჯერაც საერთაშორისო პარტნიორები იტყვის, რომ ლეგიტიმურია ეს არჩევნები და რამდენჯერაც საზოგადოებაც ლეგიტიმაციას მისცემს არჩევნებს და წააგებენ, ამის შემდეგ გამოდიან ქუჩაში, გაბუტულები დარბიან და აწყობენ დესტრუქციას“ - გურამ მაჭარაშვილი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი;
  • „90-იანი წლებიდან მოყოლებული გრიგალის პირობებში ცხოვრობს საქართველო. ბოლო პერიოდში ეს დაძაბულობა ახალ იმპულსს იღებს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ ასრულებს თავის მოვალეობას... მთავარი თემაა იმ დღის წესრიგიდან არგამოსვლა, რაც სააკაშვილმა შესთავაზა - ეს არის რევოლუცია, დესტაბილიზაცია“ - გია ვოლსკი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნება“.

„ნურავინ ნურავის ნუ მოვატყუებთ, არჩევნები ამ ქვეყანაში გაუქმებულია“, - ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ 31 ოქტომბერს, გამთენიისას ნათქვამმა ამ ფრაზამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საზოგადოების ერთ ნაწილში, ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორისაც.

მელიას იმავე სიტყვებიდან საზოგადოების ერთ ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ოპოზიცია რევოლუციური სცენარისთვის ემზადება, თუმცა, როგორც მაგალითად პარტია „ლელოში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, კოალიციაში რევოლუციური განწყობა არ არის და რევოლუციის იდეას არავინ უჭერს მხარს.

ასევე, ოპოზიციაში, და მათ შორის - ენმ-შიც, აცხადებენ, რომ:

  • აქციების პარალელურად, გაყალბების დასამტკიცებლად, ბოლომდე მიიყვანენ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების პროცესს;
  • მჭიდრო კომუნიკაციას შეინარჩუნებენ საერთაშორისო პარტნიორებთან და შემდგომი გეგმების შესახებაც მუდმივად ჩააყენებენ საქმის კურსში.

„ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები - რა ბედს გამოიჭედავს საკუთარი თავისთვის... მასზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ მომდევნო შეხვედრებს რას მივუძღვნით... ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური იმ ძალადობისა, რასაც ის სჩადის“, - თქვა რუსთაველის გამზირზე 31 ოქტომბერს გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ.

გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში?

კოალიციაში აცნობიერებენ, რომ პროტესტი ხანმოკლე არ იქნება და ოპოზიციონერები მხარდამჭერებს მოთმინებითა და ენერგიით აღჭურვისკენ მოუწოდებენ.

ქუჩის აქციებს ცვლილებების ერთადერთ მთავარ იარაღად ვერ ხედავენ, მაგალითად, „ევროპულ საქართველოში“, რადგან, პარტიის პოზიციით, ეს ამოცანა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

თუმცა კოალიციაში შემავალ თუ მის მხარდამჭერ სხვა არაერთ პარტიაში ხალხის გააქტიურების ინდიკატორად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ:

  • 14 ოქტომბრის აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში;
  • კოალიციის მიერ რამდენიმე საათით ადრე გამოცხადებულ აქციაზე, რუსთაველის გამზირზე, 31 ოქტომბერს შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ისეთი იყო, რომ ქუჩაც გადაიკეტა;
  • არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, „გაყალბების მიუხედავად“, ხელისუფლებამ „უფრო მაღალი პროცენტები ვეღარ დაიწერა“, „მცირე სხვაობები მიუთითებს ოპოზიციის მაღალ მხარდაჭერაზე“ და „ხალხი თავის არჩევანს ასე იოლად არ დათმობს“.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ აქციების ახალი ტალღა დააანონსა, ბევრმა აქციებით აღსავსე ახლო წარსული გაიხსენა, როცა თვეების განმავლობაში, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციამ ქუჩაში ხალხის კრიტიკული რაოდენობის გამოყვანა ვერ შეძლო.

მცირერიცხოვანი აქციების ტალღა ბოლოს "შარლ მიშელის შეთანხმების" ხელმოწერითა და ოპოზიციის ეტაპობრივად პარლამენტში შესვლით დასრულდა. მანამდე იყო ასევე ეტაპობრივი ხელის მოწერა „შარლ მიშელის შეთანხმებაზე“, რომელსაც, საბოლოოდ, ანულირება გაუკეთა „ქართულმა ოცნებამ“.

მანდატები

1 ნოემბერს, ციხიდან გამოგზავნილ თავის მორიგ წერილში, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატებს ოპოზიციიდან პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე, ეს ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს და სააკაშვილმაც სხვებს სწორედ ხაზარაძის მიბაძვა ურჩია.

რადიო თავისუფლებას პარტიაში დღის პირველ ნახევარში უთხრეს, რომ - პარლამენტსა და საკრებულოებში მუშაობის საკითხს ჯერჯერობით არ განიხილავდნენ, თუმცა სააკაშვილის მოწოდების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი დატოვეს ენმ-ის დეპუტატებმა - ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა დეპუტატობაზე, მისი ფრაქცია პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას აპირებს. კოალიციის თანამოაზრეთაგან პარლამენტის დატოვებას ამ ეტაპზე არ გეგმავს „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მისი ფრაქციის სხვა დეპუტატები.

პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარეს, ზურაბ ჯაფარიძეს, უკვე თვეებია, ისედაც უარი ჰქონდა ნათქვამი მუშაობაზე და სამართლებრივად იბრძოდა დეპუტატის უფლებამოსილების მოსახსნელად.

თუმცა, როგორც პარტიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანოს ჯაფარიძე შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG