"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ თუკი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტს დატოვებენ, ამით მათი მარგინალიზება დაიწყება. ასე გამოეხმაურა ის დეპუტატების ნაწილის გადაწყვეტილებას პარლამენტის მანდატის დატოვებაზე.
"რაც შეეხება ბოიკოტს, "ნაციონალური მოძრაობა" ახლაც ბოიკოტშია და ბოიკოტირებენ პარლამენტისა და კომიტეტის სხდომებზე. [პარლამენტის დატოვება] იქნება მათი გამიჯვნა დემოკრატიისგან. რასაც ისინი ამ დღეებში აკეთებენ, რომ არ იღებენ ხალხის გადაწყვეტილებას, არ აღიარებენ ხალხის არჩევანს, ეს არის დემოკრატიული პროცესებისგან გამიჯვნა. შესაბამისად, თუკი ისინი დემოკრატიულ ინსტიტუტს - პარლამენტს დატოვებენ, ესეც იქნება დემოკრატიული პროცესებიდან გამიჯვნა და რასაც ჩვენ ვამბობდით, თუკი ესენი ასე მიჰყვებიან, საბოლოო ჯამში, დამთავრდება მათი მარგინალიზებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღეს, 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტს ტოვებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ანი წითლიძე და ნონა მამულაშვილი, ასევე, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. 31 ოქტომბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც.
დეპუტატების გადაწყვეტილება დროში ემთხვევა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებას.
30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ხოლო 24 მუნიციპალიტეტის 42 ოლქში - მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ყველგან, წალენჯიხის გარდა, მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხებათ მაჟორიტარებს, 42 მაჟორიტარული ოლქიდან 27-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და 15-ში ოპოზიციის.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება. გეგმების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ", თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკა მელიამ 31 ოქტომბერს, თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გარდა, არჩევნების შედეგებს ოპოზიცია ადგილზე გააპროტესტებს სხვა ქალაქებშიც. მორიგი აქცია დედაქალაქში 6 ნოემბერს გაიმართება.