Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააბნია ერთი მოქალაქის გვარის შეცვლამ დამკვირვებლები, მედია და კომისია


ამომრჩეველ ედუარდ მსტოიანს ზუსტად რვა დღეა ახალი გვარი აქვს. 22 ოქტომბერს გაცემულ პირადობის მოწმობაში მისი გვარის გრაფაში წერია ჯიქური.

ახალი პირადობის მოწმობით ედუარდ ჯიქური ნაძალადევის #85-ე საარჩევნო უბანზე დილითვე მივიდა, მიიტანა ახალი პირადობის მოწმობა, თუმცა ხმა ვერ მისცა. გაარკვია, რომ ამომრჩევლების სიაში ის ისევ ძველი გვარით იყო, რამდენიმე წუთი ითხოვა, სახლში დაბრუნდა და ედუარდ მსტოიანის სახელზე გაცემული დოკუმენტი მიიტანა. ორივე მოწმობას ვადა 2031 წლამდე ჰქონდა.

"მოვიდა ამომრჩეველი, არ მოიძებნა სიაში პირადობის მოწმობით, გადავამოწმეთ პლანშეტშიც და ვუთხარით, რომ არ იყო ჩვენი ამომრჩეველი. მან თქვა, რომ გვარი შევიცვალე ორი დღის წინ და მაქვს მეორე პირადობის მოწმობა, რომელიც მე მეკუთვნის, მოვალ და მივცემ ხმას. მოვიდა და მისცა ხმა იმ პირადობის მოწმობით, რომელითაც რეგისტრირებული იყო ერთიან სიაში", - უთხრა რადიო თავისუფლებას #85 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ეკატერინე მათურელმა.

ამბავი არ გამორჩენია "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს, რომელმაც მიიჩნია, რომ ის გაყალბებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის ფაქტს შეესწრო. ამ შემთხვევაზე გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ბრიფინგი გაიმართა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

"დღეს ამ მტკიცებულებით დასტურდება ის, რასაც წლების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გაყალბებული პირადობის მოწმობებით საქართველოს ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს. შესაბამისად, დღეს საგამოძიებო უწყებების წინაშე ვაყენებთ სისტემური დანაშაულის გამოძიების მოთხოვნას, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროდან დაწყებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიით დასრულებული", - თქვა მან.

მალევე კორძაიას გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტება მოჰყვა. ამ განმარტების მიხედვით ედუარდ მსტოიანმა არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე იქორწინა და მეუღლის გვარი მიიღო. სააგენტომ ასევე დაამატა, რომ მათ ცესკოს გადაუგზავნეს 15 სექტემბრის მონაცემები, რა დროსაც ჯიქური ჯერ კიდევ მსტოიანის გვარს ატარებდა.

"იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული. აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა", - განმარტა სააგენტომ.

როგორც წესი, მოქალაქეები დოკუმენტის შეცვლის შემდეგ ძველს სამოქალაქო რეესტრში ტოვებენ, სადაც პირადობის მოწმობას ანადგურებენ. არჩევნების დღეს აღმოჩნდა, რომ ჯიქურმა ძველი დოკუმენტიც შეინახა.

გამოდის, რომ მოქალაქემ არჩევნებში გაუქმებული პირადობის მოწმობით მიიღო მონაწილეობა. ეს ვერ აღმოაჩინა ნაძალადევის #85 კომისიამ.

"პასპორტი იყო ვადიანი, ყველა კომპონენტი ემთხვეოდა, როგორც პირადობის ნომერი, ისე ფოტო, სქესი, მისამართი და ჩვენ გადავწყვიტეთ მისი ხმა არ დაკარგულიყო... ორივე პირადობის მოწმობას ჰქონდა ვადა, რომელი იყო ახალი და რომელი ძველი [არ ვიცი]", - ამბობს #85 უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

იმის დადგენა, იყო თუ არა პირადობა ვალიდური შეუძლებელი იქნებოდა თუ ედუარდ მსტოიანი ხმის მიცემის პირველ მცდელობაზე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები ახალ დოკუმენტს ნახავდნენ, ეჭვი უნდა გასჩენოდათ, ჰქონდა თუ არა მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება.

XS
SM
MD
LG