სახელმწიფო სერვისების სააგენტო აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, თამარ კორძაიას გავრცელებული ინფორმაცია ყალბ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებაა. უწყება განმარტავს, რატომ ჰქონდა საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს ორი პირადობის მოწმობა.
"სააგენტო განმარტავს, რომ მათ მიერ ხსენებული მოქალაქე ედუარდი მსტოიანი ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში მხოლოდ ერთი მონაცემითაა შეყვანილი. ედუარდ მსტოიანმა 22 ოქტომბერს ანა ჯიქურთან ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - ჯიქური.
გვარის შეცვლა განხორციელდა 14 სექტემბრის ანუ ცესკოსთვის საარჩევნო სიის გადაცემის შემდეგ.
იგი საარჩევნო სიაში ძველი სახელით და გვარით არის დაფიქსირებული.
აქვე განვმარტავთ, რომ ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა", - განმარტავს სააგენტო.