Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეიძლება მოხდეს, თუკი „ტვინდემიის” ტალღა დაიწყება?


„ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ინფიცირებულთა რიცხვი იმატებს, თან უკვე ცივი სეზონია, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, გამოჩნდება გრიპი და მოსალოდნელია ამ ორი ინფექციის “ტვინდემია”, დაწყვილება, რაც ძალიან საყურადღებოა. თუ არ ავიცერით და აცრილების კრიტიკული მასა არ დაგროვდა, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის აცრილებისა და კოვიდგადატანილების იმუნური ფენა 55-%-მდეა, დელტა შტამის პირობებში კი საჭიროა, ეს კიდევ მაჩვენებელი 80%-მდე ავიდეს.

რა არის "ტვინდემია"?

Twindemic - სიტყვასიტყვით თუ გადავთარგმნით, ტყუპი პანდემიაა. იგულისხმება ზამთრის პერიოდში გრიპის ვირუსისა და COVID-19-ის პარალელური ცირკულაცია.

რა შეიძლება მოხდეს ტვინდემიის შემთხვევაში?

„თუ გაციების კვალდაკვალ ჩვენ დავაფიქსირებთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატებას და, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გრიპია ყველაზე საშიში, მაშინ ჩვენ ძალიან მძიმე ზამთარი გველის, ძალიან მძიმე შემოდგომა გველის. რისკი იმის, რომ ადამიანი დაინფიცირდეს ერთდროულად კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება და ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა, სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც“, - თქვა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი რადიო თავისუფლებასთან კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, ეს გაზრდილი ჰოსპიტალიზაციაა.

ინფექციონისტი - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი - მაია ბუწაშვილი

„ქვეყნის დონეზე გრიპთან ასოცირებული ჰოსპიტალიზაციაც სერიოზული პრობლემაა ხოლმე ყოველწლიურად, როგორც წესი, ორჯერ - სამჯერ ზრდის სამედიცინო სექტორზე დაწოლას, პანდემიის პირობებში რთული სიტუაცია შეიქმნება”.

შარშან ხომ არ იყო გრიპი გავრცელებული, წელს რატომ არის უფრო მეტი რისკი?

აშშ-ში, სადაც ყოველწლიურად გრიპის ვირუსით 60 ათასამდე ადამიანი იღუპება და მათგან 200-მდე ბავშვია, შარშან მხოლოდ 1 ბავშვი გარდაიცვალა.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ შარშანდელი გამონაკლისი შემთხვევა იყო, რაც მაღალი ალბათობით მკაცრი რეგულაციებისა და მსოფლიოში დაწესებული ლოკდაუნების შედეგია.

ახლა, როცა მსოფლიოში შემსუბუქდა რეგულაციები, ბავშვები სკოლებს უბრუნდებიან, უფროსები სამსახურებს, პროგნოზიც განსხვავებულია. დღეს უფრო მაღალია ალბათობა სეზონური ვირუსების, მათ შორის, გრიპისა და კორონავირუსის ერთდროული ცირკულაციისა.

როგორ შეიძლება ავიცილოთ "ტვინდემია"?

გრიპის სეზონი, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ-იანვარში აღწევს, მისგან თავდაცვის რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც COVID-19-ის შემთხვევაში - პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, დისტანცია, პლუს გრიპის აცრა.

როგორია ვაქცინების მარაგი?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანამ 200 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა, 43 000 უკვე საქართველოშია და 160 000 დოზა კი 25 ოქტომბერს შემოვა.

პრეპარატები თავდაპირველად სამ პრიორიტეტულ ჯგუფს მოხმარდება - სამედიცინო პერსონალს, ორსულებს და დიალიზზე მყოფი პაციენტებს. შემდეგ სახელმწიფოს შესყიდული უფასო ვაქცინები გავრცელდება ბავშვებზე, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებზე და ა.შ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი კი ასეთია:

შეიძლება გრიპის აცრის და COVID-19-ის ერთად გაკეთება?

CDC-ის ბოლო რეკომენდაციით, ერთსა და იმავე ვიზიტზე მისვლისას შესაძლებელია ორივე აცრის ერთდროული გაკეთება, მხოლოდ 2 სხვადასხვა ანატომიურ ლოკალიზაციაზე - მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა ხელზე.

„შარშანდელი რეკომენდაციით ვამბობდით, რომ აცრიდან 2 კვირის შუალედის დაცვა იყო საჭირო, მათგან მაგ პერიოდში კოვიდვაქცინა ახალი იყო, ბევრი რამ იყო დასაზუსტებელი და თავის დაზღვევის მიზნით იყო აღებული ეს პერიოდი, მაგრამ, როგორც გაირკვა, ხელს არ უშლის აცრას და პრობლემა არ არის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG