Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია: იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა და ოსური სპეცრაზმის მიერ მისი გატაცება


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა დაიგეგმოს მისი გატაცებაც. ნიკა გვარამია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მათ იუსტიციის სამინისტროს წყარომ მიაწოდა:

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა იგი კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ შესაძლოა, გორის ჰოსპიტალში დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. ასე რომ არ გამოგივათ. ვერტმფრენის მობილიზებაც სწორედ ამას უკავშირდება. ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს წყაროსგან გვაქვს“.

ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ შეხვდა, სადაც მათ არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე ილაპარაკეს. ადვოკატმა საპატიმროდან მიხეილ სააკაშვილის წერილიც გამოიტანა, სადაც ის წერს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯა და ამიტომ ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.

მიხეილ სააკაშვილი წერილის საშუალებით ასევე მოუწოდებს მის თანამოაზრებს პარლამენტში, რომ მიბაძონ "ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ დეპუტატის მანდატი:

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებული და შეურაცხყოფილი. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს. არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი. რა უნდა ვქნათ? მხოლოდ ერთი. ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ. წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი. იქ ფაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომლის უკანაც იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა... ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები...ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც? ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა გავასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არც ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის. ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონი ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერცერთი ციხის კარი ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და პარლამენტში წესიერი ხალხისადმი, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ მარტო დატოვონ საკუთარ თავთან“, - წერს მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, მისი სიმხნევის წყარო არის ბრაზი იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკეტეს ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი დემოკრატიული გზა - არჩევნები.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე ცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ის სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს და ამ დროიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს დანიშვნისა და მისი საქართველოში ჩამოსვლის საქმეზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, მან შიმშილობა დაკავების დღესვე გამოაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 32-ე დღეა შიმშილობს.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაც. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG