Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“Facebook Papers” - რას მალავს მარკ ზაკერბერგი?


17-მა გავლენიანმა მედიამ, ფეისბუკიდან გაჟონილი მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა. კორპორაცია ვერ აჩერებს დეზინფორმაციას, და ბოროტად სარგებლობს მომხმარებლების პირადი მონაცემებით, - ამტკიცებენ ისინი.

ეს მაშინ, როცა მარკ ზაკერბერგი მომხმარებლებს სოციალური მედიის ვირტუალური რეალობით ჩანაცვლებას დაჰპირდა. ე.წ. მეტავერსზე სამუშაოდ, კომპანია სულ მალე 10 ათას ადამიანს დაიქირავებს.

"უდიდესი კრიზისი"

  • ფეისბუკი სიძულვილის შემცველი პოსტების 5%-საც კი ვერ შლის;
  • მისი ალგორითმები ვერ აჩერებენ სიძულვილის ენას;
  • ფეისბუკი დაემორჩილა ვიეტნამის ხელისუფლებას და დაბლოკა იქაური ოპოზიციის პოსტები;
  • ფეისბუკზე არიან VIP მომხმარებლები, რომლებზეც არ ვრცელდება წესები და მათ შეუძლიათ, პოსტონ, რაც მოესურვებათ.

„შესაძლოა, ეს უდიდესი კრიზისი იყოს კომპანიის ისტორიაში”, - წერს CNN-ი. მასთან ერთად, „ფეისბუკის დოკუმენტებს” ავრცელებს Reuters, Washington Post, The New York Times, Wired და კიდევ 12 სხვა ცნობილი მედია. თითქმის ყველა ერთ რამეზე მიუთითებს - დოკუმენტები ეწინააღმდეგება იმას, რასაც ფეისბუკის შემქმნელი, მარკ ზაკერბერგი საჯაროდ ამბობს ხოლმე…

ეს მხოლოდ რამდენიმე დეტალია იმ 10 ათასზე მეტი ფაილიდან, რომელიც „Facebook Papers”-ის სახელით გახდა ცნობილი. ისინი მედიას ფეისბუკის ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა მიაწოდა.

სკანდალამდე 4 თვით ადრე, მარკ ზაკერბერგმა თანამშრომლებთან იმ რევოლუციურ ცვლილებებზე ილაპარაკა, რის მიღწევაც კომპანიას უახლოეს წლებში უნდა.

„წარმოიდგინეთ ინტერნეტი, სადაც კონტენტს კი აღარ ნახავთ, არამედ თავად იქნებით მისი ნაწილი”, - განაცხადა მაშინ მან.

მისივე თქმით, კომპანია აღარ აპირებს, შემოიფარგლოს სოციალურ აპლიკაციებზე მუშაობით. ფეისბუკი „მეტავერსად” გარდაიქმნება - სამგანზომილებიან ციფრულ სივრცედ, სადაც ათასობით სერვისი და სხვა შესაძლებლობა იქნება გაერთიანებული.

რა არის მეტავერსი?

ვიდეოზარით კაი ხანია ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ აბა, ეს წარმოიდგინეთ - ადამიანისგან ასობით კილომეტრი გაშორებთ, თქვენ კი, მანძილის მიუხედავად, ერთად ცეკვავთ… მატრიცა ხომ გინახავთ? მეტავერსი დაახლოებით იგივეა. მუშაობა, სწავლა, გართობა, ყიდვა-გაყიდვა - იმ ყველაფერს, რასაც ახლა ტელეფონების ან კომპიუტერის ეკრანებზე აკეთებთ, მომავალში სამგანზომილებიან ინტერაქტიულ სივრცეში გააკეთებთ.

პირველმა ეს სიტყვა ამერიკელმა მწერალმა ნილ სტეფენსონმა გამოიყენა, 1992 წლის ფანტასტიკურ რომანში “Snow Crash”. იქ მეტავერსი უზარმაზარი ვირტუალური რეალობაა (VR). ადამიანები მას ტერმინალებით უერთდებიან და ციფრულ სამყაროს სპეციალურ სათვალეებში ხედავენ.

ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, „ვირექსის” ერთ-ერთი შემქმნელი, ნიკოლოზ გოგოჭური ამბობს, რომ „მეტავერსის” ბევრი ელემენტი კარგა ხანია რეალობად იქცა - „დღეს, ვირტუალური რეალობის გარეშეც ტარდება ონლაინ ივენთები, სადაც შეგიძლია სტენდები განათავსო, ადამიანები გაიცნო და ასე შემდეგ”.

„ვირექსი” უკვე რამდენიმე წელია, ვირტუალურ ტურიზმს ავითარებს. სანამ ტურისტი რომელიმე ადგილს „ლაივში” ნახავს, იქ მოძრაობა ჯერ „ციფრულადაც” შეუძლია. ამისთვის ადგილს სპეციალური „360-გრადუსიანი” კამერებით იღებენ.

„თამაშივით გამოცდილებას ვქმნით. ადამიანი სათვალეს რომ გაიკეთებს, თავად წყვეტს, სად იმოგზაურებს VR-ში”, - ამბობს იგი.

ვირტუალური რეალობის სათვალეები დიდი ხანია არსებობს. ისევე, როგორც პატარა, დამოუკიდებელი მეტავერსები კომპიუტერულ თამაშებში (Roblox, Minecraft, Fortnite), რომელსაც მილიონობით ადამიანი თამაშობს. პანდემიამ თამაშები კიდევ უფრო პოპულარული გახადა. 2020 წლის აპრილში, Fortnite-მა ცნობილი ამერიკელი რეპერის, ტრევის სკოტის ვირტუალური კონცერტი მოაწყო. ციფრულ ღონისძიებას 12 მილიონი მოთამაშე დაესწრო.

განსხვავება ისაა, რომ დღეს ვირტუალური რეალობის მხარდამჭერი ყველა თამაში და სერვისი ერთმანეთისგან განცალკევებულად არსებობს. მეტავერსში ისინი ერთ სამყაროში იარსებებენ.

ნებისმიერ რამეს, რასაც ადამიანები ციფრულ თუ რეალურ სამყაროში აკეთებენ, ისინი მეტავერსშიც გააკეთებენ.

თუმცა ზუსტად როგორი იქნება ზაკერბერგის „მეტავერსი”, ჯერ არ ვიცით. სხვადასხვა გათვლით, იდეის ხორცშესხმას 10-15 წელი დასჭირდება.

როგორ მიდიოდა ფეისბუკი მეტავერსამდე?

  • 2014 წლის მარტში ფეისბუკმა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა კომპანია Oculus-ი, რომელიც ვირტუალური რეალობის სათვალეებს ქმნიდა.
  • 2016 წლის ოქტომბერში მარკ ზაკერბერგმა ფეისბუკის ვირტუალური რეალობის პროტოტიპი წარადგინა.
  • 2018 წლის მაისში კორპორაციის სათვალე Oculus Go გაყიდვაში შემოვიდა.
  • 2019 წლიდან ოკულუსი და ფეისბუკი მუშაობენ ვირტუალურ რეალობაზე დაფუძნებულ ონლაინთამაშზე - Horizon.
  • 2021 წლის აგვისტოში ამ თამაშის ბაზაზე შექმნეს პროექტი Horizon Workrooms. ჩანაფიქრის თანახმად, მან ZOOM-ი და სამუშაო შეხვედრებისთვის განკუთვნის სხვა პროგრამები უნდა ჩაანაცვლოს.
  • 2021 წლის 18 ოქტომბერს BBC-მ დაწერა, რომ ფეისბუკი „მეტავერსზე” ევროპელ ინჟინრებთან ერთად იმუშავებს და პროექტის შესაქმნელად, 10 000 ადამიანს დაიქირავებს.

ამერიკული გამოცემა The Verge-ის ინფორმაციით, ფეისბუკი სახელის შეცვლასაც გეგმავს, რასაც მარკ ზაკერბერგი ოფიციალურად 28 ოქტომბერს იტყვის.

რევოლუცია ბრალდებების ფონზე

სამეცნიერო ფანტასტიკაში ვირტუალურ რეალობაში შესვლით ადამიანები თავს აღწევენ კონტროლს. ან პირიქით - ვირტუალური რეალობა მათზე ტოტალური კონტროლის დასამყარებელი ინსტრუმენტია.

ფეისბუკში აცხადებენ, რომ მეტავერსი იქნება ეთიკური და უსაფრთხო. ცოტა ხნის წინ სოციალურმა ქსელმა 50 მილიონი დოლარით დააფინანსა ორგანიზაციები, რომლებმაც მეტავერსის ეთიკურ მხარეზე უნდა იმუშაონ.

კორპორაციის ბლოგის თანახმად, ეს არაკომერციული ჯგუფები იზრუნებენ იმაზე, რომ ვირტუალურ რეალობაში დაცული იყოს თანასწორობის პრინციპი და მომხმარებლების პირადი მონაცემები.

მისცემს თუ არა ვირტუალური რეალობა ტექნოგიგანტებს ჩვენ შესახებ მეტ ინფორმაციას? მაგალითად, ჩვენი სხეულის ენის, ან ემოციური რეაქციების წაკითხვის საშუალებას? ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით, თუმცა ფეისბუკი უკვე ამბობს, რომ არ გამოიყენებს იმას, რასაც ადამიანები მეტავერსში ილაპარაკებენ ან დაწერენ, რეკლამების უკეთ „დასამიზნებლად”.

ნიკოლოზ გოგოჭური სხვა რისკებსაც ხედავს.

„რისკია, რომ რაც უფრო ვირტუალური გახდება ცხოვრება, მით უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, არ ვმოძრაობთ იმდენს, რამდენსაც ვმოძრაობდით”, - ამბობს იგი.

კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მეტავერსი მარკ ზაკერბერგის ძალაუფლებას კიდევ უფრო გაზრდის, მედიის კოლექტიური ბრალდებები კი ფეისბუკის ვირტუალურ რევოლუციას კიდევ უფრო დააჩქარებს.

კრიტიკის ახალი ტალღა 5 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფრენსის ჰაუგენმა განაცხადა - ფეისბუკში იციან, როგორ აზიანებს მოზარდების ფსიქიკას სოციალურ ქსელებზე და განსაკუთრებით Instagram-ზე დამოკიდებულებაო. ჰაუგენის თანახმად, კომპანიამ იცის ზიანის მასშტაბი, მაგრამ მის შემცირებაზე არ მუშაობს. პირიქით, იმას ცდილობს, რომ მოზარდები უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ სოციალურ ქსელებზე. ფეისბუკი შემოსავლის მიღებას მომხმარებლების უსაფრთხოებაზე მაღლა აყენებს, - აცხადებდა იგი.

ბრალდებებს მარკ ზაკერბერგი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და მისთვის უჩვეულო, გრძელი პოსტი დაწერა.

მისი თქმით, მიესალმება კრიტიკას, რადგანაც ის ფეისბუკს სერვისების გაუმჯობესებაში ეხმარება. ამასთან, იგი აღნიშნავს - კომპანიას ხშირად უწევს დაიჭიროს ბალანსი გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და მავნე კონტენტის წაშლას შორის. ასევე ხშირად მარტივი გადასაწყვეტი არაა, ღირს თუ არა ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გაზიარება. მაგრამ „ჩემი აზრით, რასაც ახლა ვხედავთ, კოორდინირებული მცდელობაა იმის, რომ არჩევითად გამოიყენონ გაჟონილი საბუთები და დამახინჯებული სახით წარმოაჩინონ ჩვენი კომპანია”, - დაწერა მან.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG