პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე მისი ადვოკატის და „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური.
„პენიტენციური სამსახური: ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამიას განცხადებით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა დაიგეგმოს მისი გატაცებაც. ნიკა გვარამია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მათ იუსტიციის სამინისტროს წყარომ მიაწოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 32-ე დღეა შიმშილობს.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვენ.