Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს მხოლოდ "აისბერგის წვერია" - როგორ ანგრევს COVID-19-ის პანდემია ბავშვების ფსიქიკას


„მირჩევნია, კოვიდი დამემართოს, ვიდრე ასე ვიჯდე“, - დაიყვირა 17 წლის ლიზამ თითქმის 18-თვიანი იზოლაციის შემდეგ, როცა ისევ გამოაცხადეს, რომ სწავლა ონლაინ დაიწყებოდა და მთელი პანდემიის განმავლობაში პირველად იტირა. როცა დედამ ჰკითხა, რატომ ტირიო, ლიზამ უპასუხა, იმიტომ, რომ უადამიანობა და ეკრანიდან მეგობრობა აღარ შემიძლია, ვეღარ ვუმკლავდებიო.

ლიზასგან განსხვავებით, უამრავი ბავშვი ამას ხმამაღლაც არ ამბობს. მათი მენტალური ჯანმრთელობა რომ უარესდება, ეს მათი ქცევის შეცვლითაც ცხადი ხდება - ისინი აღარ ლაპარაკობენ, ხშირად შფოთავენ, ვეღარ სძინავთ, ხშირად ეტირებათ, ვეღარ სწავლობენ და უყურებენ ყველაფერს, რაზეც კი ხელი მიუწვდებათ.

ამ დროს - მათი მშობლები ძირითადად მუშაობენ, რომ შემოსავალი არ დაკარგონ, ხოლო სახელმწიფოს, პანდემიაში გაჩხერილი ბავშვებისთვის არ სცალია.

ოქტომბერში, გაეროს ბავშვთა ფონდმა, ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე კოვიდ 19-ის ზეგავლენის ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

„იუნისეფი“ წერს, რომ ეს გავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ „აისბერგის წვერია“ და რომ მსოფლიოში ახალგაზრდების მენტალური აშლილობით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი წელიწადში დაახლოებით 390 მილიარდი აშშ დოლარია.

„მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021: ჩემს გონებაში: ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, ზრუნვა და ხელშეწყობა“ - ამ სათაურის მქონე ანგარიშში ვკითხულობთ პროგნოზსაც, რომ COVID-19-მა, შეიძლება, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქონიოს ზეგავლენა ბავშვებისა და ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ერთ-ერთი ფოკუსჯგუფის ჩატარების დროს, კონგოს რესპუბლიკაში, ერთმა მოზარდმა ბიჭმა თქვა:

„როცა მათზე ვფიქრობ, ვინც ამ დაავადების გამო გარდაიცვალა, ეს ძალიან მასევდიანებს. როცა მესმის, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, მაშინვე ვისტრესები“.

ხოლო ეგვიპტეში იმავე ასაკის გოგონამ თქვა:

„ეს გვაიძულებს გვეშინოდეს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის, მეგობრის გამო. მარტო ჩემ გამო კი არ მეშინია, მათ გამოც, ვინც გარს მახვევია“.

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 10-19 წლის ასაკის ყოველი 7 მოზარდიდან ერთზე მეტს აქვს მენტალური აშლილობის დიაგნოზი.

ყოველწლიურად თითქმის 46 000 მოზარდი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილის ხუთ წამყვან მიზეზს შორისაა. 1 ადამიანი - ყოველ 11 წუთში.

და ეს მაშინ, როცა მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მენტალური ჯანმრთელობის დაფინანსებას შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი არსებობს.

ამ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამთავრობო ბიუჯეტების დაახლოებით 2 პროცენტი არის გამოყოფილი მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებისათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორემ თქვა, რომ ძალიან ბევრ ბავშვს მსოფლიოში პანდემიის დაწყებამდეც ჰქონდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც უგულებელყოფილი იყო. და ეს იმიტომ, რომ მთავრობების მიერ გაწეული ინვესტიციები „ზედმეტად მცირეა“, ხოლო მენტალურ ჯანმრთელობასა და სამომავლო ცხოვრებისეულ მიღწევებს შორის ურთიერთკავშირს საკმარის მნიშვნელობას ეს მთავრობები არ ანიჭებენ.

ჰენრიეტა ფორეს შეფასებით, უშედეგოდ არ ჩაუვლია „ლოკდაუნების“ და პანდემიით გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვებს: ბავშვებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ოჯახისგან, მეგობრებისგან, საკლასო ოთახებისგან, თამაშისგან შორს გაატარეს.

აი, რა აჩვენა გაეროს ბავშვთა ფონდის და გელაპის ინსტიტუტის მიერ მსოფლიოს 21 ქვეყანაში ბავშვებისა და ზრდასრულების საერთაშორისო კვლევის საწყისმა მიგნებებმა (სრული გამოკვლევა ნოემბერში გამოქვეყნდება):

  • 15-24 წლის ასაკის გამოკითხული ყოველი 5 ახალგაზრდიდან ერთი აღნიშნავდა, რომ ხშირად განიცდის დეპრესიას ან არ აქვს რამის კეთების ხალისი.
  • ყოველი 7 ბავშვიდან, სულ მცირე, ერთ ბავშვზე მაინც „ლოკდაუნებმა“ პირდაპირი ზეგავლენა იქონია, ხოლო 1.6 მილიარდზე მეტმა განიცადა გარკვეული სახის საგანმანათლებლო დანაკარგი.

ყოველდღიურმა რუტინამ, განათლების, რეკრეაციული აქტივობების რღვევამ, ოჯახის შემოსავალსა და ჯანმრთელობაზე ნერვიულობამ გააჩინა მომავლის შიში, სიბრაზის და მღელვარების შეგრძნება.

ეს ყველაფერი საზოგადოებას იაფი არ დაუჯდება.

ამ ანგარიშში მოხსენიებული ლონდონის ეკონომიკის სკოლის ახალი ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდების მენტალური აშლილობებით ან სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგი მსოფლიო ეკონომიკაში წელიწადში 390 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

რამ უნდა დაიცვას ბავშვები?

გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოსიყვარულე აღმზრდელები, უსაფრთხო გარემო სკოლაში და თანატოლებთან დადებითი ურთიერთობები კი უწყობს ხელს მენტალური აშლილობის რისკის შემცირებას, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები, მათ შორის სტიგმა და დაფინანსების ნაკლებობა, რაც აფერხებს ბევრ ბავშვს დადებითი მენტალური ჯანმრთელობის ქონასა და მათთვის საჭირო მხარდაჭერის მიღებაში.

ამიტომ „მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2021“ მთავრობებს და საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ურჩევს და მოუწოდებს, იმოქმედონ ყველა ბავშვის, მოზარდისა და აღმზრდელის მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის, დაიცვან ისინი, ვისაც დახმარება ესაჭიროება:

„მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკური ჯანმრთელობის ნაწილია. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, გავაგრძელოთ მისი სხვა ჭრილში აღქმა“, - ამბობს ფორე.

რამდენიმე საყურადღებო მონაცემი „იუნისეფის“ ანგარიშიდან:

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 10-19 წლამდე ასაკის მოზარდების 13%-ს აქვს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი.
  • ასეთი ფსიქიკური აშლილობით ცხოვრობს დღეს 10-19 წლის ასაკის 89 მილიონი მოზარდი ბიჭი და ამავე ასაკის 77 მილიონი მოზარდი გოგო.
  • ამ მხრივ ყველაზე გავრცელებული ეს დიაგნოზი არის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპის რეგიონებში.
  • უკვე დიაგნოზირებული ფსიქიკური დარღვევებიდან დაახლოებით 40 პროცენტი შფოთვა და დეპრესიაა. დანარჩენი კი ყურადღების, დარღვევა, ქცევის დარღვევა, ბიპოლარული აშლილობა, კვებითი დარღვევები, აუტიზმი, შიზოფრენია და ა.შ.
  • სიღარიბესა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირი დიდია - სიღარიბემ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა და პირიქით, ამ დიაგნოზმა შეიძლება გამოიწვიოს სიღარიბე. მსოფლიოში გლობალურად, 5 წელზე უმცროსი ბავშვების თითქმის 20 პროცენტი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში.
  • ამ კვლევით ასევე გამოჩნდა, რომ ახალგაზრდების 83 პროცენტი (15-დან 24 წლამდე) თანხმდება აზრზე, რომ სჯობდა ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავება სხვებთან გაზიარებით, დახმარებითა და მხარდაჭერის ძიებით, ვიდრე მარტო გამკლავება. და მხოლოდ 15 პროცენტი იყო ისეთი, ვინც თქვა, რომ ეს პერსონალური პრობლემაა, რომელსაც ყველა თავისით უნდა გაუმკლავდეს.

"დროებითი გაყუჩების სინდრომი" - რა ხდება საქართველოში?

რა ხდება ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის თითზე ჩამოსათვლელი სერვისები არსებობს? ასეთი ქვეყანა არის საქართველოც. არაერთი ფსიქოლოგი თუ ფსიქოთერაპევტი შენიშნავს, რომ ბავშვები მარტონი დარჩნენ და კოვიდპანდემიით გამოწვეულ სტრესს, დღემდე, საკუთარი ძალებით უმკლავდებიან - ვისაც როგორ შეუძლია.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

ამ პროცესში სახელმწიფო ჩართული არ არის.

საქართველოში ამ პრობლემის გადასაჭრელად და მერე დასაძლევად, ჯერ მისი აღიარებაა საჭირო, რაც ჯერ არ გაგვიკეთებია. ერთადერთი, რაც პანდემიის პერიოდში მოვახერხეთ, ამბობს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი, ანა არგანაშვილი, ბავშვებს დროებითი „ტკივილგამაყუჩებლები“ მივეცით.

„ჩვენ ვითხოვდით სახელმწიფოსგან „დროებით გამაყუჩებელზე“ მეტს ამ ბავშვებისთვის - გარემოს, რომელიც არ გააუარესებდა კოვიდპანდემიით ისედაც დაზარალებულ მათ ჯანმრთელობას, მაგრამ ამაზე სახელმწიფომ გვითხრა უარი“, - გვეუბნება ანა არგანაშვილი.

საქმე ამჯერად წააგეს.

მათ სასამართლოს უთხრეს, რომ ქვეყანაში არ მუშაობს არცერთი პროგრამა, რომელიც პანდემიის პერიოდში ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნებდა.

ისინი მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფოს შეეთავაზებინა კონკრეტული პროგრამები, მოემზადებინა სამოქმედო გეგმა - ერთი სიტყვით, პრობლემის არსებობა მაინც ეღიარებინა, მაგრამ სასამართლომ მხრები აიჩეჩა და თქვა, ეს პრობლემის გადაჭრასთან რა კავშირშიაო?

„სასამართლომ უბრალოდ არ მოგვისმინა, ეს პრობლემა ვერ დაინახა, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ გაუარესებულია მდგომარეობა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ბავშვებში სუიციდის პრევენციის საშუალება. გვითხრეს, რომ ეს ზოგადი ლაპარაკი იყო. ამჯერად, ჩვენ ვერც კი შევაღწიეთ სისტემაში, რომ ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე გვემსჯელა მაინც“, - ამბობს ანა.

მისი შეფასებით, საქართველოში, ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის კუთხით, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესად იყოს საქმე, ვიდრე ამას „იუნისეფის“ კვლევაში ვკითხულობთ სხვა ქვეყნების მაგალითზე, რადგან თუ იქ ეს საკითხი იდენტიფიცირებული მაინც არის, საქართველოში ეს პრობლემადაც კი არ არის აღიარებული.

„თუ პანდემიამდე ჩვენი საზოგადოება ისე იყო მოწყობილი, რომ ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვამხნევებდით, მშობლები, მეგობრები, თანატოლები, კოვიდმა ეს რესურსიც წაგვართვა. ის არაფორმალური მხარდაჭერაც დავკარგეთ, რასაც ერთმანეთს ვუწევდით. და ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგებს - ბავშვები ვერ სწავლობენ, წიგნიერების დონე დაცემულია და არასოდეს ჩნდება კითხვა, ხომ არ შეიძლება იყოს ამის მიზეზი მენტალური ჯანდაცვის პროგრამების უქონლობა?“

ბავშვებში დეპრესიულმა სიმპტომებმა რომ მოიმატა, ამას ყოველდღიურად ხედავს და აკვირდება ორგანიზაცია „თბილისი კის“-ის ფსიქოთერაპევტი ნათია კუჭუხიძე.

ის გვიამბობს, რომ მოზარდებს, რომელთანაც ის მუშაობს, აქვთ ნაკლები ენერგია, ნაკლები მოტივაცია, სწავლის მიმართ დაკლებულია ინტერესი, დარღვეული აქვთ ძილ-ღვიძილის ციკლი. რაც უფრო მგრძნობიარე იყო ბავშვი პანდემიამდე, დღეს მას უფრო რთულად უწევს სირთულეებთან გამკლავება.

და პირიქით, ვისაც პანდემიამდე არასოდეს მენტალური პრობლემა არ ჰქონია, დღეს მათ უმრავლესობას აწუხებს შფოთი. რაც უფრო დიდხანს გრძელდება იზოლაცია და საპირისპიროდ ვერაფერს ვახვედრებთ, მით უფრო იზრდება პრობლემის მასშტაბიც.

„ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა თანატოლებთან - ეს არის მისთვის გადამწყვეტი და როცა ეს არ გვაქვს, პრობლემებიც იმატებს. ხშირად გვხვდება ქცევითი პრობლემებიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვის ოჯახში ძალადობრივი გარემოა, რასაც ეს იზოლაცია და ჩაკეტილობა კიდევ უფრო ამძაფრებს და პირველი, ვინც ამ დროს ზარალდება, არის სწორედ ბავშვი“, - გვეუბნება ნათია.

ნათია კუჭუხიძე
ნათია კუჭუხიძე

ნათიაც შენიშნავს, რომ სახელმწიფოს სოციალური სერვისების არსებობის გარეშე, ამ პრობლემებს მარტო მშობლები ვერ გადაწყვეტენ. მაგრამ დღეს ასეთ სერვისებზე მისაწვდომობა არ არსებობს.

„ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა ხდება დღეს იმ ბავშვების თავს, რომელთა ოჯახებსაც პანდემიამდე ჰქონდათ პრობლემები“.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები რომ კიდევ მოიმატებს, ამას არც ფსიქოთერაპევტი გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ორი რამის მიღწევა მაინც შესაძლებელია, თუ სახელმწიფო და განსაკუთრებით, მისი განათლების სისტემა ამას მოინდომებს - ბავშვმა თავი უნდა იგრძნოს უსაფრთხოდ და მას უნდა ჰქონდეს თანატოლებთან ურთიერთობა, ისე, როგორც ამის მიღწევა, სწორი პოლიტიკით შეძლეს ევროპის ქვეყნების სკოლებში.

„მშობლებიც აუცილებლად უნდა ეცადონ, განსაკუთრებით პატარების შემთხვევაში, რომ გამოყონ დრო, როცა ბავშვებს გარეთ გაიყვანენ, სადაც ისინი ითამაშებენ. მაგრამ მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა არა აქვს, ვინც ბავშვებს შინ მარტო ვერ ტოვებს, აუცილებელია, რომ სოციალური სერვისები ამოქმედდეს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ადგილები, სადაც ბავშვებს მიიყვანენ, თუნდაც რამდენიმე საათი და იქ მათ ექნებოდათ თამაშის და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა“.

ნათია კუჭუხიძე ასევე გვეუბნება, რომ თბილისში ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. გაცილებით დიდია პრობლემები დანარჩენ საქართველოში, რეგიონებში, სადაც ბავშვების ამ ზრუნვის რესურსი, ფაქტობრივად, არ არსებობს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG